ეპო–ქალური საპფო

1644439

„ასე მგონია, მომავალშიც გაგვიხსენებენ…“– იმისნა საპფომ, მსოფლიოს ლირიკული პოეზიის უპირველესმა პოეტესამ, თავის ეპოქაშივე აღიარებულმა დიდებულ მგოსნად. მისნობა ახდა: მის ქმნილებებს აღფრთოვანებით კითხულობდნენ ელინებიც და ბარბაროსებიც, წარმართებიც და ქრისტიანებიც…დროთა განმავლობაში საპფოს სახელი ლეგენდებით შეიმოსა, ქმნილებათაგნ კი ფრაგმენტები შემოგვრჩა.

ყველა ეპოქის მკითხველს იზიდავს შეუსაბამო ისტორიები, მითუმეტეს, თუკი ისინი სახელოვან პიროვნებებზე მოგვითხრობენ. ანტიკურ ხანაშივე ვრცელდებოდა საპფოს შესახებ მიეთ–მოეთი. გადმოცემათა თანახმად, იგი ყოფილა ტანმორჩილი, შავგრემანი და ულამაზოც, თანაც უზნეო. მას მშვენიერი ჭაბუკი ფაონი შეყვარებია, ხოლო ფაონს არ უყვარდაო პოეტი ქალი. უიმედო ვნებათღელვას აყოლილ საპფოს თავი მოუკლავს, გადაშვებულა რა ლევკადის კლდიდან ამღვრეულ ზღვაში; სხვა ლეგენდა კი გვამცნობს, თითქოს საპფო იყო ჰეტერა, ართობდა მამაკაცებს, მაგრამ ჭეშმარიტი ვნებით მხოლოდ ახალგაზრდა ქალიშვილებისკენ ისწრაფვოდა , მათ უძღვნიდა თავის სიმღერებს. 

სულ სხვაგვარად წარმოგვიდგენდნენ საპფოს ანტიკურობის სახელოვანი მოღვაწეები: მისი თანამედროვე და თანამოქალაქე დიდი პოეტი ალკეოსი ერთ–ერთ ფრაგმენტში ღვთაებათა საკადრისი ეპითეტებით ამკობდა თავის ოდის ადრესატს: „იებით მორთულო, წმინდა, ტკბილღიმილიანო საპფო“. ამას ვერაფერს დავუმატებთ.

საპფოს პიროვნებით დაინტერესებას მრავალმა გარემოებამ შეუწყო ხელი. ყველაზე მეტად კი იმან, რომ მისი შემოქმედების დიდი ნაწილი ქალწულებს ეძღვნებოდა. მათი შთაგონებით ქმნიდა პოეტი თავის სიმღერებს, რომლებშიც ჩაქსოვილი იყო მისი ემოციური ბუნებისათვის დამახასიათებელი მძაფრი განცდები და ლტოლვები. რატომ? ამაში რომ გავერკვეთ , უპირველეს ყოვლისა, უნდა წარმოვიდგინოთ ამ პერიოდის კუნძული ლესბოსი, საპფოს სამშობლო.

ეოლიელებით დასახლებულ ამ მშვენიერ და მდიდარ კუნძულზე საინტერესო თავისებურება დასტურდება: აქ ქალები დამოუკიდებელნი და თავისუფალნი იყვნენ , მაშინ როდესაც იმავე პერიოდში ატიკაში ისინი მკაცრად განსაზღვრულ ოჯახურ წესებს ემორჩილებოდნენ. იმ შორეულ ეპოქაში ლესბოსზე მატრილინეარული ტრადიციები ჯერ კიდევ არ იყო გამქრალი, ალბათ ამიტომ არისტროკრატული გვარის ჩამომავალი კაცებისთვის არსებულა ე.წ. მამრთა საიდუმლო კავშირები.

ისევე როგორც კაცებს, კუნძულ ლესბოსზე ქალებსაც ჰქონდათ თავშესაყარი ადგილები, ჰყავდათ რჩეული ღვთაებები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ და რომელთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საგანგებო რიტუალებს ასრულებდნენ. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს, უპირველეს ყოვლისა, საპფოს ლირიკა.

