ამელი კრძალვით და ცახცახით წინ მიიწევს

tumblr_md0jmjVWbQ1rk1xhbo1_500არ მახსოვს როდის ან როგორ ჩამივარდა ხელში. არც ის მახსოვს, პირველად მისი რომელი ნაწარმოები წავიკითხე. და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ წვრილმანებს, როცა ის, რაც წინ გელოდება ბევრად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია. მით უმეტეს , თუ საქმე ეხება ამელი ნოტომს, გოგონას ბელგიიდან ფრანგული შარმით. და… კრძალვით და ცახცახით მოპოვებული იაპონური გამოცდილებით.

იცით,ხანდახან მგონია, რომ მე კი არ ვეძებ წიგნებს, არამედ წიგნები თავად მპოულობენ, თანაც საჭირო დროს. წარმოვიდგინოთ პატარა „მაძებარი წიგნი“ – ფეხებზე ამოსკუპებული , გარეკანზე სათვალეებით, რომელიც  გამოცემის დღიდან მეძებს და წლების შემდეგ მპოულობს უკვე მრავალი იღბლიანი მკითხველის ხელში გამოვლილი . ასე ადვილი არ გეგონოთ, საფრანგეთიდან ერთ ქართველ გოგონასთან ჩააღწიო. თან არც ისე გვიან . ღამის ძილისპირულ წიაღსვლებს რა ვუთხარი.

იმას ვამბობდი, რომ ჩემი უცნაური და ამაღელვებელი ცხოვრების იმ ეტაპზე შეუპოვრად ვეძებდი სამსახურს და იმ დროს , ერთადერთი ხელი რასაც გამოვკარი , სტაჟირება იყო ერთ–ერთ საჯარო დაწესებულებაში. ისევ ჩემი მონდომებით მოვიპოვე გრანტი ჩემი არსებობისა, თორემ ექვსი თვე უხელფასოდ მომიწევდა იქაც ტიალი. ასე კრძალვით და ცახცახით მოპოვებული სამსახურის (თუ დღეში 5 საათი უსაქმურად ჯდომასაც სამსახური ქვია) შემდეგ, ხელს არაფერი მიშლიდა, რომ სრულიად თამამად და გაბედულად წამეკითხა ყველა წიგნი, რაც კი ხელში ჩამივარდებოდა.

და სხვა რა უნდა წაიკითხო ამ დროს, თუ არა ამელი ნოტომის „კრძალვით და ცახცახით“. ორი გზააბნეული კრავის დროული შეხვედრა – რა უნდა გაგიხარდეს იმაზე მეტად, როცა აღმოაჩენ პერსონაჟს, რომელმაც ისევე არ იცის ბოლოს და ბოლოს რა საქმის შესრულება ევალება, როგორც შენ.

რომ არ იცოდეთ სახელი და რომ ვერ ხედავდეთ ამ ზღაპრებიდან გადმოსული პერსონაჟების მსგავს ქალს გაფართოებული თვალებით, ვერც მიხვდებით რომ ამ თხელი წიგნებიდან ქალი გელაპარაკებათ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით – სხარტად, მოქნილად, მსუბუქად.

ბელგიელი ელჩის ქალიშვილი, ამელი ნოტომის შესახებ პრესა აქტიურად წერდა, რის გამოც მისი სახელი მკითხველისთვის ცნობილი გახდა. პირველად კი , 1999 წელს გამოიცა პარიზში ფრანგულ ენაზე.

არავის უთქვამს, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის დალაგება მარტივად მოხდებოდა. ნაწარმოებში მოთხრობილია ეროვნებით ბელგიელის შესახებ, რომელიც იაპონურ კორპორაციაში მუშაობს  და ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობს მიაღწიოს ურთიერთგაგებასა და სიმშვიდეს „გლობალურ სოფელში“, სადაც ტრადიციები და საზოგადოების ნორმები სატირულ ჟანრთან იგივდება.

ნაწარმოებში მოთხრობილია ამელის გამოცდილების შესახებ, რომელიც მუშაობას იაპონურ კორპორაციაში ყველაზე დაბალი თანამდებობიდან იწყებს. იგი იაპონიაშია გაზრდილი და შესაბამისად თავს ადგილობრივადაც თვლის და უცხოელადაც. რომანში ნაჩვენებია, თუ რა უარყოფით როლს თამაშობს ამელის ცხოვრებაში მისი დასავლური წარმომავლობა, რომელიც ხელს უშლის კომპანიის კულტურასთან ინტეგრირებაში. მაგრამ როგორც ვიცით, იაპონელები მუდამ მოულოდნელობებით გვაოცებენ ხოლმე და აი, შედეგიც არ აყოვნებს – ამელის აწინაურებენ. ის ტუალეტის დამლაგებელი ხდება, რომლითაც მხოლოდ თვითონ და მისი უშუალო უფროსი, ულამაზესი და საოცრად ამაყი ქალბატონი ფუბუკი მორი სარგებლობენ. რა სამწუხაროა, რომ 44–ე სართულიდან ფრენის იდეას განხორციელება საპირფარეშოს კედლებს შორის დანარცხებით უწერია. ასეც ხდება.

