ბროდეკის ჩანაწერები

untitled

ეძღვნება ყველას, ვინც თავს არარაობად თვლის.

რთულია, ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ შემდეგ, თუნდ თავმოყვარე ადამიანიც კი, გულგრილი დარჩეს ფილიპ კლოდელის ამ არა–ჩვულებრივი ნაწარმოების , „ბროდეკის ჩანაწერების“ მიმართ. არ ვაზვიადებ. ეს ნაწარმოები იმდენად განსხვავდება ჩვეულებრივი წიგნებისგან, რომ ჩემი 2013 წლის წიგნის ტიტულიც კი დაიმსახურა. არადა, ამ წიგნის წაკითხვიდან ლამის 11 თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრმა წიგნმა გაიარა ჩემს ხელებში, მაგრამ არარაობებისადმი მიძღვნილი ეს ამბავი დღემდე არ დალექილა და ისევ დუღს ჩემში. და ეს ყველაფერი გამომცემლობა აგორას დამსახურებით, რომელმაც იტვირთა ამ წიგნის გამოცემა. ფრანგულიდან თარგმნა ირინა ლაბაძემ.

ფილიპ კლოდელი ცნობილი ფრანგი მწერალია. პოპულარობა კი სწორედ ამ ნაწარმოებმა მოუტანა, თუმცა , ამბობენ რომ „ნაცრისფერი სულებიც“ არაფრით ჩამოუვარდება ბროდეკის მოხსენებას. რომანმა “ბროდეკის ჩანაწერები” 2007 წელს მიიღო ლიცეუმელების გონკურის პრემია, 2008 წელს – კვებეკის წიგნის მაღაზიათა პრემია, 2009 წელს კი “ლივრ დე პოშის” მკითხველთა პრემია.

ვაღიარებ, რომ ძალიან მიმძის მსოფლიო ომებზე და მის თანმდევ საბედისწერო და გამანადგურებელ შედეგებზე დაწერილი ნაწარმოებების კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე წიგნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ომი მწერლის მიერ სულ სხვა კუთხითაა დანახული – ბევრად ადამიანური კუთხით. აქ ომი არ არის პოლიტიკოსების და მხოლოდ ერთეული ადამიანების ამბიციებისგან პროექცირებული პროცესი, არამედ როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების ომი. სწორედაც, შესაძლოა, რომ ამ ომის ბედი გადაწყდა არა მხოლოდ ფრონტზე, არამედ ადამიანთა ტვინშიც.

ან თითქმის ყველაფერში ისაა დამნაშავე. მან მოიტანა მრავალი ბოროტება და ომი, ბევრი ადამიანის ცნობიერებაში კი კაზერს კვირი გააჩნია. მინახავს, როგორ მოქმედებენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ მარტონი არ არიან, აცნობიერებენ, რომ შეუძლიათ ათასობით ადამიანის სახისგან შექმნილ უსახურ, ერთიან და ძლიერ მასაში განიბნენ და შედუღაბდნენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბრალი იმის მოუძღვის, ვინც მათ აგულიანებს, მოუწოდებს და თავის დაკრულზე აცეკვებს, ხოლო ბრბო შეუგნებლად მოქმედებს, თავის მომავალსა და არჩეულ გზას ვერ აცნობიერებს. ეს სიყალბეა. სინამდვილეში, ურჩხული თვითონ ბრბოა. იგი ათასობით კონკრეტული სხეულისაგან წარმოიშვება და უზარმაზარი არსების ფორმას. თუმცა, ისიც ვიცით, რომ ბედნიერი ბრბო არ არსებობს. არც მშვიდობიანი ბრბო არსებობს. სიცილის, ღიმილის, ცეკვა-თამაშისა და სიმღერის მიღმა, გაგიჟებული სისხლი დუღს და გადმოდუღს“.

