ამელი ნოტომის აჯანყება. ომი და სიყვარული ჩინურად

Sabotaggiodamoreამბავი უნდა მოგიყვეთ ომზე და სიყვარულზე. უფრო სწორად, ბავშვების თვალით დანახულ ომზე და სიყვარულზე. აი, იმ ბავშვებზე მინდა მოგიყვეთ, რომლებმაც მაშინ არც ვიტგენშტაინი იცოდნენ, არც ომი, არც სიყვარული, მაგრამ ერთხელაც ბავშვის ნარწყევის სუნად აყროლებულ პეკინში ერთად გამოსცადეს ომიც, სყვარულიც და ვიტგენშტაინამდეც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ „სამყარო არის ყველაფერი, რაც ხდება“. მაგრამ ვინაიდან , თურმე , ამ პეკინს არაფერი ჰქონდა საერთო სამყაროსთან, 1974 წელს პეკინი არც „მომხდარა“.

სწორედ ამიტომ, ბევრმა არ იცის, რომ 1972–1975 წლებში მსოფლიო ომი გაჩაღდა პეკინში, სან ლი ტუნის გეტოში, თან ისეთი ომი, როგორზეც აქამდე არავის არ სმენია. აბა, რომელ ყოველდღიურ გამოცემას, პრესის რომელ სააგენტოს ან რომელი ისტორიული ნაშრომის ავტორს უხსენებია სან ლი ტუნის გეტოს მსოფლიო ომი ჩინეთში, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა?

არადა, ზოგი ქვეყანა ნარკოტიკივით მოქმედებს. ასეთია ჩინეთიც, რომელიც თვალს გიბრმავებს ციური კოშკებით, სურნელოვანი ბორცვებით, დიდი კედელით, მინგის დინასტიის ქანდაკებებით, მაგრამ მხოლოდ კვირაობით. სხვა დღეებში არის ჭუჭყი, სასოწარკვეთა, ცემენტის მასა. და კიდევ, ეს სამწლიანი ომი ბავშვებს შორის, რომელმაც თავისი სისასტიკით, ორგანიზებულობით და შეუპოვრობით „დიდების“ ომსაც კი გადააჭარბა?

ჩინეთი ჰგავს გაქნილ კურტიზანს, ვინც თავისი უამრავი ფიზიკური ნაკლის დაუფარავად ახერხებს, ყველა საყვარელს თავი შეაყვაროს“ – ამბობს ამელი ნოტომი თავის პატარა ნოველაში „შეყვარებულის აჯანყება“ და გვიყვება  საკუთარ ომზე, სიყვარულზე და საკუთარი თვალით დანახულ კომუნისტურ ჩინეთზე საოცარ, ეპიკურ , ფანტასტიკურ და ამავდროულად ტრაგიკულ ამბავს.

ომი – მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ქვეყნის დაბნეული ელჩების, დიპლომატების თუ ათასი სხვადასხვა სრულიად უსარგებლო, გაურკვეველი დანიშნულების და დავალების მქონე ადამიანების შვილებმა, სწორედ სან ლი ტუნის გეტოში მოიყარეს თავი. მათ იქ არავინ მეთვალყურეობდათ. ეს ის ბავშვები იყვნენ, რომლებსაც მხოლოდ სამხედრო და სასიყვარულო ამბიციები გააჩნდათ საკუთარი მშობლებისგან განსხვავებით და რომელთაც თავი სამყაროს ცენტრად წარმოედგინათ. მათთვის სამყარო იმისთვის არსებობდა, რომ მათ ეარსებათ. ხოლო ომი იყო ის ერთადერთი საშუალება, რომელიც მათ სწორედ ამ თავიანთ „არსებობაში“ არწმუნებდათ.

