არ მესაქართველოება

რუშდის უთქვამს, კაცი რომ სიახლის მიმართ ინტერესს კარგავს, კარს შავ ანგელოზს უღებსო.

ჩემს ქვეყანაზე მომინდა ლაპარაკი – საქართველოზე. მეცინება. ოცდაორი წელი გავიდა ჩემი დაბადებიდან, აქამდე კრინტიც არ დამიძრავს ჩემს ქვეყანაზე და ახლა რა ღმერთი გამიწყრა, რომ უკვე საქართველოს საზღვრებს მიღწეულს ამაზე მომინდა საუბარი. იქნებ სწორედ ამან ამალაპარაკა – სიშორის მოლოდინმა. სხვა თუ არაფერი, მე ხომ ამ მიწის ნაგლეჯზე დავიბადე ოცდაორი წლის წინ. განა ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ამ „მიწის ნაგლეჯზე“ მნდომებოდა ლაპარაკი? აღმოჩნდა, რომ არა.

არც მრცხვენია. რისიც ყველაზე მეტად მრცხვენია, სწორედ ეს ქვეყანაა თავისი ფსევდოპატრიოტებით. ყველაზე ნაკლებად მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეს უსიყვარულობა მაჩუმებდა. როგორ უნდა მყვარებოდა, ჩემთვის ხომ არავის უსწავლებია ის მიწა მყვარებოდა, რომელიც ამდენი ხანი ვტკეპნე. ერთადერთი, ვაჟა დამრჩენოდა აქ და მისი ნაამბობები ამ ჩემთვის უცნობ ქვეყანაზე. იქნებ, ამ მთებში ნათქვამმა სიტყვებმა გამაჩერა აქ ამდენი ხანი.

სხვა ვინმე ვიყო, გარდა იმისა, რაც ვარ. და მაინც რა ვარ? ის ყველაფერი ვარ, რაც მინახავს, რაც გამიგია, რაც მინატრია, რაც არ ამხდენია, რაც გამიკეთებია და რაც ჩემთვის გაუკეთებიათ. ყველა და ყველაფერი ვარ, ჩემი არსებობის განმავლობაში გამოცდილის, ჩემზე რამაც გავლენა მოახდინა იმ მოვლენების და ვის გამოცდილებასაც ჩემზე გავლენა მოუხდენია, ამ ყველაფრის ჯამი ვარ. ყოველი მათგანი ასე ვართ, უამრავ სიმრავლეს მოვიცავთ. ერთმანეთის გასაგებად მთელი სამყაროს გაგება მოგვიწევს და ერთი მცირე მათგანიც რომ ვუარყოთ ამ სიმარავლეებიდან, ჩავთვალოთ, რომ მთელ სამყაროს მოვწყდებით და უკუვაგდებთ. ხოდა, მეც არ ვაპირებ ამ ყველაფერს გვერდი ავუარო. იმ ყველაფერს, რაც ჩემს თვალწინ მოხდა.

მაგრამ ახლა დროის ათვლა დასასრულისკენ მიდის და არა დაბადებისკენ. თან ისე დავიღალე, რომ დასასრული შვება იქნება. ქვეყნები, სადაც ვიბადებით, ზოგჯერ მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟებივით ენერგიისგან იცლებიან და ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მათთან საქმის დასრულებაა. მაგრამ დასასრულსაც თავისი დასაწყისი აქვს. ყველაფერს თანმიმდევრულად მოვყვები.

აქამდე ჩვენ ყველანი ბედნიერად ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ერთადერთი ჭეშმარიტება ის იყო, რასაც გვაჩვენებდნენ, სწორედ ამიტომ რეალობამ არსებობა შეწყვიტა ისე, რომ ყველაფერი შესაძლებელი გახდა. სინამდვილეთა უსაზღვრო ალტერნატივამ მოგვიცვა და წყალწაღებულივით დავკარგეთ ორიენტაცია. რადგან ირგვლივ მხოლოდ სიყალბის, ირეალობის და სიცრუის უსასრულობა გვერტყა. ჩვენთვის დროის , წეს–ჩვეულებების, წარმოსახვის ნაკლებობის და მრავალრიცხოვანი მამიკოების უსიტყვო თანხმობის გამო, საყოველთაოდ აღიარებული სინამდვილე უფრო დამაჯერებელი გახდა, ვიდრე ის ჭეშმარიტება, რომელში ეჭვი თავადაც არ გვეპარებოდა.

