ისთვიქელი ალქაჯები

882056_790395954310007_1727878795_oალქაჯების ამბებმა გამიტაცა. ოღონდ ესენი ის ალქაჯები არ არიან, რომლებსაც  XVI-XVII საუკუნეებში ცეცხლზე წვავდნენ. ესენი თანამედროვე ალქაჯები არიან, ისთვიქელები – ქალები ერთ–ერთი ნაკლებად ცნობილი, პატარა და მოსაწყენი ქალაქიდან. აპდაიკომანია კი დაიწყო ასე:

საქართველოში ერთი ასეთი კუთხეა – სამეგრელო, სამეგრელოში ერთი ლამაზი სოფელია, ამ სოფელში ჩემი დიდი და ლამაზი სახლია, სახლში ღუმელია, ღუმელის ქვეშ კატებია, იქვე დიდი და ფართო სავარძელია, მის პირდაპირ პატარა ფანჯრებიანი კარია, ფანჯრებს იქით დათოვლილი მთებია მოყინული წვერებით , ფანქრის თავს რომ გაგონებენ. ამ დროს თბილა, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა ჯერ მეზარება და შესაბამისადაც ვიქცევი – წავედი ქალაქში, ვიყიდე ხუთი წიგნი, აქედან სამი ჯონ აპდაიკის. ვერაფერს იტყვი.

სამაგიეროდ, მე მოგიყვებით როგორ უნდა შეიქმნათ საშობაო განწყობა ალქაჯურად და ასეთ ჯადოსნურ და ფანტასტიურ გარემოში ზამთრის გრძელ ღამეებს როგორ უნდა გაუმკლავდეთ: მხოლოდ ალქაჯებზე, კუდიანებზე და ეშმაკისეულებზე უნდა იკითხოთ.

ახალგაზრდა ფრანგ ალქაჯს უთქვამს, სხვა არ გავხდები, კმაყოფილი ვარ ჩემი მდგომარეობით გამუდმებით მეფერებიანო. ამ შემთხვევაში, მეც სიამოვნებით გავხდებოდი ზამთრის ერთ მთვარიან ღამეს ალქაჯი. თუ ისთვიქელი ან ფრანგი არა, მეგრელი ალქაჯი მაინც 🙂 თუმცა,ამ დროს ისეც არ უნდა გადავამლაშოთ, რომ მერე ეშმაკმა ჭკუის სწავლება დაგვიწყოს და ყინულივით ცივ და ქვასავით მაგარ უკანალზე კოცნა გვიბრძანოს  (ცნობილი ამბავია).

ღრმა ბავშვობაში ნანახი ფილმიც გამახსენდა გენიალური მსახიობების სიუზან სარანდონის, მიშელ პფაიფერის, ჯეკ ნიკოლსონის და შერის მონაწილეობით, რომელიც თურმე , მწერალს – ჯონ აპდაიკს დიდად არ მოსწონებია, მე რიგით ამერიკელთა ამქვეყნიურ ცხოვრებასა და დარდებს აღვწერდი, ფილმის ავტორებმა კი აქცენტი მისტიკურ სიუჟეტზე გადაიტანესო. პრემიერის შემდეგ უთქვამს, ფილმის შემქნელებმა უბრალოდ დაივიწყეს ჩემი წიგნიო. ამ ადამიანის ამბიციებს ხომ საზღვარი არ აქვს. ამაზე თუ არა, ოცდაათ რომანზე, უამრავ მოთხრობაზე, ლექსებზე და სხვადასხვა თემებზე დაწერილ უამრავ სტატიებზე ეტყობა.  გამოდის, იმაზე ადრე გავიგე ისთვიქელ ალქაჯებზე, ვიდრე წიგნი ჩამივარდებოდა ხელში წასაკითხად.

the-witches-of-eastwick-3

კადრები ფილმიდან “ისთქვიქელი ალქაჯები”.

