შუაღამის შვილები

14758„გთხოვ, დამიჯერე, რომ ვინგრევი. ეს მეტაფორა არ არის, არც წინასწარგათვლილი ნაბიჯია და არც რაღაც მელოდრამული, ბინძური და ავადმყოფური თხოვნა, შემიბრალონ. უბრალოდ, ამას ვგულისხმობ, რომ ძველი დოქივით დავიბზარე, ჩემი საცოდავი და უშნო სხეული, რომელიც მეტისმეტმა ისტორიულმა ამბებმა მოშალა და დაანგრია, სულ უფრო და უფრო იცლება და მახინჯდება. მოკლედ, ნელ–ნელა ვიშლები; აჩქარების ნიშნებიც ჩანს. გაითავისეთ ისე, როგორც მე გავითავისე, რომ საბოლოოდ ექვსას ოცდაათ მილიონ ნაწილად დავიშლები, ეს უსახელო ნაწილები მტვრად იქცევიან. ამიტომ , გადავწყვიტე ფურცელს გავენდო, სანამ ნელ–ნელა ყველაფერი დამავიწყდება (ჩვენ, ინდოელები, დამვიწყებელი ერი ვართ)“.

ეს სალმან რუშდის ინდოეთია. არ არის აუცილებელი სინამდვილე და რეალობა ერთი და იგივე იყო.  ის სიცოცხლის ყლაპვის ოსტატია და მისი და მისი ინდოეთის  ცხოვრების გასაგებად, თქვენც მოგიწევთ ამ ყველაფრის გადაყლაპვა. ეს სამყარო ტრადიციებით და რწმენით შემოფარგლული ერთგვარი ციხესიმაგრეა. მაგრამ ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო. სალმან რუშდიც ის „მოღალატე“ აღმოჩნდა, რომელმაც იდენტობის, წარმომავლობის, ტყუილისა და სიმართლის გამოაშკარავების ჟამი ამოიცნო, ოპტიმიზმის ეპიდემიას წერტილი დაუსვა  და ამ ყველაფრის მსოფლიოსთვის ჩვენება თავის თავზე იტვირთა.

ვაღიარებ, რომ ყველაზე მეტად უაზრობის მეშინიაო.

პირველივე გვერდზე ამ სიტყვებს გადავაწყდი და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ერთთვიანი სევდა. თითქოს პატარა მოუთვინიერებელი ცხოველი ვყოფილიყავი, რომლის დაოკება ყოველი ახალი გვერდის გადაფურცვლისთანავე თავიდან უწევდა მწერალს. მერე რა, რომ ავტორი არც მეტი არც, არც ნაკლები თვით სალმან რუშდი იყო. მერე რა, რომ რომანი მდიდარია სიტყვათა თამაშით, სევდიანი პათოსით, პოლიტიკური რეალობით და მაგიური ირეალობით  და რაც მთავარია, ავტორის გულისტკივილით მშობლიური ინდოეთის ბედ–იღბლის გამო. ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთ–ერთ ჯგუფში ვახსენე , რა ვქნა, „შუაღამის შვილები“ თაროზე მიდევს მტვრით დაფარულითქო. მაშინვე დავით გორგილაძემ წამოყო თავი, რუშდი ხომ ღმერთიაო! მაგრამ პასუხმაც არ დააყოვნა და ერთ–ერთმა ინტელექტუალმა უპასუხა, კიდევ კარგი ათეისტი ვარო. გამიხარდა.

იმის თქმა მინდოდა, რომ მეც ვერ ვირწმუნე. ვერ დამიყოლია. თავი ვერ დაამხრევინა. აბა, ერთი თვე რად უნდა ერთი წიგნის წაკითხვას. არადა რუშდია. მაგიური რეალიზმიო, სატანური ლექსებიო, ისლამის რატომ უნდა გვჯეროდესო, აიათოლა ჰომეინის წყევლაო… რას ვერ გაიგებთ ამ ადამიანის შესახებ. გული გამიჩერდა, როცა ვნახე ფოტო, სადაც პროირანულ ბეირუთში 1989 წელს აიათოლა ჰომეინის პოსტერის წინ დგას გოგონა უფრო მცირე პოსტერით , სადაც წერია, რომ მზად არის მოკლას რუშდი.  კიდევ კარგი, რომ ევროპა არსებობს, რომელიც სწორედ ასეთ დროს, თავისი კალთის ქვეშ იფარებს ხოლმე ამდენ ცოდვისმატარებელს. აი, ის ევროპა, რომელსაც მყრალი და სახეალეწილი თაი შიკარა აღვირახსნილი აზიზების საბუდარს უწოდებს. სხვას რას იტყვის, როცა თურმე ჰაიდელბერგში მედიცინისა და პოლიტიკის გარდა იმასაც ასწავლიან, რომ ინდოეთი რადიუმივით სწორედ ამ ევროპელებს „აღმოუჩენიათ“. იმ ინდოეთზეა საუბარი, სადაც წესიერი გოგოები მამაკაცს არ ენახვებიან, სადაც მათი შეყვარება მხოლოდ ნაწილ–ნაწილ შეიძლება – ზეწრის მეორე მხრიდან და სადაც შვილების განათლება მხოლოდ სასოწარკვეთას იწვევს ძვირფას დედებში.