როგორ მივაღწიეთ ამ სიწმინდეს? ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ძველი თაობის პოლიტიკოსები უკვდავებაში ჩამწნილდნენ. ისინი დროს მუმიის თითებით ეპოტინებოდნენ, გაშვება არ უნდოდათ და ამიტომაც ყოველმა მათგანმა თითოეულ ჩვენგანში თავისი უკვდავება დაამტკიცა. პირში ბინძური ტილოებივით ჩაგვჩრეს თავიანთი არანაკლებ ბინძური სიყალბე და ჩვენც ლუღლუღის თავიც კი არ გვქონდა. ყველას მძაფრი შინაგანი დიალოგი ჰქონდა გამართული საკუთარ თავთან, მისი მდუღარება ტუჩებთან ასკდებოდათ, მაგრამ ამის იქით არასდროს წასულა საქმე. სიმყრალისგან აბუყბუყებულ ჭაობებს დავემსგავსეთ.

მერე ომი დაიწყო. ჩვენ კიდევ უფრო გავეხვიეთ ირეალურის ნისლში, რომელში უკვე დიდი ხანია ვცხოვრობდით. ახალი ამბები რეალობას დაშორდა. გაზეთები მხოლოდ უცხოელთა ნათქვამებს იმეორებდა . ავტორიტარული გაზეთები მთავრობას კეთილსინდისიერებას უქებდნენ და ბუზებივით მრავალრიცხოვან ჭორებს ავრცელებდნენ. თბილისქალაქი ხომ მირაჟებით და მოჩვენებებით გაივსო. არ ვიცი ეს ომი რამდენ ხანს გავრცელდა და არც ის ვიცი, სინამდვილეში რა ხდებოდა ამ ფანტასმაგორულ ომში. ერთდერთი ის ამბები შეეფერებოდა ნაწილობრივ სიმართლეს, რომელიც ვერდატეულმა ზაფრა და შიშმა გაამჟღავნა.

i-love-my-country-but-i-am-sick-of-feeling-second-best-in-itჩვენ მრავალრიცხოვან მამიკოებს შუბლზე ოფლი ასხამდათ, ცეცხლის სინათლეს მწყობრიდან გამოყავდა ისინი. ის ძველი , საშინელი ამბები გაახსენდათ ამ ამფიბიურ ზონებზე და ისე შეშინდნენ, რომ უფრო შეშლილი ომი გააჩაღეს ამ „ჯადოსნურ“ მიწაზე. ორივე მხარე თავისი მოწინააღმდეგის გვერდით ეშმაკათა მებრძოლ მოჩვენებებს ხედავდა. ბოლოს რომელიღაც მხარე დანებდა. დღემდე გაურკვეველია, რომელი. თუმცა, ფაქტი იყო ის, რომ ბევრი მათგანი აქვითინდა, მადლობა ღმერთს ომი დამთავრდაო. და მერე ჩვენც ვყვებოდით რაღაც ნამტირალევ მოჩვენებებზე, თვალები რომ უელავდათ ისეთ დემონურ ურჩხულებზე, დახოცილთა ჰაერში მოფარფატე სულებზე, რომლებსაც თავზე ირეალური არსებების მიერ დაწნული გვირგვინი ედგათ. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდა ეს მისტერია. თუმცა, საშინლად კი მომაბეზრა თავი.

მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ მანქანის კუთხეში ვიყავი მიყუჩებული, კუჭი მიწრიალებდა შიმშლისგან და საკუთარ სახლში, გაშლილ მაგიდაზე დარჩენილ , ოხშივარადენილ სადილზე ვფიქრობდი, რომლის გარშემო ჩვენს მიერ მიტოვებული ცარიელი თეფშები იყო შემომწკრივებული. მე ისე გავწირე საკუთარი თავი, როგორც არასდროს. და ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ ეს ჩვენი მოჩვენებითი ჯარისკაცების მიერ დაღვრილ სისხლზე მტკივნეული იყო. ირგვლივ ყველაფერი ქანაობდა, ირყეოდა მამაჩემის დატოვებული სახლი, ქუხდა მოჩვენებითი არსებების მიერ გასროლილი მოჩვენებითი ქვემეხები. ომი იყო ჩემს გარშემო, ჩემს ქვეშ მიწა ირყეოდა და ეს საოცრად ჭეშმარიტი იყო.

იყო ომი და იყო მაგიდაზე ხელუხლებლად დარჩენილი დედის გაკეთებული ცხელი საჭმელი. ეს იყო ერთადერთი სიმართლე ჩემს გარშემო, რომელმაც ჩემსა და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების გონებას ღრმა ფატალური ფორმა მისცა. მერე ისევ ნოსტალგიის მოჩვენებით წყვდიადში გავეხვით, როგორც კატა ეფლობა ხოლმე თავის იდუმალ სამყაროში ზამთრის ცივ საღამოს. მერე კი , ისევ ომი დაიწყო და ყველაფერი ისევ თავიდან მოგვარდა. ვაღიაროთ, რომ ასეთ დროს ომი სასწაულებს ახდენს. თან თუ ეს ის წმინდა ომია, რომელიც ერთგვარად ცოდვებისგან განწმენდას ჰგავს.

ვცდილობ მისტიფიკაციას თავი დავანებო და ფაქტებზე გავამახვილო ყურადღება, მაგრამ ამ ყველაფრის გახსენება არც ისე ადვილია მაშინ, როცა მხოლოდ სამოთხისმომტან და ძილისმომგვრელ ბომბებს ელოდები და სხვა დანარჩენი კი, სისულელედ და დროის კარგვად გეჩვენება. მაშინ პატარა ვიყავი და არც კი ვიცოდი ჩემსა და ომს შორის რა ინტიმური კავშირი არსებობდა. აქამდე მხოლოდ მოყოლილი ამბებისგან აღძრული ემოციების ამარა ვიყავი. მაგრამ ამ ომისგან გამოწვეული აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რკინის ყუთებში ჩაკეტილი მივიწყებული საგნებიც კი ამოყარა და ის სულიერი საკეტებიც მოხსნა, რომლებიც ქართველებმა თავიანთ წარსულ ომებთან ერთად დამარხეს და მიივიწყეს.

იმან, რაც ამდენი წელი უჩინარი იყო, ერთბაშად გამოანათა. ქვეყანამ თითქოს ერთბაშად გაიხადა წარსულიც, აწმყო, დრო, მომავალი, სიკვდილი, სიყვარული, მოგონება და წამიერი, მაგრამ დროს გაცდენილი აფეთქება. აღარც დანაშაულის შეგრძნება ტანჯავდა, არც არც სირცხვილის, აღარც სიყვარულის, აღარც ისტორიაში შესვლის, უბრალოდ სწრაფად გაზრდა სურდა.

ასე თუ ისე, საერთაშორისო დიპლომატიის აუცილებლობამ თუ სხვადასხვა პირთა პოლიტიკურად მოტივირებულმა მანიპულაციებმა ქვეყნის სრულ განადგურებას ხელი შეუშალა. თუმცა, ისტორიისგან დაცლილებმა , კიდევ უფრო დავხვეწეთ მორჩილების ხელოვნება და მხოლოდ იმას ვაკეთებდით, რასაც გვთხოვდნენ. საბოლოოდ მივიღე ის, რომ არავითარ თანაგრძნობას არ განვიცდი იმ ქვეყნისადმი, რომელმაც ამდენი სისხლი შეისრუტა და ამდენ ქართველს გაუგო გემო.