თუმცა, როგორც ბროდეკი ამბობს, ახლა რაღას გავიგებთ, ძალიან დაგვაგვიანდა. იქნებ ასე უკეთესიც იყოს. სიმართლემ შეიძლება ისე შეგვძრას, რომ დამძიმებული სულით ცხოვრება ვეღარც კი შევძლოთ; უმეტესობას ხომ ერთადერთი მისწრაფება აქვს-ვიცხოვროთ, თანაც, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. ასეთია ადამიანის ბუნება. ეს ადამიანები კი მუდმივ მსხევრპლად იქცნენ, ისეთ არსებებად, რომელთა მსხვერპლად შეწირვა ამ უაზრო ომისთვის თითქოს გარდაუვალი იყო. მაგრამ ჩვენში იმედგაცრუებისა და მოუსვენრობის ფერმენტი ღვივის. ასე მგონია, ეს დახოცილები სიცოცხლის ბოლომდე განადგურებული კაცობრიობის მეხსიერებად დარჩებიან. ისინი ჩვენ მოუშუშებელ წყლულებად იქცნენ.

რატომ გახდნენ ეს ადამიანები იძულებულნი, ათასობით ადამიანთან ერთად, ეტარებინათ ჯვარი, რომელიც მათ არ აურჩევიათ?! გამოევლოთ გოლგოთა, რომლის გაძლების ძალა მათ არ შესწევდათ და არ ეხებოდათ? ვინ გადაწყვიტა, მოსულიყვნენ და ხელი ეფათურებინათ მათ უჩინარ ცხოვრებაში, აეფორიაქებინათ მათი მყიფე სიმშვიდე, დაერღვიათ მათი უფერული ანონიმურობა და კეგლის უზარმაზარ თამაშში ბრმა, პაწაწინა ბურთივით მოესროლათ? ღმერთმა?

„მაშინ, თუ იგი არსებობს, ჯობს, დაიმალოს. ორივე ხელი კეფაზე შემოიწყოს და თავი დახაროს. შესაძლოა, როგორც პაიპერი შთაგვაგონებდა, ბევრი ადამიანი მისი ღირსი არ არის. დღეს კი იგი არ არის ბევრი ჩვენგანის ღირსი, რადგან, თუ მისმა შექმნილმა საშინელება გამოიარა, ეს მხოლოდ სამყაროს შემოქმედის ხელშეწყობით მოხდა!“

ბროდეკი აკეთებს მოკლე ჩანაწერებს მცენარეებზე, ცხოველებზე, მწერებზე… – ეს მისი სამუშაოა. ამავე დროს, იწყებს მოხსენების წერას სოფელში დატრიალებულ უბედურ შემთხვევაზე – ეს მთელი სოფლის დავალებაა, და კიდევ, წერს თავისი ცხოვრების ისტორიას, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს უცხო თვალისგან.

ეს უფერული ადამიანების ისტორიაა. ის ადგილიც, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ ასეთივე უფერულია. სოფელი აბიბინებული მდელოებისა და მოჩუხჩუხე წყაროების გარდა, სულ სხვა კუთხითაც შეიძლება წარმოიდგინოთ: მასში შეიძლება დაინახოთ უკანასკნელი სამყოფელი, სადაც ისეთი ადამიანები ჩამოდიან, რომლებიც, შემდგომ სიბნელეს და სიცარიელს ტოვებენ. ეს არის ადგილი სადაც არ იწყებენ რამეს, არამედ ამთავრებენ. ადგილი, სადაც ყველაფერი უნდა დასრულდეს. ერთადერთი რაც აქ კარგად უნდა აითვისო, არის ის, რომ ბევრი კითხვები არ უნდა დასვა. უნდა ისწავლო როგორ მიიღო მტვრისა და ქუჩის მტვრის ფერი, რაც თურმე არც ისე რთული ყოფილა. ასე იქცევიან ხოლმე ადამიანები არარაობად. მხოლოდ ამ დროს ხდები ფასეული. მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი თავი იხსნა ამდენი შუშისთვალება, ომით შეპყრობილი ადამიანებისგან, რომლებიც სახლებში მიყუჟულნი, ჭუჭყისგან გაპოხილი ფანჯრებიდან შიშით გადევნებენ თვალს. რაოდენ საშიშია იყო უდანაშაულო დამნაშავეებს შორის. ფაქტობრივად ეს იგივეა იყო დამნაშავე უდანაშაულოებს შორის.

ეს ბროდეკის ამბავია. იმ ადამიანის ამბავია, რომელიც თითქოს თავისი ცხოვრებისთვის არ შექმნილა. უფრო სწორედ მისი ცხოვრება ვერ მოერგო მისნაირ კაცს. იგი ზედმეტი მოვლენებით, უბედურებით და ხელმოცარვებით აივსო. ეს არის შემაძრწუნებელი ამბავი იმისა, თუ როგორ ეგუებიან ადამიანები ყველაფერს. ეს არის ამბავი იმისა, რომ სიყვარულისთვის ღირსების დაკარგვა და ოთხზე მდგარი ძაღლივით სალაფავის თქვლეფა დასაშვებია.