შორიდან შემოვუვლი სათქმელს. საქმე ისაა, რომ ჭეშმარიტება სარდაფებშია ჩამარხულია, ან უძველეს, გაცრეცილ წიგნებში, ან ძველი ქაღალდებით სავსე ყუთებში, ან ნაწილობრივ შლამშია ჩაფლული და არავის აინტერესებს. საინტერსო მხოლოდ ისაა, რასაც ჩვენი მეხსიერება ინახავს; კვალი, რომელიც ჩვენი ცხოვრებისგან რჩება და საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენს მიერ რეპროდუქტირებული წარსული, რომელიც გამოიხატება ხელოვნებაში, კონკრეტულად ათასგვარი ლიტერატურული ნაშრომებით, ხელოვნების ნიმუშებით და ა.შ. დღემდე მჯერა, რომ ამდენი მცდელობა, ამდენი ადამიანის გმირული შემართება, ფუსფუსი, დაუდგრომლობა – ეს ყველაფერი წარსულის გააწმყოების აუხდენელი სურვილია. როგორც თავად ჯონ აპდაიკი აღნიშნავს, წარსული ხშირად რომანტიკულ საფარველშია გახვეული და როცა იგი აწმყოს წარმოადგენდა, მაშინაც ისეთივე სიცარიელე ახასიათებდა, როგორსაც დღეს ვგრძნობთო. ეს სიცარიელი კი რამით უნდა ამოივსოს.

ადამიანები, რომლებიც სწორედ თავიანთ თავზე იღებენ ჩვენს გახვევას წარსულის აჩრდილებში ე.წ. ხელოვნებით, სურთ თავიდან განგვაცდევინონ ჩვენი – ადამიანების ბუნებასთან უძველესი კავშირებით მონიჭებული სიტკბოება. თუმცა, ამ დროს ისინი იმდენად აპყრობენ მზერას ჩვენსკენ, რამდენადაც პირობითად მათი სურათის სიუჟეტისათვის შესაფერის ადგილზე ვიმყოფებით. ჩვენ მხოლოდ მაყურებლები ვართ და ამდენად სურათისთვის ზედმეტნი. მხატვრის მზერის არეალში მოქცეულნი, ჩვენ მაინც გაძევებულნი ვართ აღნიშნული სიუჟეტიდან. ჩვენ მაგიერ სურათზე არის ის, რაც აქ ჩვენამდე იყო, ანუ თავად მოდელი.

ჯონ აპდაიკის მოთხრობილი ეს ისთვიქური ამბავი კი , ალბათ სწორედ ამ მოდელიდან გაღწევის წარმატებული მცდელობაა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ აქ მხოლოდ სიუჟეტიდან გაძევებული მაყურებლები არ ვართ. კითხულობ და გრძნობ, რომ მწერალს, როგორც მხატვარს, შემოყავხარ რა თავისი მზერის ველში, გაიძულებს შესვლას სურათში და მიგიჩენს პრივილეგირებულ და იმავდროულად სავალდებულო ადგილს მთელი თხრობის განმავლობაში. ეს ის შემთხვევაა, როცა გამოსახულება ჩარჩოდან გადმოდის და დაუბრკოლებლად აღწევს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეს ამბავი არის თანამედროვეობაში ხელახლა განცდილი წარსული თავისი ალქაჯებით და ეშმაკებით, გრძნეულებით და ბუნებასთან შესისხლხორცებული ქალებით. ალექსანდრა ზარმაცი, გულცივი და მოსული ქალია, ყოველთვის ცდილობს რაღაცნაირად მოიკუნტოს და თავი უკეთესი კუთხით წარმოაჩინოს. პატარა და ტემპერამენტიანი ჯეინი ერთიანად დაჭიმულ სიმს ჰგავს. სიუკ რუჯმონტი კი მთელ დღეს ქალაქის ცენტრში ატარებს, ახალ ამბებს აგროვებს და ღიმილს არავისთვის იშურებს.

მლაშე, ზღვისგან გალოკილი ისთვიქი და მისი ჰაერი ქალებს უჩვეულო ძალას მატებს. მათ სვიტერების ქვეშ ძუძუს თავები ებურცებათ. ისინი განსაკურნავ ძალას ასხივებენ და ნებისმიერი მამაკაცისთის შხამსააწინააღმდეგო და შემამსუბუქებელი გარემოებებით სავსე ბაღს წარმოადგენენ. ისინი თავგზას ურევენ ისეთ მამაკაცებსაც კი, რომლებიც ვერ იტანენ დიდგულა, მბრძანებლობის მოყვარეულ ქალებს, ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილე ისტერიკიანებს, „ლედიექიმებს“ და რომლებიც მათ „ყვერებიან ძუკნებს“ უწოდებენ.