წარმოიდგინეთ პატარა მხეცების, ნამდვილი არამზადების არმია, რომლებიც თავიანთი სისაძაგლისგან აღტაცებით ილანძღებოდნენ. თან ერთმანეთს ეუბნებიან, რა საზიზღრები ირიან და ერთმანეთს არწმუნებენ, რომ უმტრო ადამიანი უბადრუკია. ამქვეყნად ხომ ყველაზე საჭირო სწორედ მტერიაო. იქნებ სწორიც იყვნენ ეს ბავშვები, როცა თავიანთ მშობლებს გაუგებარ ადამიანებად და პატარა ბავშვებად თვლიდნენ. მათგან განსხვავებით ის მაინც იცოდნენ, რომ ვინ იყო მათი მტერი და ვის უნდა შებრძოლებოდნენ. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა მთელი ჩინეთი თითქოს აჩრდილებით , სიყალბით და სიბინძურით იყო სავსე.

უფროსები ამ დროს აჩრდილებს ებრძოდნენ, ჩინეთის გასაიდუმლოებულ მთავრობასთან, ფიქტიურ , უსახელო დიპლომატებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და  აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ ამ დროს მათ გვერდით, მათ თვალწინ დიდი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა. ყველაზე შეშლილი და ყველაზე წარმოუდგენელი ომი. ომი მათ შვილებს შორის. ომი, რომლის შეჩერებაც ყოველგვარ დიპლომატიურ ამბიციებს აღემატებოდა. თითქოს სამყარო, მილიარდობით წლების მანძილზე, ამ ბავშვების დაბადებისთის ემზადებოდა.

მათი თავისუფლების ისტორია სწორედ ამ ნაცრისფერ, პირქუშ გეტოში დაიწყო, რადგან სწორედ აქ შეიცნეს, რომ არ არსებობდა ომზე კეთილშობილი თამაში. გყავდეს აშკარა , ხილული მტერი, ეს უკვე ერთგვარი თავისუფლებაა – ესეც სან ლი ტუნის გეტოს ბავშვთა დაუწერელი კანონი. არ გეგონოთ , რომ იქ ბავშვები არაფერს სწავლობდნენ – სწავლობდნენ, მაგრამ სწავლა სხვას არაფერს ნიშნავდა მათთვის, თუ არა ომის გაგრძელებას.

ამ დროს კი, დიდები თავიან ბავშვობაზე, თავიანთ ცხოვრებაზე უდრტვინველად საუბრობდნენ და აზრადაც არ მოსდიოდათ რომ ტყუოდნენ, თუ თავს იტყუებდნენ. ისინი თითქოს არასდროს ყოფილან ბავშვები. თითქოს, თავიდანვე დიდები იყვნენ. არადა , რა იცოდნენ, რომ მათი ასეთი გულუბრყვილობა ამ ბავშვებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. მათ შვილებს თავისუფლება უწიოდათ ყურებში, სრული თავისუფლება, რომელიც მათ ტიტანებად აქცევდა !

სიყვარული – ომის და სიყვარულის თაანრსებობა არც ისე დაუჯერებელი ყოფილა თურმე. მით უმეტეს, თუ სიყვარულის ობიექტი ჩვენი მთავარი გმირის ანუ ჩვენი გმირი მზვერავის  სახლიდან ორმოცი მეტრის მოშორებით ცხოვრობს, თან ისე ცხოვრობს, თითქოს მისთვის სავსებით კმარა, იყოს ულამაზესი და ჰქონდეს გრძელი თმა.

არადა წარმოიდგინეთ, რა მძიმე დარტყმა უნდა იყოს მკვრივი, ნატიფი, ბავშვურად ნაზი, უჩვეულოდ ჩამოქნილი ელენეს გამოჩენა ისეთი ბავშვის სამყაროში, რომლისთვის ომობანას გარდა სხვა რამის თამაში ღირსების შელახვაა.  ან ვის გაუგია, გოგოს გოგო შეუყვარდეს. თან იმის გათვალისწინებით, რომ  ჩვენს ღირსეულ მზვერავს , რომელაც აქამდე თავად იყო სამყაროს ცენტრი, აქამდე არც მეგობარი ბიჭი ყოლია, არც მეგობარი გოგო. მეგობრების ყოლა ხომ გადაგვარებას ნიშნავს. თან ისეთი მეგობრის ყოლა, რომელიც არაფერს კადრულობს გარდა იმისა, რომ იყოს ლამაზი.

