ედრიან მოულის საიდუმლო დღიური

{050FCF71-43F8-420E-BAF0-08705C9F7AA8}Img100გერმანიაში გერმანული ენა მიყვარს, ესპანეთში ანდალუსია, არგენტინაში კორტასარი და ინგლისში კი –  ინგლისური იუმორი. ნებისმიერს გაუკვირდებოდა, ასერიგ უცნაური და გაუგებარი ინგლისური იუმორი რა შესაყვარიაო, მაგრამ რა უნდა ვქნა, როცა ბავშვობიდან ლივერპულის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი ვარ და ამასთან ერთად, ინგლისური ლიტერატურის დიდი მოყვარული. მე ხომ ვიცი, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომიწევს ლივერპულში ჩასვლა, სხვა ლივერპულელ გულშემატკივრებთან ერთად ერთ–ერთ პაბში ლუდის მირთმევა და მათი უცნაური თუ ნაცნობი იუმორით დატკბობა. ჩათვალეთ, რომ წინასწარ ვემზადები. და ამასთან ერთად, ჩათვალეთ, რომ ედრიან მოულის საიდუმლო დღიურის გაცნობაც , სწორედ ამ ღირსაღსანიშნავი და ამბიციური „პროექტის“ ნაწილია.

ჰენრი გრინს უთქვამს უჩვეულო დღიური უფრო სახალისო იქნებოდაო. ყველაზე კარგად კი ეს ალბათ, სიუ ტაუნსედიმ გაითვალისწინა მაშინ, როცა ერთხელაც თავის მეუღლეს გაუზიარა გადაწყვეტილება, ვინმე გამოგონილი ედუარდ მოულის საიდუმლო დღიურის დაწერის შესახებ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სიუმ იქამდე ძალიან ბევრი პროფესია გამოიცვალა, მეეზოვეობიდან და ნიჩბოსნობიდან დაწყებული, ფოსტალიონობით დამთავრებული. მაგრამ , რომ არა ამ ქერა ქალბატონის ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილება, დღეს თანამედროვე ლიტერატურულ პერსონაჟთა რიგს გამოაკლდებოდა ისეთი განსაკუთრებული ინგლისელი ბიჭუნა, როგორიცაა 13¾ წლის ედრიან მოული და ამასთან ერთად, ვერც სიუ ტაუნსენდი გახდებოდა კომიკური ბელეტრისტიკის უმაღლესი დონის ავტორი მისი არც თუ ისე სახარბიელო სწავლა–განათლების გათვალისწინებით.

ეს წიგნი მეგობრის ბიბლიოთეკაში შემთხვევით აღმოჩენილ და ერთ დღეში წაკითხულთა რიცხვს მიეკუთვნება. სასაცილოც კია, 13¾ წლის ინტელექტუალი ბიჭის  ცხოვრება ერთ თხელ წიგნში ჩაატიო და უფრო რთულია, რამდენიმე საათში მიხვდე , თუ რას გრძნობს მუწუკებისგან და მშობლების გულგრილობისგან დატანჯული ლამის უკვე თოთხმეტი წლის ინგლისელი ბიჭი.

წარმოიდგინეთ, რა რთული უნდა იყოს ტრადიციებით და კონსერვატიზმით განთქმულ ინგლისელებში მცხოვრები ედრიან მოულისთვის ნორმალური სადილის და C ვიტამინის გარეშე ცხოვრება ან გამუდმებით იმის თვალთვალი, რომ დედა შენს მიერ ნაჩუქარ მბზინავ ლურექსის მწვანე წინსაფარს არ იკეთებს . წარმოიდგინეთ, რა აუტანელია ისეთ დედასთან ცხოვრება, რომელიც ღამის ორ საათამდე 13¾ წლის შვილის კარებთან ფრენკ სინატრას „My way“-ის  მღერის და რომელიც ბებიას მიერ ნაჩუქარ სუფთა აკრილონის ჯემპრებს ნაკუწებად ქცეულს ინახავს სადღაც ბნელ ადგილას. ან როგორ უნდა აიტანო ის ფაქტი, რომ შენი მუწუკი ყოველ დილით უფრო და უფრო იზრდება, ნაიჯელი კი საზღვარგარეთ ისვენებს და სახეზე ერთი მუწუკიც კი არ აქვს. მამამისის ლოთობასა და ლოგინში ნებივრობას ხომ ბოლო არ უჩანს.

