ჭეშმარიტებისათვის. ანსელმ კენტერბერიელი

NPG D23949; St Anselm after Unknown artist

ანსელმ კენტერბერიელი /1033-1109/, რომელსაც ლ. ფოიერბახი „ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიან მოაზროვნედ“ მიიჩნევდა, სქოლასტიკის განვითარების  პირველი პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, მას სქოლასტიკის „მეორე მამას“ უწოდებენ, პირველად ითვლება „სქოლასტიკური ფილოსოფიის კარლოს დიდი“-იოანე სკოტ ერიუგენა. ანსელმის სახელთანაა დაკავშირებული იმ დებულებათა ლოგიკური დასაბუთების ცდა, რომელთაც ტერტულიანე ლოგიკური აზროვნების თვალსაზრისით აბსურდად მიიჩნევდა (მწამს, იმიტომ რომ აბსურდია) და აქედან ცოდნის ღირებულებას უარყოფდა. ანსელმი გამორიცხავს ამგვარ დაპირისპირებას, თუმცა, ცოდნისათვის მიუწვდომელის არსებობა უდავოდ მიაჩნია.  იგი გონებას ავალებს რელიგიური დოგმები დაასაბუთოს /ღმერთის არსებობის, სამების, ქრისტეს განკაცების შესახებ/. ანსელმის მიერ წამოყენებული ღმერთის არსებობის ე.წ. ონტოლოგიური დასაბუთება იდეალიზმისა და რელიგიისათვის ისეთ არსებით მომენტს შეიცავს, რომ მას მუდამ ჰყავდა და დღესაც ჰყავს მომხრეები, თუმცა ანსელმისეული დასაბუთება არა ერთხელ იქნა გაკრიტიკებული თვით იდეალისტების მიერ (გაუნილო, თომას აქვინელი, ლაიბნიცი, კანტი).

ანსელმი დაიბადა პიემონტის ქალაქ აოსტაში, წარმოშობით ლომბარდიელი აზნაურის ოჯახში.დედის გავლენით ადრევე გაუჩნდა მიდრეკილება სამონასტრო ცხოვრებისადმი. 1060 წელს ანსელმი ნორმანდიაში თავის თანამემამულე ლანფრანკს დაემოწაფება. მან მალე შექმნა რწმენისა და გონების თანხმობის საფუძველზე ფილოსოფიური კვლევა-ძიების ატმოსფერო. ლანფრანკის კენტერბერიის ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ ის მონასტრის აბატის ადგილს იკავებს. თავის „მონოლოგიონში“ , ანსელმი აცხადებს, რომ დაეთანხმა ბერების „არაერთგზის და დაჟინებით თხოვნას“ : თეოლოგიის პრობლემები მხოლოდ გონების არგუმენტებით, საღმრთო წერილის დამოწმების გარეშე დაესაბუთებინა. ამავე მეთოდითაა დაწერილი ანსელმის „პროსლოგიონი“, რომლის ქვესათაურია „რწმენა, რომელიც გაგებას ეძებს“ და ნაშრომი „რატომ გახდა ღმერთი ადამიანი?“. 

ანსელმი ისე იყო დარწმუნებული თავისი მეთოდის სისწორეში, რომ მას არ გადაუხვია თავისი ყოფილი მასწავლებლის ლანფრანკის მითითების შემდეგაც: ლანფრანკმა მიუთითა იმ ადგილებზე, რომელთა გადაჭრაზე გონება უარს გვეუბნება და საღმრთო წერილს უნდა მივმართოთ. ანსელმი არ დაეთანხმა მასწავლებელს იმ საბუთით, რომ მის ნაშრომში არასად არაფერია ნათქვამი საღმრთო წერილის საწინააღმდეგო.

ანსელმს ალბათ აზრადაც არ ჰქონია საღმრთო წერილის უარყოფა, პირიქით, გონების არგუმენტებით სურდათ მისი გავლენის გაძლიერება, მაგრამ ეს უკვე გონების როლისა და ღირებულებების გარკვეული აღიარება იყო და ობიექტურად ნიადაგს ამზადებდა ორმაგი ჭეშმარიტების თეორიისთვის.