დანაშაულის გრძნობა რთული და კომპლექსური გრძნობაა. მთავრობას ჩვენ ვირჩევთ, ამიტომ რაც ხალხი ვართ – იმ დღეში ვართ. დანაშაულის საკითხს ფართო ჰორიზონტიდან ვუყურებთ. რაც ხდება იმასთან იმდენად ახლოს ვართ, რომ მომავლის განჭვრეტა შეუძლებლად გვეჩვენება. ალბათ, მერე ისევ და ისევ ჩვენს ფსევდოანალიტიკოსებს მივანდობთ შეფასებას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზეზებსაც ისინი გვეტყვიან ალბათ. მაგრამ ახლა იმდენად ახლოს ვართ მოვლენებთან, რომ ყველაფერს წერტილებად ვხედავთ, ამიტომ ყოველგვარი შეფასება სუბიექტური იქნება. ჰოდა, მეც სუბიექტურად მრცხვენია, რომ ასეთი ჩემი სამშობლო არ მიყვარს. მომიტევეთ ძვირფასო თანამემამულეებო. თუმცა, ამას ვერაფერი ეშველება, არც ცვრიან ბალახზე ფეხშიშველად გავლა და არც ასი გალაკტიონი. პატიებასაც ნამდვილად არ ველი.

რუშდი ამბობდა, ბავშვები და პოლიტიკა ბინძური საქმეაო. ბავშვებთან დაკავშირებით ვერ დავეთანხმები, მაგრამ პოლიტიკა იქამდე დარჩება ბინძურ საქმედ, სანამ ადამიანის სიცოცხლე მთელ ამ მაკროკოსმოსურ უაზრო აქტივობებს არ გადაწონის. ახლა მაინც შეწყვიტეთ ეს შემგუებლური „არ მეშინია“. მანადგურებს. შეწყვიტეთ ეს უაზრო ნივთების ომი, იდეებისთვის მაინც იბრძოლეთ. მაღიზიანებს თქვენი ყალბ აფორიაქებას ამოფარებული სიმშვიდე და გაწონასწორებულობა. ნუთუ ოდნავ პროტესტის გრძნობა არ გაგაჩნიათ. როდემდე დაიჯერებთ, რომ ყოველგვარ კრიზისზე მაღლა დგახართ?

ამდენი დოზით მიიღეთ პოლიტიკა და მაინც ვერ განიკურნეთ იმედის ვირუსისაგან. ვკითხულობდი ამას წინათ, სექტომია ბერძნულად მოჭრას ნიშნავსო. მივყვებოდი და ყველა ქართველს ჩავუტარებდი სპერექტომიას – იმედის მოჭრას და იქამდე ვაყურებინებდი საკუთარი თავისთვის სარკეში, სანამ იქ საკუთარ , ისტორიისგან გამასხარავებულ და ბედისწერისგან მიბეგვილ სახეს არ დაინახავდნენ. იმას კი არ ვამბობ, რომ ამ ქვეყნის ცხოვრება მეტის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ სანამ საკუთარ თავს არ იხილავ , ვერც საკუთარ შესაძლებლობებს ამოიკითხავ მასში.

რუშდის უთქვამს, ადამიანები კატებს ჰგვანან, ვერაფერს შეასწავლიო.

Advertisements

5 responses to “არ მესაქართველოება

  1. ძალიან მართალი პოსტია. მართლა სათქმელი აღარ დარჩათქო ეგეთი შეგრძნება მაქვს,ამოწურე. გეთანხმები ბოლომდე.

    • სათქმელი ბევრია. პრინციპში, არაა არაფერი სატქმელი. სწორედ ამან მათქმევინა ამდენი.

  2. Pingback: პასუხის პასუხი ანუ როცა გაჩუმება არ შეგიძლია | ელე–განტური·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s