მაგრამ, როგორც მალკოლომ მაგერიჯი ამბობს, ჩვენს ედრიანს ყველაფერი ისე აქვს, როგორც ნამდვილ ინტელექტუალს შეეფერება : მძიმე ბავშვობა, არასრულფასოვანი კვება და უარყოფითი დამოკიდებულება პანკების მიმართ. რა საშინელებაა, როცა ასეთი ყმაწვილის გარშემო სხვა ინტელექტუალები არ ცხოვრობენ! მისტერ ლუკასს კი აცვია ველვეტის შარვალი, მაგრამ ეგეც ერთი უბრალო სადაზღვეო აგენტია და მეტი არაფერი. თან დედასთან ერთად მარტო დარჩენილს , რაღაც საეჭვოდ ეკეტება ხოლმე კარები. ან იმას რა უნდა მოუხერხო, რომ ყოველი ახალი წიგნის წაკითხვასთან ერთად, გამუდმებით იცვლი აზრს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით – ხან ვეტერინარობა გინდება, ხან მწერლობა. მოკლედ, ყველაფერს ბედი უნდა. ნამდვილ ინტელექტუალად ვინც ყალიბდება, ყველას ეგეთი პრობლემები ჰქონია თურმე. ამ დროს ერთადერთი, რაც დაგრჩენიაა, ისაა , რომ ბებიას შესჩივლო ამდენ პრობლემებზე და არდადეგებზე მასთან ერთად იარო პენსიონერების თუ  შერეკილი სპირიტუალისტების შეკრებებზე. ეს იმის ყურებას მაინც ჯობია, როგორ დადის დედა ღირსების გრძნობის განსავითარებელ სემინარებზე.

ამასთან ერთად, ის დროც მოვიდა, რომ ვინმე უყვარდეს. ეს პანდორაც რა ლამაზია მაინც. ხელბურთს რომ თამაშობს , ისე უხტის მკერდი, ყველაზე ნამდვილ ინტელექტუალს და ბიბლიოთეკაში ჩაწერილ ბიჭსაც კი გაუჩენს უცნაურ გრძნობას. თან როგორ არ უნდა შეგიყვარდეს, როცა მას და მის ძაღლსაც ზუსტად ერთნაირი ფერის თვალები აქვთ. ესეც ერთით მეტი საფიქრალი.

თუმცა, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც უწევს ედრიანს ყოველ დღე ასეთი მაღალი ღირსების მქონე დედის გადამკიდე: გაზეთების დარიგება, უნიტაზის გახეხვა, ნიჟარის და აბაზანის გაწმენდა, საუზმის მომზადება, სარეცხი მანქანის ჩართვა, სკოლაში წასვლა, ბარი კენტისთვის შეწერილი ფულის გადახდა, ბერტ ბაქსტერთან წასვლა და სოციალური მუშაკის ამაოდ ლოდინი, სკოლაში სადილობა, შრომის გაკვეთილზე ვაშლის ღვეზელის გამოცხობა, სახლში დაბრუნება და მტვერსასრუტით შემოსასვლელის, მისაღების და სასადილო ოთახის გამოწმენდა, კარტოფილის დათლა, კულინარიული წიგნში საწებელის რეცეპტის პოვნა, საწებელის გაკეთება და გაწურა საწურში, მაგიდის გაშლა, ჭურჭლის დარეცხვა, სარეცხის გაფენა, სპორტული ფორმის დაუთოება, ძაღლის გასეირნება, აბაზანის მიღება. და არ შეიძლება,რომ ედრიანი დაბადებულიყო უფლისწულ ედუარდად, ის კი ედრიან მოულად მოსულიყო ამ ქვეყნად?!  ნახავდა, როგორია, როცა ასე მონასავით გამუშავებენ.

თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი, მაგრამ ედრიანის დღიურში ყოველი დღისთვის განკუთვნილ ფურცელზე საბოლოოდ იმდენი ტკივილი და სევდა იყრის თავს, რომ შეუძლებელია თქვენც არ გაგიჩნდეთ პროტესტის გრძნობა იმ გარემოს მიმართ, რომელიც ასე არაადეკვატურია მისი ღირსების, მისი პირადი ცხოვრების და მისი შინაგანი სამყაროს მიმართ. სწორედ ასეთ დროს იკეტებიან ედრიან მოული და მისი მსგავსი ბიჭები საძინებლებში და იწყებენ ასეთი საიდუმლო დღიურების წერას, რადგან ამ დროს მათ მშობლებს მათთან შემოსვლა და გულახდილად ლაპარაკი ავიწყდებათ თავიანთ ყოველდღიურ , პირად პრობლემებში გართულებს.

მერე რა , რომ ედრიანი ერთი ინგლისელი ბიჭია, ეს პრობლემები შეიძლება ნებისმიერ 13¾ წლის ყმაწვილს აწუხებდეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. თუმცა, არ შემიძლია არ ავღნიშნო წმინდა ინგლისური ფაქტორები, რამაც შეიძლება აღტაცებაში მოგიყვანოთ. ესაა განუმეორებელი იუმორის გრძნობა, ცხოვრებისადმი პრაგმატული მიდგომა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ და ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი – სოციალური პასუხისმგებლობის აღების უნარი მათ გარშემო მცხოვრებ ადამინებზე, რომელთაც ძალიან უჭირთ და დახმარება სჭირდებათ. ამ ყველაფერს კი ბავშვებს აქ სკოლის ასაკიდან ასწავლიან. გავიხსენოთ, როგორ ჩაეწერება ედრიანი „კეთილ სამარიტელებში“ და როგორ უვლის და უძლებს მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი შეხედვით მყრალ და ბინძურ კომუნისტ ბერტ ბაქსტერს, მანამ , სანამ „მზიან სახლში“ არ წაიყვანენ ამ უკანასკნელს. თუმცა, ედრიანი იქაც ყოველდღე შეუვლის ხოლმე და თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად შეუყვარდებათ, რომ  ერთ–ერთი მათგანი ქუდსაც კი უქსოვს მას მთებში დასახურად.

არ გვაწყენდა, რომ 13¾  წლის ედრიან მოულის ცხოვრებისუელი გაკვეთილები ჩვენც გაგვეთვალისწინებინა მომავლისთვის.

 the-secret-diary-of-adrian-mole-cover

Advertisements

12 responses to “ედრიან მოულის საიდუმლო დღიური

  1. ნიამ,ნიამ :3 კარგი წასაკითხი იქნება. ძალიან დამაინტერესა! მადლობა შენ

    • 2 საათში წასაკითხი წიგნი…ვერც კი იგრძნობ დაღლას. მადლობა შენ ედრიან მოულის სახელით, თუ მისი სევდით და პრობლემებით დაინტერესდები )))

  2. სახლში მაქვს, კარგია რომ გამახსენა შენმა პოსტმა. 🙂

  3. მეც მომინდა წაკითხვა )) წიგნის მაღაზიებში რომ ვხედავდი ყდა მიზიდავდა )) ახლა შენმა პოსტმა უფრო დამაინტერესა…..იმედია ჩემს ბიბლიოთეკაში მოეძევებათ ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s