ანსელმისადმი კათოლიკური ეკლესიის მესვეურთა შემწყნარებლური დამოკიდებულება განპირობებული იყო ამ ეკლესიისადმი მისი სანიმუშო ერთგულებით პრაქტიკულ მოღვაწეობაში. ლანფრანკის სიკვდილის შემდეგ, კენტერბერიის ეპისკოპოსად დანიშნული ანსელმი თავგამოდებით იბრძვის ინგლისში პაპის უფლებების განმტკიცებისთვის, რისთვისაც უპირისპირდება მეფეებს უილიამ მეორესა და ჰენრი პირველს. ანსელმი ორჯერ გააძევეს ინგლისიდან. იგი კარგა ხანს ცხოვრობდა რომში, ლიონში, და სხვა ქალაქებში.ბოლოს, პაპის დახმარებით მოახერხებს თავის საეპისკოპოსოში დაბრუნებას. უკანასკნელი ნაშრომი- „სულის წარმოშობისათვის“ დაუმთავრებელი რჩება.

გამომცემლები ასე აფასებენ მის მოღვაწეობას: „აგრეთვე ავგუსტინესთან, დასავლეთის თეოლოგიის ამ მწვერვალთან, საღმრთო წერილის და გონების დასაბუთებანი ერთმანეთის გვერდით არსებობენ, ანსელმმა პირველმა განიზრახა საღმრთო წერილისა და გონების დასაბუთებანი რადიკალურად გაეთიშა და თავისი თეოლოგია მხოლოდ გონებით დასაბუტებაზე აეგო. ეს გაბედული წამოწყება იყო, რომლის განხორციელბასაც დიდი შედეგი მოჰყვა.“

ანსელმი დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ გონებით დოგმების დახასიათება ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტების კიდევ ერთი, დამატებითი დასაბუთება, მისი დამაჯერებლობის გაძლიერებაა, თუმცა დასაბუთების გზით მიღებულ ჭეშმარიტებათა კრიტერიუმი რემწნასთან მის თანხმობაშია. „რწმენა წინ უსწრებს გონებას, იგი შესაძლებელს ხდის შემეცნებას. „მწამს , რათა შევიმეცნო. მაგრამ თუ დოგმატებს რაიმე თვალსაზრისით მეტი დადასტურება სჭირდებათ, თუ ვინმესთვის (თუნდაც, ურწმუნოსთვის) დასაბუთებით მათ მეტი დამაჯერებლობა აქვთ, მაშინ, ცხადია, გონების გარკვეული დამოკიდებულება ღირებულებაა აღიარებული , და ძალაუნებურად დაშვებულია ანსელმის მიერ შეგნებულად უარყოფილი პრინციპიც- „შევიმეცნებ, რათა ვიწამო“. ამასვე მატკიცებს ანსელმის დებულება იმის შესახებ, რომ , მართალია, რასაც ვერ შევიმეცნებთ, ის მაინც უნდა ვიწამოთ, მაგრამ, საერთოდ, რწმენის ობიექტის გაგებას, შემეცნებას, მორწმუნეთათვის სიხარული მოაქვს.

რამდენადაც ანსელმს თავისი რაციონალიზმი შეუმეცნებადი ღმერთის და მისი გამოცხადების შინაარსის გასამართლებლად აქვს გამიზნული, მის პოზიციას მეთოდოლოგიური რაციონალიზმი შეიძლება ეწოდოს. ამგვარი პოზიციის გასამართლებლად ანსელმის შრომებიდან და წერილებიდან ორი არგუმენტი შეიძლება იქნეს გამოყოფილი: 1. წინდაუხედაობა, როცა რაიმე მტკიცედ გვწამს და არ ვცდილობთ მის გაგებას გონების საშუალებით. რაც გვწამს, მის გაგებას გონების საშუალებით სიხარული მოაქვს ადამიანისათვის; 2. მორწმუნე რწმენიდან მიდის ცოდნისაკენ, მაგრამ არსებობენ ურწმუნოებიც, რომლებზეც ქრისტიანულ დოგმებს ძალა არა აქვთ, მაგრამ ლოგიკას ემორჩილებიან. ურწმუნო ლოგიკური არგუმენტებით უნდა ვაიძულოთ, მიიღოს საღმრთო წერილი, ე.ი. ურწმუნო განსხვავებით მორწმუნისაგან, ცოდნიდან მიდის რწმენისაკენ.

