მაისტერ ეკჰარტი და მისი მოძღვრება ღმერთისა და სამყაროს შექმნის შესახებ (I)

Hildegard_von_Bingen_Liber_Divinorum_Operum

1. გერმანული მისტიციზმის ფუძემდებელი მაისტერ ეკჰარტი იყო. დაიბადა მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც ჩანს საქსონიაში. ერთხანს ლექციებს კითხულობდა პარიზში, შემდეგ საქსონიაში დომინიკელთა ორდენის პროვინციელი იყო, ცხოვრობდა კელნსა და სტრასბურგში. მაგრამ მალე დაირხა ხმა , რომ მისი ქადაგებები ცდომილებებით იყო სავსე. ამიტომ 1327 წელს რელიგიურ სამსჯავროზე მოიწვიეს კელნში, სადაც მან განაცხადა რომ მზადა ვარ უარვყო ჩემი მოძღვრება, თუ რამე ცდომილებას აღმოაჩნეთ მასშიო. კონგრეგაციამ გამოყო 28 პუნქტი , რომელიც მცდარად მიიჩნია. ბულა, რომლითაც დაგმობილ იქნა ეს პუნქტები, მხოლოდ ეკჰარტის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.

2. ეკჰარტის მოძღვრების თანახმად, ღმერთი იმდენად მარტივი არსებაა, რომ შეუძლებელია მასში ნებისმიერი განსხვავების დაშვება. ამიტომ მას ვერც სხვადასხვა პრედიკატს მივუსადაგებთ. ვიდრე ღმერთში ამა თუ იმ სხვაობას იაზრებენ, ჯერ კიდევ არ იზიარებენ ღმერთს.ვიდრე ღმერთს მიაწერენ ამა თუ იმ თვისებას, ღმერთის ჭეშმარიტი შემეცნება მიუღწეველი რჩება. ღმერთისთვის უცხოა ყოველგვარი სხვაობა.

3. მიუხედავად ამისა, ეკჰარტი მაინც გულისხმობს ერთგვარ სხვაობას ღვთაებასა და ღმერთის სამპიროვნებას შორის. ღვთაებად ის გულისხმობს ღმერთის მარტივსა და წმინდა არსებას, ამ თავის თავში განუსხვავებელ არსებას ის უწოდებს ღმერთის საფუძველს, ფესვსა თუ შინაგან წყაროს და მარადიულ, თვითდავანებულ მდუმარებად წარმოუდგენია იგი,მდუმარებად, რომელსაც არ არღვევს არავითარი მოქმედება, და რომლის წიაღში ღმერთი თითქოს თვლემს. იგივე მდუმარება თითქოს მარადიული სიბნელეა, რომელშიაც ღმერთი დამალულია და თვით თავისი თავისთვისვე შეუცნობელი. მაგრამ ღვთაებრივი არსების ამ მარადიულ სიბნელეში თავს იჩენს მამის ნათელი, და რაკი მამა შეიმეცნებს საკუთარ თავს, ამ თვითშემეცნებით ძეს ბადებს. მაგრამ რაკი მას თავისი თავი უყვარს ძეში, ამ სიყვარულით ძესთან ერთად გამოყავს სულიწმინდა. 

4.  ღმერთის პირველსაფუძველი, თავისთავად და ღმერთის სამპიროვნებისაგან დამოუკიდებლად განხილული, თავის თავში შეიცავს ყველა არსებას. ღმერთი თავისი თვითმყოფობით ყველა არსის ერთობლიობაა, და ყველა არსი ღმერთია, რამდენადაც ისინი ღმერთში არიან. როგორც უარსო არსი, ღმერთი ყოველი არსის არსია, ხოლო ყოველი არსი ერთ არსად ერწყმის ერთმანეთს ღმერთში,რადგანაც ღმერთისთვის უცხოა სხვაობა. ღმერთში ყველა არსს ერთი არსი შთანთქავს. და არც ერთი არსი არ არსებობს მასში განცალკევებით. თუ მამა თვითშემეცნებისას თავის მარადიულ სიტყვას წარმოთქვამს, ესე იგი, ძეს ბადებს, ამ სიტყვით ის წარმოთქვამს ყველა საგანსაც, ღვთაებრიცი სიტყვა, ამასთანავე ყოველი საგნის ერთიანი იდეაცაა.

5.  სამყაროს შექმნა ეკჰარტის აზრით, განპირობებულია ღმერთის სიკეთით,აუცილებლობის ძალით რომ ქმნის ყველაფერს, ყოველი სიკეთე, ამბობს ეკჰარტი,-საზოგადოა, ე.ი. სხვაზედაც ვრცელდება, რადგანაც ღმერთია აბსოლუტური სიკეთეა, ეს დებულება a fortiori (მით უმეტეს) ესადაგება მას. ღმერთმა თავისი თავი უნდა გასცეს, მისივე ბუნებრივი სიკეთე აიძულებს ასე მოიქცეს. მისი ღვთაებრიობის ცნებაში უკვე იგულისხმება, რომ მან თავისი თავი უნდა გასცეს, ყოველივე იმის სასიკეთოდ , რასაც შეუძლია მისი სიკეთის მიღება. თავის თავს რომ არ გასცემდეს ღმერთი არ იქნებოდა. ამრიგად ღმერთი აუცილებლობის ძალით ქმნის ყველაფერს.