თავად კომპანიის დამოკიდებულებას ამელის მიმართ და ასევე, ამელის დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ წიგნის სათაური ეხმიანება. ამბობს კიდეც გულწრფელად:

„მე არავის ღმერთი არ ვყოფილვარ“.

ფუბუკი კი თავიდან ბოლომდე იაპონური მოვლენაა. ქალი, რომელსაც ოფლისგან პერანგდასველებული კაცის, თან ევროპელის დანახვაზე, შეუძლია არა მხოლოდ მასზე დაოჯახებაზე, საერთოდ ოჯახის შექმნაზეც თქვას უარი. არა და უკვე დიდი ხანია ამის დრო დადგა „იაპონური დროით“. ამიტომ არ უნდა გავუწყრეთ ამ ქალღმერთს, თუ ქვეყნის ზნეობრივ მარწუხებში მოქცეული , ასეთ სისასტიკეს იჩენს თავის პატარა სამფლობელოში ამელის მიმართ. „მკვლელის ჰიგიენაში“ ერთ–ერთი პერსონაჟი აღნიშნავს : “კაცმა მითხრა, სექსის დროს სიამოვნებას იმიტომ ვიღებთ, რომ სიცოცხლეს ვქმნითო. წარმოგიდგენიათ? თითქოს შევეძლოს რაღაც სიამოვნების განცდა ისეთი სევდიანი და საძაგელი რამის შექმნისას, როგორიცაა სიცოცხლე“. და ფუბუკიც ალბათ,  სწორედ იგივეს იტყოდა.

თქვენ საოცარი ხართ, ფუბუკი მორი. არაჩვეულებრივი ხასიათი გაქვთ, ცეცხლოვანი ტემპერამენტი და სიმკაცრე. ამაყი და გულადი ხართ. ბრწყინვალე შეყვარებული იქნებოდით, სიყვარული რომ შეგეძლოთ.

ამელის სიმხდალემ კი შეიძლება ზოგჯერ ისე მოგაბეზროთ თავი, რომ ლამის ფუბუკის მხარი დაიჭიროთ. ჩინებული ტაქტიკაა უსინდისობასთან ბრძოლა უსინდისობის, ინტელექტუალური ტერორიზმის, მოწინააღმდეგეზე მეტი თვალთმაქცობის საშუალებით. აი, მხდალებისთვის დამახასიათებელია კასტური რეფლექსი. ფუბუკი  კი მხოლოდ საკუთარი  სახელით გპასუხობთ, და არ გააჩნია არანაირი გარანტია, გარდა საკუთარი თავისა.

არადა , „სამწუხაროდ ჩვენ არ ვირჩევთ საკუთარ თავს. მე არ ამირჩევია სიმხდალე-ეს თავს მომახვიეს“ – ამბობს თავად ამელი „მკვლელის ჰიგიენაში“ და თითქოს, ეს ერთგვარი თავის მართლებაცაა იაპონიაში გადატანილი დამცირებისგან.

ამელი ნოტომი ნაწარმოებში ააშკარავებს იმ არანორმალურ დამოკიდებულებას სამუშაოს მიმართ, რომელიც უზარმაზარ იაპონურ კორპორაციებში იყო. ამ სატირულ ნაწარმოებში, ავტორი აღმოსავლეთსაც დასცინის, დასავლეთსაც და შუაში მოყოლილ საკუთარ თავსაც.

რაც შეეხება ეკრანიზაციას, 2003 წელს ალეინ კორნეუმ გადიღო ფილმი ამავე სახელწოდებით (“Stupeur et tremblements”)  არაჩვეულებრივი სილვია ტესტუდის მონაწილეობით და დიდი მოწონებაც ხვდა წილად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცეზარის მფლობელიც კი გახდა სილვია საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის.

stupeur-et-tremblements-10-g

Advertisements

15 responses to “ამელი კრძალვით და ცახცახით წინ მიიწევს

  1. კრძალვით და ცახცახით ჩემთვის რეკორდულ დროში წავიკითხე, პილასოსივით შევისრუტე :))

      • ვცდილობ ხოლმე გავწელო კითხვის პროცესი და გამოვიზოგო, ორიოდ საათში ჯერ არაფერი წამიკითხავს. ჩემთვის იყო რეკორდი

  2. ძალიან მაგარი წიგნია ^_^ მშვენიერი პოსტია. არ ვიცოდი ფილმი თუ იყო გადაღებული :O

    • მადლობა. გადასარევი ფილმია : )

  3. ძალიან მომეწონა ეს ერთი ციდა წიგნი. თვითირონია, ტემპი, კულტურათა ცოდნა – ყველაფერი მაღალ დონეზე იყო.

  4. Pingback: ამელი ნოტომის აჯანყება. ომი და სიყვარული ჩინურად | ლა მაგა რაიუელა·

  5. ამ pingback–ზე ვერ გადავდივარ, წაშალე პოსტი? “შეყვარებულის ამხედრებაზე” გეწერა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s