ანაის ნინი . ვენერას დელტა

delta-of-venus-2-germany-460x660არ ვიცი ის ღამე ასე რატომ გაიწელა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ვერაფრით გავაგრძელე ძილი. ვიწექი გულაღმა თვალებგაფართოებული და ვფიქრობდი იმაზე, თუ რაზე მეფიქრა. ცხვარიც კი ვერ წარმოვიდგინე , რომ დამეთვალა. არც ის თაგვი ჩანდა, რომ ჩემი უძილობა მისთვის და მისი ღამეული გაცხოველებული , ხმაურიანი სამუშაოებისთვის მაინც დამებრალებინა.

მარჯვნივ თუ გაიხედავ, კედელზე ჩამოკიდებული უზარმაზარი აჭრელებული ხალიჩა მოგხვდებათ თვალში, პირდაპირ – ერთმანეთზე დაწყობილ სკამებზე გვერდულად მიყუდებული უაზრო ფერწერული ნამუშევარია, რომელიც ყველა ფერს შეგაძულებს. აი, მარცხნივ კი , ჭერზე, მეგობრის მიერ ბოძებულ ულამაზეს დრიმქეთჩერს შეამჩნევთ, რომელიც გამუდმებით ირხევა.

მარცხნივ გადავბრუნდი და კომპიუტერი ჩავრთე. ესეც ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება ღამის ოთხ საათზე. იმდენად სულელური ფილმის ყურება მინდოდა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამძინებოდა. საოცრად დამაბნეველია, როცა იცი, რომ დილით რვაზე უნდა ადგე და შენ ღამის ოთხ საათზე ფილმის ყურებას იწყებ ძილდაფრთხობილი , იმის იმედით, რომ დარჩენილ რამდენიმე საათს მაინც მიუძღვნი ძილს.

ვიპოვე კიდეც – წარმოგიდგენთ ვენერას დელტას, 1994 წელს ზელმან კინგის მიერ გადაღებულ ფილმს. არ მომწონს. უმჯობესია, წარმოგიდგინოთ ანაის ნინი თავისი გახმაურებული წიგნით „ვენერას დელტა“.  არც ასე მომწონს. უბრალოდ „ვენერას დელტა“.

იმდენად დამაინტერესა, რომ თბილი საწოლიდან ადგომა ვაიძულე ჩემს თავს და ჩემს ლიტერატურულ ლექსიკონშიც კი მოვძებნე (ვგულისხმობ წიგნს „1001 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“). აღმოჩნდა კიდეც! ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ანაის ნინი ძალიან საინტერესო ქალბატონი აღმოჩნდა–ბობოქარი,  მხურვალე, მწველი, დამანგრეველი. უთქვამს კიდეც : ,,მე მხოლოდ ცეცხლის მწამს. სიცოცხლის, როგოც ცეცხლის.” სწორედ ამიტომაც ისურვა ალბათ, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული დაეწვათ, მისი ფერფლი კი სანტა მონიკა ბეის ყურეში მიმოებნიათ. ცეცხლისა და წყალის გარდაუვალი კავშირი.

ვაღიაროთ, რომ ნამდვილად ღირს დაინტერესდე ქალით, რომელმაც შეძლო აეტანა მშობლების მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრება;  გაეძლო მძიმე სამთვიანი ავადმყოფობისთვის, მიეტოვებინა კათოლიკურ სკოლაში სწავლა და 16 წლიდან თავად ეზრუნა საკუთარ განათლებაზე; ეწერა ფრანგულ და ამერიკულ ენებზე; საქმროს მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც დაეწერა ჯვარი ვინმე შეძლებულ და გავლენიან ჰიუ პარკერ გილერზე; ემუშავა მოდელად ; ქმრისგან ფარულად ყოლოდა 16 წლით უმცროსი საყვარელი ; ეწერა დღიურები 11 წლის ასაკიდან ; ეთამაშა სხვადასხა ფილმებში; წაეკითხა ლექციები და გამხდარიყო ფემინისტური მოძრაობის ერთგვარი ლიდერი; გამოეცა თავისი წიგნები.

და ბოლოს, ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი, შთამბეჭდავი და ლამის მომაკდინებელი ფაქტი – ყოფილიყო თვით ჰენრი მილერის საყვარელი, ვისაც ასობით წერილი მისწერა და ვის ლიტერატურულ თუ ადამიანურ გავლენასაც სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა. ნინის საყვარლები იყვნენ ასევე, მეოცე საუკუნის ცნობილი მწერლები – ანტონინ არტო, გორ ვაიდალი და ლოურენს დარელი, „ჟიუსტინის“ ავტორი, რომელიც ცალკე თემაა სექსუალური აღვირახსნილობით, ჰაშიშით გაბრუებული ადამიანებით, ქალაქში მოხეტიალე ვნებიანი ქალბატონებით, კაბის ჩუმი შრიალით და თავისი ღია,მოურიდებელი პოზიციით.