თუ როგორ ესმოდა ანსელმს ეს იძულება, ყველაზე კარგად ჩანს მის მიერ ჩამოყალიბებულ დასაბუთებაში , რომელსაც ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთება ეწოდა, იგი მოცემულია ნაშრომში – „პროსლოგიონი, ანუუ რწმენა, რომელიც გაგებას ეძებს“. ყველა ადამიანს შეუძლია მოიაზროს უმაღლესი არსების, ანუ ღმერთის ცნება. თუ ვიტყვით, რომ ეს უმაღლესი არსება მხოლოდ ჩვენი ცნებაა, ე.ი. მხოლოდ ჩვენს გონებაშია და მის გარეთ არაფერი შეესაბამება, ლოგიკურ წინააღმდეგობაში ჩავვარდებით, რადგან მაშინ ეს ცნება არ იქნება უმაღლესი არსის ცნება, მასზე მაღალი იქნება იმ არსების ცნება, რომელიც ჩვენი აზროვნების გარეთ არსებობს. ამრიგად, უმაღლესი არსების ცნებაში თუ არ შედის ამ არსების იმ არსების აზროვნებისაგან დამოუკიდბელი არსებობაც, მაშინ ის არაა უმაღლესი არსების გამომხატველი, ამრიგად, ღმერთის არსებობის უარყოფა წინააღმდეგობრივია. ეს დასაბუთება ემყარება იმის დაშვებას, რომ საგნის ცნებაში მოიაზრება ამ საგნის არსებობა. იგივე აზრი კანტმა დამაჯერებელი არგუმენტით დააფუძნა.

ანსელმის მეთოდოლოგიურ რაციონალიზმში ადამიანური გონებისათვის გარკვეული დამოუკიდებლობის მინიჭება რომ ქრისტიანული რწმენისათვის არასასურველ ვიტარებას შექმნიდა, ამას ყოველთვის გრძნობდნენ თეოლოგიის უფრო ზომიერი დამცველები. არა მარტო თომა აქვინელი, არამედ, დუნს სკოტიც თვლიდა, რომ ზებუნებრივი სინათლის დახმარების გარეშე ადამიანი საკუთარი გონების ძალით ვერ მიაღწევს „ზუსტ და წმინდა ჭეშმარიტებას“. რაც შეეხება თომა აქვინელის თანამედროვე მისტიკოსს, თეოლოგ ბონავენტურას, იგი შესაძლებლად თვლიდა ონტოლოგიური დასაბუთების დაცვას და , საერთოდ, ანსელმის ტრადიციას მისდევდა.

უნივერსალიების ბუნების შესახებ კამათში, რასაც ევროპული შუა საუკუნეების აზროვნებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ანსელმი რეალიზმის პოზიციას იცავს, ე.ი. იცავს პლატონიდან მომდინარე აზრს უნივერსალიების (იდეების) საგნებამდე არსებობის შესახებ, მაგრამ განსხვავებით პლატონისაგან მისთვის იდეები საგნებამდე მხოლოდ ღმერთის გონებაში არსებობენ. საგნის იდეა, როგორც მისი შესაძლებლობების განხორციელების სრულყოფილი სახე, ღმერთშია. ამ აზრით იტყვის ანსელმი, რომ „ყველა საგანი ღმერთშია“. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც პანთეისტური. ანსელმისათვის სამყაროსაგან ტრანსცენდენტურ ღმერთში არის ყველა საგნის იდეალური ნიმუში, როგორც მათი არსებობის საფუძველი.

ანსელმი ობიექტური იდეალისტია. რასელის აზრით, ანსელმთან ონტოლოგიური დასაბუთების გარდა ყველაფერი ძირითადად ავგუსტინესაგანაა აღებული. თუმცა ანსელმის ფილოსოფიის სპეციალისტები მიიჩნევენ , რომ ანსელმის შრომებში მრავალი ადგილის მითიტება შეიძლება, სადაც ავგუსტინესთან არა მარტო განსხვავება, არამედ დაპირისპირებაც გვაქვს. საყურადღებოა, რომ ანსელმა არ გაიზიარა ავგუსტინეს ნეოპლატონიზმი.

მაგრამ ახლა ყურადღებას გავამახვილებ დიალოგზე „ჭეშმარიტებისათვის“. ამ დიალოგს საპატიო ადგილი უკავია ანსელმის მემკვიდრეობაში. ამ ნაშრომმა გარკვეული როლი ითამაშა სქოლასტიკური ფილოსოფიის განვითარებაში. იგი ჭეშმარიტებისა და სისწორის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების შუასაუკუნეობრივი ენციკლოპედიაა. ამ პრობლემათა თითქმის ყველა სერიოზული გამოკვლევა თომა აქვინელიდან დაწყებული და მ. ჰაიდეგერით გათავებული საჭიროდ თვლის გაითვალისწინოს ანსელმის შრომა „ჭეშმარიტებისათვის“. ეს ნაშრომი დაწერილია დიალოგის სახით მასწავლებელსა და მოწაფეს შორის. მიუხედავად ანსელმის მეთოდოლოგიური რაციონალიზმისა, რომელიც ფორმალურად სრულ თავისუფლებას აძლევს საპირისპირო შეხედულებას, ფაქტიურად ანსელმთან თანამოსაუბრე არავითარ დაპირისპირებას არ ქმნის, იგი მხოლოდ ძირითადი აზრის ასპექტების მოწოდების საშუალებაა, დიალოგი აქ ფაქტიურად მონოლოგად იქცევა.