საპფოს უთქვამს, რომ მას მუზები ანიჭებდნენ ჭეშმარიტ ბედნიერებას,ამიტომაც ეთაყვანებოდა მუზებს, ხოლო იმ ადგილს, სადაც თავს იყრიდნენ საიდუმლოს ზიარებული ქალიშვილები , უწოდებდა „მუზის მსახურთა სახლს“. არავის მიუჩნევია საკამათოდ, რომ საპფო ამ სახლის წინამძღვარი იყო.

სავარაუდოა, რომ საპფო, როგორც წინამძღვარი ქალწულთა რელიგიური და შემოქმედებითი სახლისა, ანუ თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ სალონისა, ეწეოდა აღმზრდელობით და აკადემიურ მოღვაწეობასაც. ხოლო ქალწულნი, მას შემდეგ რაც მიიღებდნენ დახვეწილ რელიგიურ თუ მუსიკალურ–პოეტურ განათლებას, შინ ბრუნდებოდნენ, ან თხოვდებოდნენ. ის დრო, რომელსაც ქალიშვილები ატარებდნენ ერთად, უბედნიერესი იყო მათ ცხოვრებაში.

გადმოცემათა თანახმად , მას ჰყავდა ქალიშვილი, სახელად კლეისი. პოეტს მრავალი ლექსი ექნებოდა მისადმი მიძღვნილი. ჩვენამდე მოაღწია რამდენიმემ, მათ შორის ასეთ სტრიქონებს შევხვდებით: „ რა ლამაზია საყვარელი ჩემი გოგონა, ჩემი კლეისი, ოქროვანი ყვავილის დარი, მის ნათელ სახეს შემოვავლებ ლიდიასაც და ლესბოსსსაც სანაცვლოდ გავხვდი“.

რაც შეეხება საპფოს მამაკაცებთან ურთიერთობას,რამდენიმე ფრაგმენტში ჩანს ამის კვალიც. ერთ–ერთ მათგანში პოეტი მისთვის ჩვეული ოსტატობითა და პოეტურობით სამყაროში სიმარტოვის მარადიული განცდის წინაშე გვტოვებს: „ჩაესვენა მთვარეც, ვარსკვლავებიც, დადგა შუაღამე, დრო კი მიდის, მიდის….ისევ მარტო ვწევარ“.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საპფოსა და ელკეოსის ურთიერთობა. ისინი ერთ დროს , ერთ ქალაქში ერთად ცხოვრობდნენ და თავის–თავის საქმეს ასრულებდნენ. გადმოცემის თანახმად ალკეოსს უყვარდა საპფო. ჩანს, ამის საფუძველს ალკეოსის ადრე მოხსენიებულ ფრაგმენტთან ერთად იძლეოდა არისტოტელესთან დადასტურებული ამონარიდი – დიალოგი ორ დიდ პოეტს შორის.

ჩვენამდე მოაღწია ძვ.წ. მეოთხე საუკუნის ლარნაკმა ამ ორი პოეტის გამოსახულებით, სადაც ალკეოსი თავდახრილი დგას საპფოს წინაშე. გამოუცნობია, რას საყვედურობს საპფო ალკეოსს. ამაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მათი დახმარებით კიდევ ერთი შტრიხი შემატებოდა საპფოს პორტრეტს: რამდენადაც გახსნილია და მხურვალე საპფო თავისი სალონის ქალწულებისადმი ემოციების გამოვლენისას, იმდენად თავშეკავებულია და და ღირსების გრძნობით აღვსილი კაცებისადმი მიმართებით.

Advertisements

One response to “ეპო–ქალური საპფო

  1. არ ვიცოდი ეს პოსტი ) სახელმძღვანელოს გაკვეთილს გავს რაღაცნაირად :3
    საპფოს ქმართან დაკავშირებითაც რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება… მაგის ე.წ. სალონზეც ბევრი “მითქმა-მოთქმა” იყო თურმე ) მართლა ძნელი გასაგებია, თუ ლესბოსურს სიყვარულში სდებდნენ ბრალს, რატომ იყო რომ მის წრეში აღზრდილი ქალიშვილები ყოველთვის უფრო წარმატებით თხოვდებოდნენ…
    შეიძლება უბრალოდ თავისი სქესისადმი ძალიან მგრძნობიარე ქალი იყო და მეტი არაფერი.
    როგორ მაინტერესებს ეს ადამიანი და როგორ მეცოტავება არსებული ინფორმაცია :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s