მაგას ძველი ახალი წელი.

large

მეც მინდა, მეც მინდა რა ჩემი გასული წლის მომოხილვა. ასე, შორიდან, ექსპერტულად )) ყველაფერი ისევ ისე ხდება. ისე, როგორც წინა ახალ წლებზე. არა, წინა წლები კი არ განმეორებულა, უბრალოდ, ახალ წელს ისე ვხვდები, როგორც ადრე ვხვდებოდი  – ანუ ისევ ჩემს სახლში, ჩემს დედიკოსთან და ჩემს დებთან ერთად. არა, ისევ დამავიწყდა, რომ ერთი დაიკო მაკლია. ის უკვე სხვა სახლშია,თავის კაცთან და თავის პატარასთან ერთად, რომელიც სადღაც სხეულში მოკუნტული იზრდება და რომელიც უკვე აწვალებს. ერთობ პრეტენზიული ვინმეა. ვატყობ, ჩემს დას უკვე მოეკითხა თავის მჩხავანა და გაუგებარი ბავშვობისთის.

მაგრამ შემოგვემატა ბებო. 86 წლისაა და ყველაფერი აინტერესებს. უნდა რომ სახლში სულ თმაშეკრულმა ვიარო. ეს ის სიტუაციაა, როცა შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, თუ თავი არ მოგძულებია. მერე რა, მაინც ჩემი საყვარელი ბებოა, ლამის მთელი საუკუნოვანი წარსულით მხრებში მოხრილი.

აღარც მახსოვს რითი დაიწყო ეგ წელი. განა თავი მინდა მოგაწყინოთ, უბრალოდ, მინდა ჩემს თავს მივუძღვნა ამ ერთწლიანი ისტორიის აღნუსხვა. მოკლედ, ეს წელი დაიწყო მოლოდინით. ველოდებოდი რას და გრანტს. ველოდე თებრვლამდე. მერე მომილოცეს მეილზე, ესაო ისაო, მოკლედ, კონკურენციის სააგენტოში აღმოვჩნდი ექვსი თვით. ვაღიარებ, არაფერი მიკეთებია, მაგრამ კარგი ადამიანი კი გავიცანი – ბატონი სლავა. კი მინდა მივულოცო ახალი წელი, მაგრამ ესეც მერიდება. პარალელურად სადღაც კიდევ ერთ არასამთავრობოში ვმუშაობდი პურის ფულისთვის. ეგეც საინტერესო იყო. არაფერია ზედმეტი. მერე….ლექციებზე ვბოდიალობდი. ბევრს ვბოდიალობდი. მერე მგონი წიგნებსაც ვკითხულობდი…. მოკლედ, გაზაფხულის ამბებიდან მეტი არაფერი მახსოვს.

მერე ქობულეთში. ლიტვაშიც უნდა წავსულიყავი, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ჩამეშალა ეგ ამბავი, არადა ყველაფერი მზად მქონდა. მერე განჯაშიც უნდა წავსულიყავი, მაგრამ სწორედ მაშინ მიხვდა ჩემი და, რომ მის ცხოვრებაში დადგა გადამწყვეტი მომენტი და გათხოვდა. იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან კარგი სიძე მყავს. თბილი და ხუნხულა. მერე რა, რომ ვერაფერზე ვთანხმდებით, ის ალთასაა, მე ბალთას. მაგრამ როცა თბილისიდან დაღლილ–მისავათებული ჩავდივარ ზუგდიდში, ვიცი, რომ ცხოვრებაში პირველად , მამაკაცი დამხვდება გაჩერებაზე ავტომობილით და სახლში წამიყვანს.