ანსელმი არა მარტო ასხვავებს ჭეშმარიტებასა და სისწორეს, არამედ მსჯელობების ჭეშმარიტების გვერდით არჩევს მოქმედების ჭეშმარიტებას და საერთოდ არსებობის ჭეშმარიტების პრობლემას. თავისთავად ჭეშმარიტება, ურომლისოდაც არავითარი ჭეშმარიტება და სისწორე არ იარსებებს, არის ღმერთი. მისი შედეგია არსებობის ჭეშმარიტება, ეს უკანასკნელი კი საფუძველია შემეცნებაში არსებული ჭეშმარიტებისა. თუ რაიმე ჭეშმარიტი არსებობს, ამტკიცებს ანსელმი, უნდა არსებობდეს თავისთავადი ჭეშმარიტება ანუ ღმერთი, რამდენადაც რაც არსებობს ღმერთისგანაა, დგება საკითხი მცდარ მსჯელობაში ჭეშმარიტების შესახებ.

ჭეშმარიტებაში შგრძნებისა და აზროვნების წვლილის დადგენისას ანსელმი საკითხს არისტოტელურად წყვეტს: ცდება აზროვნება და არა შეგრძნება, შეგღზნებები მუდმივ ჭეშმარიტებას გვიჩვენებენ. საყურადღებოა ანსელმის მიერ შინაგანი გრძნობისა და აზროვნების გაიგივება. ამ საკითხზე კამათი კანტამდე აღწევს, რომელიც შინაგან გრძნობას აზროვნებისგან განასხვავებს და შინაგანი გრძნობის ფორმად დროის აპრიორულ ფორმას ჩათვლის. მოქმედების ჭეშმარიტება, როგორც სიკეთე, ანსელმს პლატონისებურად ესმის, ე.ი. როგორც ისეთი მოქმედება , რომლის მიზანი თვით ამ მოქმედებაშია. ღმერთი, როგორც თავისთავადი ჭეშმარიტება, მართალია, აუცილებელია დაბვუშვათ, მაგრამ მისი არსება შეუმეცნებელია. „ღმერთზე საკუთრივ არაფრის თქმა არ შეიძლება“. ამრიგად, ანსელმის რაციონალიზმი ირაციონალიზმს და მისტიკას ემყარება. ეს შემდეგ კლასიკური სქოლასტიკის დამახასიათებელი გახდება.

გამოცხადების შინაარსის ლოგიკური ახსნა ანსელმისათვის არ ნიშნავს თვით ღმერთის შემეცნებას. რწმენა მიდის იქ, სადაც ცოდნა ვერ აღწევს. ეს დებულება ეწინააღმდეგება ანსელმის მეთოდის არსს, მაგრამ მისი მსოფლმხედველობის მთლიანობას ქმნის, ეს წინააღმდეგობა გონებისა და რწმენის იმ დაპირისპირებას ამზადებს, რომელიც შემდეგ ორმაგი ვჭეშმარიტების სახით იჩენს თავს. ამ წინააღმდეგობის განვითარების ნიადაგზე გონება თანდათან ექცეოდა ჭეშმარიტების ერთადერთ საზომად, რამაც მ. ლუთერი აიძულა თეოლოგიის ფილოსოფიისაგან, ე.ი. რაციონალიზმისაგან გასათავისუფლებლად ეზრუნა.

„და ბოლოს, თუ ჭეშმარიტებას დასაბამი ჰქონდა ან დასასრული ექნება, მაშინ სანამ ის დაიწყებოდა, ჭეშმარიტი იყო, რომ არ იყო ჭეშმარიტება; და მას შემდეგ, რაც ის დასასრულს ნახავს, ჭეშმარიტი იქნება, რომ არ იქნება ჭეშმარიტება; მაგრამ ჭეშმარიტი არ შეიძლება არსებობდეს ჭეშმარიტების გარეშე. მაშასადამე, არსებულა ჭეშმარიტება, სანამ იარსებებდა ჭეშმარიტება, და იარსებებს ჭეშმარიტება მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს ჭეშმარიტება, რაც სრულიად შეუთავსებელია. ამრიგად, იმას ვამტკიცებთ, რომ ჭეშმარიტებას დასაბამი ან დასასრული აქვს, თუ იმას ვაღიარებთ, რომ არა აქვს, ჭეშმარიტებას დასაბამითა და დასასრულით შემოფარგვლა შეუძლებელია“.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s