7553972098_94911879bdანაის ნინი 1977 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში, გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა მისი ცნობილი რომანები: ,,ვენერას დელტა”- 1977 და ,,პატარა ჩიტები”- 1979. არადა ,,ვენერას დელტა” ნინმა 1940 წელს დაწერა, მაშინ ამ წიგნის თითო გვერდში თითო დოლარს უხდიდნენ. წიგნის პირველი ამერიკული გამოცემის გარეკანი ილტონ გლეისერმა ძველმოდური პორნოგრაფიული ილუსტრაციით გააფორმა.

ნინის ეს ნაწარმოები ეროტიკული ჟანრისაა. იგი შედგება ცალკეული თხზულებისაგან, რომელიც თითო დასრულებულ ამბავს მოგვითხრობს, თუმცა მათ საერთო პერსონაჟიი ჰყავთ. ეს პროსტიტუტია, სახელად ბიჟუ. მოქმედება პარიზის სახელოსნოებსა და ქუჩებში იაფფასიანი მუსიკისა და ნარკოტიკების თანხლებით ვითარდება. ნაწარმოები პარიზის სულს გვიჩვენებს და სექსუალური პროზის ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშადაა აღიარებული.

ავტორი სექსუალური ურთიერთობის სხვადასხვა სახეებს–ჰომოსექსუალიზმს, ინცესტს, ჰერმოფროდიზმს, სექსუალურ ფეტიშიზმსა და პედოფილიას აღწერს. ამ მრავალსახეობის ფონზე,ჰეტეროსექსუალური კავშირი გაცილებით მგრძნობიარედ და მიმზიდველად მოჩანს. სექსუალური დაძაბულობის ფონზე, პერსონაჟები ერთგვარი წნეხის ქვეშ ექცევიან და ორგაზმით ცდილობენ მისგან განთავისუფლებას. ავტორის გამორჩეული ქმნილება , ბიჟუ , სხეულს იაფად ყიდის. შესაძლოა, მას მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, მაგრამ ავტორი არ გვიჩვენებს ნამდვილ ბიჟუს და მხოლოდ მის სექსუალურ ხელმისაწვდომობაზე საუბრობს.

თუმცა , არანაკლებ საინტერსო და მნიშვნელოვანი პერსონაჟია თავად ელენა მარტინი, რომელიც თავის საყვარელს აღმოაჩენს მეძავის მკლავებში.  სწორედ აქედან იწყება მისი ისტორია – სანამდე შეიძლება მიგიყვანოს წერის სიყვარულმა და აუცილებელია თუ არა პირადი გამოცდილება იმისთვის, რომ ზუსტად, სწორად და ამავდროულად, ძალზედ ამაღელვებლად აღწერო ნებისმიერი ფაქტი, მოვლენა თუ ისტორია. პოლიტიკა, რომანი, სექსი, ომი, ხელოვნება, ანტისემიტიზმი და ულამაზესი შიშველი ქალები – აი, ის ძირითადი თემები, რასაც შეიძლება ანაის ნინი და მისი შემოქმედება დავუკავშიროთ.

რაც შეეხება ფილმს, „ვენერას დელტა“, 1995 წლის ეკრანიზაციაში მთავარ როლს ულამაზესი ოდი ინგლენდი ასრულებს. ასე რომ , არ ენდოთ IMDB-ის შეფასებებს და თამამად უყურეთ, როცა ერთ მშვენიერ ღამეს უძილობა შეგაწუხებთ.

არ გამიკვირდება, რომ ქართულ სინამდვილეში ამ ქალზე ვერანირ ინფორმაციას ვერ გადააწყდებით. შეგიძლიათ დაკმაყოფილდეთ იმით, რომ იყო ვინმე ანაის ნინი, რომელსაც  „ძაან სენსუალური ეროტიული პროზა აქვს“ და რომლის შესახებ ყველაფრის ცოდნისგან „ღმერთმა დაგვიფაროს“. : )

 ესეც თავად ანაის ნინი.

Mirages: The Unexpurgated Diary of Anaïs Nin, 1939–1947

6859047 delta_of_venus_xlg (1)

Advertisements

4 responses to “ანაის ნინი . ვენერას დელტა

  1. როგორ ვნახო ეს “ვენერას დელტა”, ან ქართულად ან რუსულად?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s