მაგა. ის ამბავია, თუ როგორ გახდა ჩემი შავი ქუჩაში ნაპოვნი მელანქოლიკი ფისო მაგა და მერე თავად მე როგორ გავხდით მაგა. მე მაგა ვიპოვე ან მაგამ მიპოვა მე. ასე ვიცხოვრეთ ძალიან დიდი ხანი ერთად. ვაღიარებ, ძალიან რთული ვინმეა – მისტიური, ყვითელთვალება, საოცრად გულჩათხრობილი, ჩაკეტილი, ჩუმი. გამიგია, შინაური ცხოველები პატრონს ემსგავსებიანო. მგონი ეს ის შემთხვევაა, როცა მე მაგას არ დავემსგავსე. უბრალოდ, მან ერთი დიდი საქმე გააკეთა –საკუთარი თავი დამანახა და მიმახვედრა, რომ დროა, რაღაცეები შეიცვალოს, დროა. უბრალოდ , დამანახა , რომ ასე ვერ გაგრძელდება. აი, ასე მიყურა ამდენი ხანი თვალებში თავისი სევდიანი და მომნუსხველი თვალებით და ესაო, ისაო, შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ხო ხედავ მე რომ ასეთი ვარ, რა აუტანელი ვარო, ხო ხედავ შენს გარდა ვერავინ მიგებსო, ხოდა ხო იცი რაც უნდა ქნაო, ხო იცი შენც, რომ უკვე დროაო. ასეთი იყო ჩვენი ისტორია. მერე ერთხელაც ჩემი თბილი საწოლიდან სადღაც შორს, სამეგრელოში წაიყვანეს. იქ დაიკარგა, ბევრი იბოდიალა, ალბათ ჩემზე გაბრაზებულიც იყო, რომ ასე მივატოვე. მაგრამ მერე მიხვდა, რომ უნდა დაბრუნებულიყო, იმიტომ რომ ის ჩემი წარსულია, ჩემი ბოდიალის თანამხედველი. მომღიმარი, მოცინარი, მომტირალი – როგორი არ მნახა, რას არ იტევს თავის გაბურძგნულ შავ სხეულში.

აააჰ, ზაფხულიც მოვიდა ამასობაში. პირველად არ ვიყავი ჩემს დაბადების დღეზე სახლში. ვიყავი სადღაც შორს. ავსტრიელებთან, ლიხტენშტეინელებთან და სომხებთან ერთად. მივიღე ორი ტორტი, ერთი ერთ არაჩვეულებრივ იჯახში, სადაც ვიყავით მე და ანნე, მეორე – ოფისში. იქ ძალიან უხეიროდ მოვიქეცი, რატომღაც ჩავთვალე, რომ იოჰანესის სევდიანი თვალები მაღიზიანებდა და ერთი ნაჭერი სახეზე წავაგლისე. მერე მივხვდი, რომ ამ უწყინარ ადამიანს არაფერი დაუშავებია ჩემთვის თავისი სევდიანი თუ წყლიანი თვალებით და პროტესტის ნიშნად მეც ჩავყავი თავი ტორტში. მერე მივხვდი , რომ ეს ერთობ სულელური ნაბიჯი იყო, იმის გათვალსიწინებით, რომ ოფისში წყლის დეფიციტი იყო. ეგ არაფერი. ვთვლი, რომ იოჰანესი ჩემი საუკეთესო მეგობარია უცხოეთიდან. მაპატიე, იოჰანეს. შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს.

მერე ყველაფერი აირია. ჩემმა დამ დამირეკა, იცი ავარიაო….თემოც იყოო…მერე უსიტყვოდ მივხვდი. ორ საათში ვიცინოდი უკვე, კაციშვილმა ვერ გაიგო, რომ სულ რაღაც წუთების წინ 23 წლის საუკეთესო მეგობრის, ჩემი კლასელის გარდაცვალების შესახებ შემატყობინეს. ვფიქრობდი, ღმერთო რა არის ადამიანი. მე ვიცინი, მე ისე ვიქცევი , თითქოს არაფერი მომხდარა, და ამ დროს თემო არც კი ვიცი ახლა სადაა. როცა საჭიროა, მაშინ ვერ ვტირი. ამაზე ყოველთვის მორ იოკაის „ოქროკაცი“ მახსენდება. იქ ერთი პერსონაჟი, გოგონა, რომლის სახელიც არ მახსოვს ყველაზე ახლობელი ადამიანის გარდაცვალებაზე ვერ ტირის, მერე გემიდან ზღვაში კატა გადაუვარდება და მხოლოდ მაშინ გადმოსცვივდება თვალებიდან ცრემლები. რა აზრი ქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ის უკვე ძალიან შორს იყო ჩვენგან. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ უკვე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