რამდენნაირი სიყვარულის შესახებ არ წამიკითხავს, როგორი სიყვარული არ მინახავს, მაგრამ ასეთი არაჩვეულებრივი, უცნაური, ლამაზი და ამავდროულად , ასეთი საშიში სიყვარულის შესახებ ალბათ ბევრს არ სმენია.

ეს გოგონა ჩვეულებრივი მზვერავი არ გვეგონოს – ის არის გოგონა, რომელიც კაცობრიობას ყოფს სამ კატეგორიად: ქალები, პატარა გოგოები და სასაცილოები (ბიჭები). ქალები საჭირო არსებები არიან; სასაცილოები არაფრისთვის ვარგიან, რადგან მათ ტრაგიკული ხვედრი ერგოთ: სასაცილოებად დაიბადნენ, იმ სასაცილო რაღაცით ფეხებს შორის, რითაც თავგამოდებით ყოყოჩობენ. ხოლო, რაც შეეხება, პატარა გოგონებს, მხოლოდ მათ შეყვარებას თუ აქვს აზრი. სწორედ პატარა გოგონა უნდა იყო, რომ გაიგო რა წარმტაცია სხეულის ფლობა. ესეც მეორე დაუწერელი კანონი ჩვენთვის უკვე ნაცნობ გეტოში.

ამ დროს კი თოვლის უზარმაზარი ფთილები შთანთქავდა პეკინს, არაფერს ცვლიდა, მაგრამ ამით ჩინეთი თითქოს ცოდვებს გამოისყიდიდა. თავი ლამის ჩინეთში გეგონებოდა. ცივსისხლიანთა ჩინეთში. იმ ჩინეთში, სადაც ევროპელ ბავშვებთა მიერ დაწყებულ ომს ისევ აღმოსავლელებმა, კონკრეტულად ნეპალელებმა დაუსვეს წერტილი თავიანთი შეუჩერებელი აგრესიით, მაშინ როცა პირველად გამოაჩინეს ცივი იარაღი. აზიას ხომ ვერც ერთი კონტინენტი ვერ შეედრება ძალადობაში.

და ა.შ. არ მეგონა, თუ ხელის გულზე დასატევ წიგნზე ამდენის დაწერას შევძლებდი. ზოგადად, ეს ხომ საშინლად მოსაწყენია. მაგრამ ამელი ნოტომი ის ამელი ნოტომია, რომელიც მართლაც ხელის გულზეც გეტევა და შიგ გულშიც. თქვენი არ ვიცი და მე ნამდვილად დავიტიე მთელი თავისი უსაზღვრო სამაყროთი, მთელი თავისი აღმოსავლეთით, თავისი ფარდაახდილი წარსულით და თავისი გასაოგნებელი სიყვარულით.

„ყველა ომი ტროას ომია, არანაირი სასიყვარულო მიზეზი არ არის ყურადსაღები. ვინაიდან ერთადერთი სიმართლე ის არის, რაზეც კრინტს არავინ სძრავს: ომობენ იმიტომ, რომ უყვართ ომი, თანაც ეს კარგინ დროს ტარებაა. და მუდამ გამოჩხრეკენ ღირსეულ საბაბს – სიყვარულს.

მშვენიერი ელენეც მართალი იყო, როცა გრძნობდა , ეს მე არ მეხებაო და სარკეში იცქირებოდა.

და ძალიან მხიბლავს ელენე, ვინც 1974 წელს , პეკინში მიყვარდა.“

Advertisements

2 responses to “ამელი ნოტომის აჯანყება. ომი და სიყვარული ჩინურად

  1. რა კარგად წერ, მაგა.
    ეს წიგნიც კარგად მახსენდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s