ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში – კასი

Charles-Bukowski-The-Most-Beautiful-Woman-in-Town-600არაფერი გამიკეთებია შენთვის და არც არაფერს გავაკეთებო. ამ სიტყვებით დამემშვიდობა და მეც ბევრი არ  მიფიქრია. სწორედ იმ დღეს წამოვედი. ვგრძნობდი,რომ ეს ისეთივე გარდაუვალი იყო, როგორც სიკვდილი. მაგრამ არ ვჩქარობდი, რადგან ვიცოდი ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. როცა ამაში ისე ხარ დარწმუნებული,როგორც სიკვდილში,არაადამიანური სიმშვიდე გეუფლება ამ სულისშემხუთავი გარდაუვალობისგან.

საწოლიდან წამოვდექი,შიშველი ფეხები ცივ იატაკზე ჩამოვაწყვე და ხელები ზედ დავაწყვე.სქელი თმები თვალებს მიფარავდა, მაგრამ არც მიცდია უკან გადამეყარა.თითქოს მუქი ფარდა ჩამომაფარეს. ნელა და ფრთხილად ვიცვამდი, თითქოს მეშინოდა ჩემს გვერდით მძინარე უხილავი არსება არ გამეღვიძებინა. ფეხები მძიმედ ჩავუშვი მოკლე,ვიწრო,შავ შორტებში. თეთრი,თხელი მაისური,არაფრის გამოსახულებით უაზროდ და დაუდევრად ჩამომეკიდა მხრებზე. თვალი მოვავლე რძისფერ ოთახს  და ვიგრძენი, მთელ სხეულში მჭრელი ყინულის ნამსხვრევები როგორ ამოძრავდნენ.

უცებ ზიზღის მწარე და ბლანტი გემო ვიგრძენი პირში. ჩემთვის ხომ ყველა გრძნობას თავისი გემო აქვს. ყოველთვის ასე მემართება. ამ გრძნობებს ისეთი გემო აქვს, რომ როგორც კი შევიგრძნობ ენის წვერებით,მაშინვე გული მერევა. ზოგჯერ სიტკბოსგან, ზოგჯერ სიმწრისგან . გამოდის, არაფერი არ უნდა ვიგრძნო. საუკეთესო ვარიანტია. წარმოიდგინეთ,რომ არ გტკივათ, არ დარდობთ, არაფერზე არ წუხხართ, არც გცივათ, არც გცხელათ, არც გსიამოვნებთ არაფერი ( ამით სიამოვნებისთვის ზედმეტ , არაკეთილსინდისიერ გარჯასც აიცილებთ თავიდან), არც გიხარიათ. ერთგვარი პერცეფცია.მეც ახლახან გავიგე, რომ სინესთეზია ჰქვია თურმე ამ ყველაფერს – გრძნობათა უნებური კავშირს. ეს არის ფენომენი, როდესაც მგრძნობელობის ერთი ორგანოს გაღიზიანების დროს წარმოქმნილ შეგრძნებებს დაყვება ერთდროულად სხვა მგრძნობელობის ორგანოთა გაერთიანებული საპასუხო რეაქციები.  გამოდის, სინესთეტი ვარ?

არადა, რომ მკითხონ, ბუკოვსკიზე და მის ყველაზე ლამაზ გოგოზე –კასიზე მინდოდა მელაპარაკა.

რომ ჰკითხეს, გძულს თუ არა ადამიანებიო, უპასუხა , არა, არ მძულს, უბრალოდ, თავს უკეთ ვგრძნობ , როცა ისინი ჩემს გარშემო არ არიანო. სხვა ვინ იტყოდა ამას, თუ არა ბუკოვსკი –ჩარლზ ბუკოვსკი. გარყვნილი და სულისშემძვრელი ბუკოვსკი – ლოს–ანჟელესში გაზრდილი, გერმანელი ქალისა და ამერიკელი ჯარისკაცი შვილი. ეს ხომ ის მწერალია, რომელსაც შეუძლია ყველაზე თავშეკავებულ და სწორხაზოვნად მოაზროვნე ადამიანშიც კი  გამოიწვიოს ამბივალენტური გრძნობები – თავბედს იწყევლიდე და გადასაგდებად გემეტებოდეს, მაგრამ ამავდროულად, სულის შეკვრამდე გენატრებოდეს.

პირდაპირ გავემართე ბუკოვსკის ერთი პატარა მოთხრობის წასაკითხად, იმის დასამტკიცებლად, რომ უფრო ცუდად ყოფნაც „შესაძლებელია“. ქალაქში ყველაზე ლამაზ გოგოზეა საუბარი – სახელად კასი.

არსებობს ნაცრიფერი ქალაქები, თავს ზემოთ მუდამ საწვიმრად გამზადებული ღრუბლებით, ბევრი ნაგავით და ბევრი ყეყეჩით ადამიანით, რომლებიც ჩვეულებრივი ღორები არიან და მათ წინ დაყრილ მარგალიტს ფეხებით თელავენ. ისინი ერთმანეთს ვერ ხედავენ და გამომდინარე აქედან, ერთმანეთის არ ესმით. ისინი ქალებში მხოლოდ სექსის წყაროს ხედავენ და მათთვის სულ ერთია, ფეხებზეც ჰკიდიათ, ის ქალი გიჟია თუ ჭკვიანი. არადა, მათ თვალწინ ერთ–ერთი გამორჩეული მარგალიტია, ფასდაუდებელი, სრულყოფილი. არც ქალებს ესმით კასის ყადრი – ის მათთვის ერთი ჩვეულებრივი ლამაზი , მაგრამ ტუტუცი და აბეზარა მეტოქეა , რომელიც მათ ხელიდან აცლის კაცებს – ყველაზე მახინჯ კაცებს. მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს. კასი ხომ განსაკუთრებულია. მაგრამ ამაზე მეტს არც ვიტყვი.

რაც უფრო მეტი იციან გარშემომყოფებმა, თუ რას წარმოადგენთ და რას უნდა ელოდონ თქვენგან, მით უფრო მეტად იზღუდება თქვენი თავისუფლებაო – ამბობდა ჩემთვის ასე ძვირფასი ამერიკელი მწერალი, ანთროპოლოგი, ეთნოგრაფი, ეზოთერიკოსი და მისტიკოსი კარლოს კასტანედა და არც ცდებოდა. ყველას კი არ უნდა სცოდნოდა, რომ კასი დედოფალი იყო – ულამაზესი შიზოფრენი, მაგრამ სულით ხორცამდე დედოფალი, სამყაროს მამოძრავებელი ღერძი,ფასდაუდებელი მარგალიტი.

დროთა განმავლობაში, ტკივილს ისე ეჩვევა ადამიანი, რომ მერე მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ეს ხომ იგივე მსხვერპლთშეწირვაა რაღაცის მიმართ. და როცა კარგავ ობიექტს, ვისთვისაც ტკივილს აძლევ უფლებას, შეგიწიროს და სული ამოგაცალოს, სასოწარკვეთა გიპყრობს ამ დაუფასებელად შეწირული მსხვერპლისთვის.

სწორედ ამ დროს იკლავენ ქალაქში თავს ყველაზე ლამაზი გოგოები.

Advertisements

4 responses to “ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში – კასი

    • ბუკოვსკის მოთხრობები იკითხეთ მაღაზიებში.
      ონლაინ კი ყველგან დევს ქართულ ენაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s