მერე სხვა დროც იყო. შემოდგომის დრო. შემოდგომა სევდისთვისაა შექმნილი. კი არადა, სევდაა შემოდგომისთვის მოგონილი ვინმე უძველესი ადამიანების მიერ. მაგრამ ერთი დიდი სევდიანი პრობლემა კი გადავწყვიტე. ერთი ადამიანი სამუდამოდ გავაცილე ჩემი ცხოვრებიდან. არაფერს ვიტყვი ამაზე, უბრალოდ ასეთი პატარა თითქოს უმინიშვნელო ამბები ქმნიან ჩვენს ცხოვრებას – ეს ჩემი წრასულია და მე მიყვარს ჩემი თავი ჩემი წარსულით. მე პატივს ვცემ ჩემს წარსულს. ჩემს ცხოვრებაში თუნდაც ერთი წამით გაელვებულ ადამიანებსაც ვცემ პატივს.

ბლოგიც განვაახლე. ორი წლის წინ შექმნილი ბლოგი. რაღაც ერთ პატარა კონკურსშიც კი გავიმარჯვე, რამაც ჩემი კორტსასარის ჩემი კლასობანა მაჩუქა. მეგობრები ცალკე თემაა. ბევრი გავიცანი. ბევრმა შემაყვარა თავი. ბევრს შემოვეჩვიე კატასავით, ზოგიერთს თავზეც კი ვაფერებინებ და ჩემს ფისოსავით სიამოვნებისგან ვკრუტუნებ. არც ერთს არ დავასახელებ, ისინი ყველანი იმდენად თავისთავადები არიან, რომ ვერც კი შეადარებ ერთმანეთს. მეც იმდენი ადამიანი ვარ, რამდენი ასეთი მეგობარიც მყავს. ყველასთან სხვადასახვა დაჯი ვარ. ამიტომაც ვცემ მათ დიდ პატივს, თუნდაც ჩემთვის, ჩუმად, გულში. იმიტომ რომ ამდენი კუთხით დამანახეს საკუთარი თავი.

ხო, ახალი ამბავი. ახალი წლიდან მასწავლებელი ვხვდები ერთი წლით. სრულიად ახალ ცხოვრებას ვიწყებ თბილისიდან და მეგობრებისგან შორს. მაგრამ ერთი წამითაც არ ვნანობ. მე ვამაყობ ჩემი თავით, ჩემი ძლიერი თავით. მე ხომ ამ ოცდაორ წელში თითქოს მთელი ცხოვრება გავიარე. ვიცი, რომ ეს ჩემი წელი იქნება. თუმცა ერთი ცუდი ამბავი კი დამჩემდა – სუსტის მიმართ აგრესია დამჩემდა. იმედია, ამ აგრესიასაც ძველი, თითქმის უკვე გასული წელი წაიღებს. ახლა კი მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დაგიმტკიცოთ – მე თავისუფალი ვარ, ყვირილამდე თავისუფალი ! თუნდაც , იმიტომ რომ მე ახალ წელს ჩემს მობილურზე არავინ მომილოცავს.

 p.s. ყურებზე კიდევ ორი ნახვრეტი მივიმატე და თმები შევიღებე წითლად. მადლობა ყველას, ვინც მითხრა, რომ მიხდება ❤

უბრალოდ, მინდოდა , რომ ეს აქ მქონოდა. გისურვებთ, ჯერ ჩემი და მერე თქვენი წელი ყოფილიყოს. ან უბრალოდ, ჩვენი წელი.

Advertisements

6 responses to “მაგას ძველი ახალი წელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s