6. აქ უკვე აუცილებლობით იგულისხმება ქმნილების მარადიულობა. ღმერთი მოქმედებს ყოველთვის, მარადიული დღისით, და ეს მოქმედება მისი ძის დაბადებაში ვლინდება, რომელსაც ის გამუდმებით ბადებს. ამ დაბადების წყალობით ღმერთისგან გადმოიღვრება ყველა საგანიც. და ღმერთი ისეთნაირად ტკბება ამ დაბადებით, რომ მასში ამოწურავს მთელ თავის ძალას. სინათლე, რომელიც არის ძე ღვთისა, და ამ სინათლის გავრცელება მთელ სამყაროში განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან. ძის დაბადება და სამყაროს შექმნა ერთმანეთს ერწყმის.

7. როგორღა უნდა ვიაზრებდეთ სამყაროს შექმნას? ამ კითხვას ეკჰარტი შემდეგი ფორმულით პასუხობს: ღმერთმა შექმნა არაფრისგან სამყარო. ის ამბობს, რომ სამყაროს შექმნა დროში ისე განსხვავდებოდა სამყაროს მარადიული შექმნისაგან ღმერთში, როგორც ხელოვნის ნაწარმოები-მისი იდეალისაგან, რომელიც არის ხელოვანის სულში. მაგრამ ეკჰარტის ნააზრევში სხვანაირი გამონათქვამებიც გვხვდება, სულ სხვა აზრს რომ ანიჭებენ ფორმულას-არაფრისაგან სამყაროს შექმნას, ქრისტიანული გაგებისაგან სრულიად განსხვავებულ, პირწმინდად ემანატიურ აზრს.

8. ღვთაებრივი არსება-ამბობს ეკჰარტი-ყველა ქმნილებაში იღვრება, რამდენადაც თითოეულ მათგანს შეუძლია მიიღოს იგი. ამრიგად, ყოველი შექმნილი არის ღმერთი, საგნებს რომ ღმერთი არ ავსებდეს, ისინი არარაობად იქცეოდნენ. რადგანაც ყველა არსება თავისთავად არარაა. ღმერთისგან გადმოღვრილ და ასე ვთქვათ, გამოდნობილ საგნებს თავისთავად, ღმერთისგან დამოუკიდებლად , არსი არ გააჩნიათ. მხოლოდ ღმერთია ყველაფერი ყველაფერში. ყველა ქმნილება-ამბობს ეკჰარტი-წმინდა არარაობაა. არარა არის ის რაც უარსოა. ხოლო ყველა ქმნილება თავისთავად უარსოა, რადგან მათი არსი არის ღმერთი. ღმერთმა რომ თუნდაც წამით ზურგი აქციოს მათისინი მაშინვე არარაობად იქცევიან. მაგრამ ღემრთი ყოველგვარი ბუნების გარეთაა და არც თვითონ არის ბუნება . რამდენადაც ღმერთი ქმნილებებშია, იმდენადვე მათზე მაღლა დგას, რადგანაც ერთობა, რომელიც არის მრავალ საგანში, აუცილებლად მათზე მაღლა უნდა იყოს. ღმერთი იღვრება ყველა ქმნილებაში, მაგრამ უსასარულოდ შორსაა მათგან, მსგავსად იმისა, როგორც ცა მოიცავს ყველაფერს, მაგრამ თვითონ კი  მოუცველი რჩება.

9. რეტროსპექტულად რომ გადვავალოთ თვალი ზემოთქმულს უთუოდ შევნიშნავთ შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ ეკჰარტი წარამარა იმოწმებს სკოლის მოძღვრებს, მისი დოქტრინა, არსებითად, ძალიან შორსაა მათგან, ის არეოპაგელის სკოტ ერიუგენასეულ ინტერპრეტაციას მისდევს კვალდაკვალ, რის შემდეგაც ნეოპლატონური იდეების ტევრში იკარგება, ამიტომაც მის ნააზრევში გამუდმებით თავს იჩენს ემანაციურ-პანთეისტური პრინციპი. მის სიტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნეოპლატონური იდეები, რომლებიც განსაზღვრავენ მის წარმოდგენას ღმერთისა და სამყაროს ურთიერთმიმართებაზე. სამყაროს მიმართ ღმერთის ტრანსცენდენტურობისა და იმანენტურობის დაზავება ამაო გარჯაა როგორც ნეოპლატონიკოსებისათვის, ისე მის მხრივაც.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s