eastwick1ბუნება და ქალი. ბუნება და ალქაჯები. ალქაჯები და ეშმაკი. ბუნება, ალქაჯები და ეშმაკი. სულიერი მდგომარეობა ყოველთვის ბუნებასთან კავშირშია. როდესაც ქალს რაღაც შეურაცხყოფს, მხოლოდ მიმართულების შეცვლაა საჭირო, რაც სულაც არ არის ძნელი. თავის დანიშნულების გაცნობიერების შედეგად, ამ ქალების მრავალმხრივ გასაოცარმა ნიჭმა მოწიფულ ასაკში ფრთები გაშალა. ადრე მათ კარგად ესმოდათ, რომ არსებობის უფლება ჰქონდათ, რომ ბუნებამ ისინი გაუზარებლად კი არ შექმნა, თანაც ყველა სიკეთესთან ერთად მრუდე ნეკნიდან, არამედ როგორც ბურჯი სამყაროსი, რომელიც უკვდავებისკენ მიისწრაფვის. მათთვის მამაკაცები მთავარი პასუხი როდია საკითხის გადასაწყვეტად, თუმცა, შესაძლოა, მთავარ შეკითხვას კი წარმოადგენდეს.

მაშინ როცა ქალებისთვის ბუნება, ფიზიკური სამყარო ბედნიერებაა, მათ თბილ ძვლებზე მიკრული მამაკაცებისთის სამყარო ქაღალდივით უგემური, არათანმიმდევრული , არეულ–დარეული მოვლენებისგან შემდგარი ერთიანობაა. ამ დროს ალქაჯისთვისაც კი, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ საკუთარ მკერდს მიფარებული ამ გულნატკენი , ეჭვით შეპყრობილი მამაკაცების სისუსტე არ გადაედოს.

ალქაჯების არსებობა აუცილებელია ჩვენთვის და ბუნებისთვის. ისინი ახმაურებენ გარემოს, ქმნიან ბუნების უწყვეტ „ჩურჩულს“ (ფუკოს თქმის არ იყოს). მათი არსებობა ადასტურებს დროში და ჩვენს თეორიულ ცოდნაში არსებულ ისეთ უწყვეტობას , როგორიც არის წარღვნები, ვულკანები და გაუჩინარებული კონტინენტები, სივრცეში იდუმალების ნისლით დაფარული ჩვენი ყოველდღიური ცდისთვის. თუმცა, ეს ყოველთვის ძნელი გასაგები იყო ყველა დროის ადამიანისთვის. ამას მოსდევდა კოცონი; ცეცხლი; ცეცხლის ალი; ცეცხლი, რომელიც ვერ ანათებდა; კვამლში გახვეული მოჩვენებები; სიბნელე და სუნი, ადამიანის სუნი,ცეცხლში შეხრუკული ადამიანის სუნი.

ეს მხოლოდ იმიტომ, რომ განზე გავდექით, ბუნების ენა დავივიწყეთ და მას, როგორც არაცოცხალ „ორგანიზმს“ ადგილი მივუჩინეთ მხოლოდ იქ, სადაც ხელი არ მიგვიწვდებოდა.  ასე გავავლეთ ზღვარი სიცოცხლის წყაროს ძიებაში ბუნებასა და ადამიანებს შორის, როგორც არაცოცხალ და ცოცხალ არსებებს შორის. თუმცა, ის კი დაგვავიწყდა, რომ ზღვარის დადგენა ცოცხალსა და არაცოცხალს შორის ვერასდროს გადაწყვეტს თავად სიცოცხლის პრობლემას.

მაგრამ გვავიწყდება , რომ ბუნებაში დარჩენილ არსებებსაც, ალქაჯებს, გრძნეულ ქალებსაც თავიანთი წესები აქვთ – ისინი თუმცა ჩვენს შორის ცხოვრობენ, მაგრამ ახერხებენ რომ ეს წესები ჩვენს მოგვახვიონ თავს და მათ სურვილებს დავემორჩილოთ. აქ სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი წაშლილია. მარტივად, რომ ვთქვათ აქ ცნება, როგორც ბოროტება ან როგორც სიკეთე არ არსებობს. მთვარი გამარჯვებაა და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება ყველაფრის ფასად.