1947 წლის 15 აპრილს ინდოელები ბრიტანელი კოლონიზატორებისგან კალკუტის განთავისუფლებას ზეიმობენ. სწორედ ამ დროს დაიბადა სალემ სინაი. როგორც ყინული იცდის წყლის ქვეშ, სწორედ ისე იცადა ინდოეთმა და თავისუფლებაში რომ შეაბიჯა, სწორედ მაშინ გამობორძიკდა დედის მუცლიდან და სწორედ ამ ტირანი და ბნელით მოცული საათის გადამკიდე , თითქოს ხელბორკილი დაადესო, ისე გადაება პატარა სალემიც ისტორიასა და ქვეყნის ბედს. ალბათ იმიტომაც, რომ ყველაზე მეტად უაზრობის ეშინოდა. ყველა ბავშვი, რომელიც 15 აპრილის შუაღამეს ან ორი საათის ინტერვალით დაიბადა, განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული, ზოგს დროში მოგზაურობა შეუძლია, ზოგსაც – გაუჩინარება და ა.შ. ეს მრავალფეროვანი უნარები სიმბოლურად ინდოეთის მდიდარ პოტენციალზე მიანიშნებს. ბავშვების ამ მცირერიცხოვანი ჯგუფიდან გამორჩეული მხოლოდ ორია – სალემი და შივა. ისინი ზუსტად შუაღამეს მოევლინენ ქვეყანას. სალემს შეუძლია ადამიანების გულისა და გონების სიღრმეებს ჩასწვდეს, ხოლო შივას სრულიად საპირისპირო,ომის ნიჭი აღმოაჩნდება, ის მკვლელი ხდება. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო უნარის მქონე პერსონაჟის სახით ავტორი ინდოეთის დამოუკიდებლობის პირველ წლებს ასახავს. სალემი მდიდარი ოჯახის შვილია, შივა კი ობოლო მაწანწალა. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ცხადი ხდება, რომ ბიჭები დაბადებისას შეცვალეს.

ვიღაცას ღმერთი უწოდეს და ღმერთი არ იყო; ვიღაცას მოჩვენება უწოდეს და მოჩვენება არ იყო. ვიღაც , ვისაც სალემ სინაი უწოდეს – თავის მშობლების შვილი არ იყო. ავტორმა სალემი ინდოეთთან გააიგივა. პოლიტიკური, სოციალური და ისტორიული მოვლენები, ინდოეთში რომ ვითარდება და მისი დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა, სწორედ სალემის ცხოვრების მაგალითზეა გადმოცემული.

ან რუშდის ქალები – ვალკირიები, მეომარი ქალღმერთები. მეამბოხე ქალებს რა დალევს ამ წიგნში. ან რა უცნაურად იტანჯებიან: „რატომ ვერ იღებ სიამოვნებას, შე შტერო ქალო, დღეიდან მართლა უნდა სცადო“. ეს სალემ სინაის დედაა, რომელმაც ასევე ნაწილ–ნაწილ შეიყვარა თავისი ქმარი, მაგრამ ვერ შეიყვარა ის „ერთი ნაწილი”. ან ის მეთევზე ქალები, რომლებსაც სინდისი მოშვებული აქვთ და სარი მოჭერილი. ან ის ქალი, რომელიც მუშტადშეკრული და საჩვენებელთითებგაშლილ ხელებს ჯერ თავზე აიცურებს, მერე საჩვენებელ თითებს ყურებში შეიცურებს და თითქოს სკამიდან წამოიწევა. მერე კი,  სწორედ ასე ყურებშითითგარჭობილი ქარივით დაქრის შუა ქუჩაში – მანდილმოხსნილი. აქამდე ვის უნახავს ყურებში თითგარჭობილი და და უმოსასხამო ქალიშვილი, მარტო რომ ერბინოს სასოწარკვეთილს ნაწვიმარ ქუჩაში. ან ის ქალი – მაიმუნი, რომელსაც ცხოველების, კატების, ჩიტების ხმა ესმის და პროტესტის ნიშნად ყველა ფეხსაცმელს ცეცხლს უკიდებს. მერე რა, რომ შემდეგში ერთი მორჩილი და ფანატიკოსი მომღერალი გახდება. იქამდე ხომ მანქი იყო. ოჯახის რისხვა.  ან ქალი, რომელიც ქმარს თავისი უსიტყვობით სჯის და ამ დროს კედლებსაც სიჩუმე სჭამს თითქოს. ვაღიაროთ, რომ უცნაურად გამოხატავენ ინდოეთში პროტესტს. მამაკაცები ძირითადად ჭამაზე და დაბანაზე აცხადებენ ხოლმე უარს, ამ დროს და ისიც , ძირითადად ამ ქალების და მათადმი შიშის გამო. ამ დროს მათ ისეთი ჯაჭვური რეაქცია ეწყებათ, რომლის გავლენიდან სრულად ვერასდროს ვერ გამოდიან.

მეტს არაფერს ვიტყვი. შუაღამის შვილები შეწუხებას არ იმსახურებენ.

mc template

Advertisements

2 responses to “შუაღამის შვილები

  1. შთამბეჭდავი პოსტი იყო ჩემთვის :დ
    ავტორს არ ვიცნობ. ციტირების წაკითხვის მერე ვხვდები, რომ წინ კიდევ ერთი (ან არაერთი) წიგნი მელის. ვაღიარებ, მეც უაზრობის მეშნია ყველაზე მეტად.
    შენი ბლოგი მიყვარდება. ყოველთვის ისეთ რაღაცაზე წერ, რაც მე არ ვიცი და თან ყოველთვის ძალიან საინტერესოდ. ერთგული მკითხველი შეიძინე ჩემი სახით :დ ❤

    • ვფიქრობ, სალმან რუშდს ყველა უნდა იცნობდეს, ასე რომ მართლა მიხარია, თუ ერთ ადამიანს მაინც მივაწვდინე ხმა მის შესახებ : )
      მადლობა შენ:**

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s