ბროდეკ, შენ შეიძლება შენს ზედამხედველებზე უარესი ნაგავი და ცხოველი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სხვები დაიხოცნენ და შენ გადარჩი. სიკვდილი კი გმირსა და მონას არ არჩევს. ყველაფერს განურჩევლად შთანთქავს. შენ კი იმიტომ გადარჩი , რომ ცუგა ბროდეკი იყავი. იქნებ მათ გადარჩენის სურვილიც არ ჰქონიათ? მათ გულში სიყვარულს არ დაესადგურებინა და არსად წაესვლებოდათ? იქნებ მათ არავინ ელოდებოდა? იქნებ ისინი იქამდე დაიხოცნენ, სანამ ამ ჯოჯოხეთურ ბანაკში აღმოჩნდებოდნენ? დიახაც, მათ გადარჩენის სურვილი არ ჰქონდათ.

ადამიანი ისეა მოწყობილი : ურჩევნია, თავი გონიერ არსებად, იდეების, ოცნებების, ზმანებების და საოცრებების შემოქმედად მიაჩნდეს. არ უყვარს იმის შეხსენება, რომ იგი მატერიალური არსებაა და ის, რაც უკანანლიდან გამოდის, მისი ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც ის, რაც გონებაში უღვივის და უელავს. ქვეყნად განავლის სუნზე უარესიც არსებობს. თურმე, უამრავი რამაა, რასაც სუნი არ გააჩნია, მაგრამ ადამიანის გონებას, გულსა და სულს ნებისმიერ განავალზე მეტად ბილწავს. თან მომხდარის შემდეგ, სინანული ყველაზე ადვილი საქმეა. ხელებსა და გონებას ისე ჩამოირეცხავ და გასუფთავდები, შენი არაფერი წავა. ნოზელი გვეუბნებოდა, ადამიანი სწორედ ამით ამოიცნობაო. „ადამიანი ისეთი ცხოველია, რომელიც მუდმივად თავიდან იწყებს“.

„მშვიდი ღამე იყო. მიმქრალი ცის წყვდიადიდან ვერცხლისფერი ვარსკვლავები გამოკრთოდნენ. დედამიწაზე არის დრო, როდესაც ყველაფერი ლამაზია. ეს ყოვლისმომცველი და მშვიდი სილამაზე იმისთვის არსებობს, რომ ჩვენი ყოფის სიმახინჯე დაგვანახოს.“

მიუხედავად თავის ძაღლური წარსულისა, ბროდეკი გმირია. ის მდუმარე გმირია. ის წარმოუდგენლად ძლიერია. სწორედ მდუმარე ადამიანი იწვევს შიშს. ადამიანი, რომელიც არაფერს ლაპარაკობს, ვინც ყველაფერს ხედავს და არაფერს ამბობს. ის ბანაკსაც დაძლევს, სოფელში დახვედრილ ბრბოსაც, თავის ოჯახსაც გამოიხსნის და თავიდან დაიწყებს ახალ ცხოვრებას. სწორედ ასეთი სიყვარული დგას ყოველგვარ ღირსებაზე მაღლა.

Advertisements

2 responses to “ბროდეკის ჩანაწერები

  1. ეს ქართულად წაიკითხე ? ძალიან დამაინტერესდა და მინდა წაკითხვა. მითუმეტეს თავი არარაობა მგონია))) …”დაჟე” წიგნს ვწერ “როგორ გავხდი არარაობა” :)))) ასე რომ აუცილებლად უნდა წავიკითხო ეს წიგნი…

    • უჰუუმ, რომ გიყურებ და გაკვირდები, მგონია რომ ძალიან მოგეწონება, მეც სწორედ ამ სიტყვების მერე დავინტერესდი ამ წიგნით : ) მართლა ძალიან გირჩევ წაიკითხო, არის ქართულად, შესანიშნავი თარგმანით, მეწერა კიდეც ამაზე, ასე რომ წინ დიდი სიამოვნება გელის , პირობას გაძლევ : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s