ამ დროს კი ეს სურვილები არც ისე ამბიციურია და არც ისე არარეალური ქვეყანაში, სადაც წმინდა არაფერია. მათ უნდათ სექსი საყვარელ მამაკაცთან, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის დევნაში ბევრჯერ აღმოჩნდებიან ხოლმე სულელურ მდგომარეობაში. მაგრამ როგორც სხეულს სჭირდება საკვები, ასევე ითხოვს სული უგუნურების გამოვლენას. მათ ზოგჯერ უნდათ ამდენი შვილებისაგნ დასვენება; უნდათ ნორმალური სამსახური, მეგობრები, რომლებსაც შეიძლება ყოველ ხუთშაბათს, ე.წ. წმინდა დღეს შეხვდე საჭორაოდ და ადგილი, სადაც შეიძლება მარიხუანასგან და კალიფორნიული შაბლისგან გაბრუებულები სტერეფონურ სიბნელეში ტაინი ტიმის ხმების ფონზე ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ჩაერთონ ორგიაში. ქალები ხომ ასე ორგანიზებულები არიან მამაკაცებთან შედარებით.

M8DWIOF EC017ამ დროს კი მათთან მარტოობა ყოველ ღამე ოთახის ჭერიდან ეშვება იმ საწოლში, სადაც მათი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი სხეულები ასვენია. ამ დროს გეჩვენება, რომ თითქოს მძიმე, ჭყაპუნა ღრუბელი ხარ, რომელიც საწოლზე დევს და ჰაერიდან მთელ ამაოებას და უბედურებას იწოვს. ისინი დეპრესიას ებრძვიან და მათი სიმძიმის ქვეშ მოყოლილები , ზღვის სიღრმეში ნელა მცურავი მახინჯი თევზივით მოძრაობას ცდილობენ. ეს ბუნების სისავსისგან მოწყვეტილი ალქაჯები სამყაროს მთელი ამ განუწყვეტლივი უსარგებლობის ქვეშ იტანჯებიან.

ამ დროს, შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ ადამიანები ბევრად უგუნერები და შესაბამისად, ბევრად საშიშები არიან, ვიდრე ეს მყუდრო, ქალურ ცხოვრებას დანატრებული , განქორწინებული ალქაჯები, რომლებიც მხოლოდ იმაში არიან დარწმუნებულები, რომ მათ უთვალთვალებენ და რომლებიც იძულებულები არიან იმუშაონ და კეთილ საქმეებზე ზრუნვა მეოჯახე , უსაქმურ ქალებს დაუთმონ.

ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი, რაც სოლიდური და მნიშვნელოვანია, არსებითად ქიმერაა და გრძნობათა აღტკინებას ვერაფერი შეედრება. ერთხელაც ვირწმუნებთ , რომ ზეციურ ნიშნებს ჯერ კიდევ არ ამოუწურავთ თავიანთი დანიშნულება. ამ დროს კი ავტობუსზე გაკრულ სარეკლამო პლაკატზე უფრო რეალურად ახალამოსული მთვარის ფონზე ისთვიქის თავზე გადაფრენილი ალქაჯები მოგვეჩვენება. თუმცა, ამის დანახვაზე თავიდან შეიძლება დავიბნეთ და უხერხულად ამოვისვათ თვალებზე ხელი.

6a00d8341c630a53ef013484409f0d970c-800wi

Advertisements

3 responses to “ისთვიქელი ალქაჯები

  1. მეგრელი ალქაჯი 🙂
    ბლოგის შესაბამისი ქავერი გაქვს, მომწონს.
    რაზე წერ სამაგისტრო თემას? მე ფემინურ დემონებზე ვწერდი. მეცნო შენი მოსაწონი თემები.

    • ფემინიზმის ფილოსოფიაზე და მის გავლენაზე პოლიტიკური თეორიების ჩამოყალიბების პროცესზე…))) მეც მეცნო შენთან შენი მოსაწონი თემები და ეს მოწონილი თემები ჩემი მოწონილიცა : )

  2. Pingback: ღმერთმა დალოცოს ამერიკა …. | la maga rayuela·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s