ჰენრი მილერის კირჩხიბის ტროპიკი.

bookcover_cancerკაცის ცხოვრება ის არის , რაზეც დღის განმავლობაში ფიქრობსო. ემერსონს უთქვამს და ჰენრი მილერს დაუძენია, მაშინ ჩემი ცხოვრება ერთი გრძელი და ამოუყორავი ნაწლავი ყოფილა. მთელი დღე საჭმელზე ვფიქრობ და ღამითაც საჭმელი მესიზმრებაო.

ერთი მეგობარი მყავდა. თავს დებდა ყველაფერ ადამიანურზე. იძახდა არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არისო. მის სექსუალურ–ფილოსოფიურ ფანტაზიებს ხომ ბოლო არ ჩანდა, რომელიც წაკითხულ წიგნთა პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა. მე კი ერთი თავმობეზრებული ოცი წლის გოგო ვიყავი, რომელსაც მთელი სამყარო ჩირადაც არ უღირდა და მისი ღამეული სმს–ბოდვები – მით უმეტეს.

აი, ასეთი რთული იყო ჩემს მეგობართან ურთიერთობა. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ეს ყველაფერი ჰენრი მილერის ერთი რიგითი თაყვანისმცემელის ერთი რიგითი ახირება იყო. საბედნიეროდ, თავი იქამდე დავიხსენი მისი წიღსვლებიდან, სანამ საბოლოოდ გაუბერავდა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ჩემს ფეხქვეშ თითქოს მიწა დაიძრა და ხან საით გამაქანა, ხან საით. თავს ვერაფერს ვუყრიდი. გადავწყვიტე, რომ ჩემს გარშემო საგნები და ადამიანები მეტ ყურადღებას იმსახურებდნენ ჩემგან. ასეც მოვიქეცი. ყველაფერს ხარბად დავეწაფე – წიგნებს, ადამიანებს, ნივთებს, აზრებს, იდეებს, ბუნებას, ცას, ცაზე მზეს, ღამეს, სიჩუმეს, სიტყვებს, ჰაერს,ხეებს, ხეზე ფოთლებს. ამ ხომ სულ მომიღო ბოლო. ნაწილებად დავიშალე. ვერაფერს ვამყოფინე საკუთარი თავი. ეს ტირილზე უარესი იყო, სინანულის ტკივილზე უფრო მტკივნეული და ღრმა. მივხვდი, რომ ჩემი მეგობრების ღამეული წიაღსვლები არც ისე საშიში და აბსურდული იყო, ვიდრე მაშინ იმ ოცი წლის ქარფშუტა გოგოს ეგონა.

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, შევხვდი კიდეც ჰენრი მილერს. თუმცა, იქამდე ლუი ფერდინანდ სელინსაც შევხვდი ღამის კიდეზე მოგზაურობისას. ალბათ , ზოგს არც გაუკვირდება სელინი რატომ მოვიყვანე მილერთან. სხვა ვინ უნდა გაგახსენდეს ბინძურ პარიზზე. გულისამრევ პარიზზე. პარიზი ხომ ნამდვილი მეძავია. სექსუალური ფანტაზიის გაფურჩქვნის თვალსაზრისით პარიზთან ხომ ვერც ერთი სხვა ქალაქი ვერ მოვა. მეძავმა წინა კბილი , თვალი ან ფეხი რომ დაკარგოს, კლიენტს მაინც იშოვის. მათი ბუნებრივი სიმახინჯეები სექსმოყირჭებულ მამაკაცებს მეორე სუნთქვას უხსნისო.

77154772

კადრი ფილმიდან Tropic of Cancer (1970).

სელინი და მილერიც პარიზივით არიან. შორიდან გაცდუნებენ, ერთი სული გაქვს როდის ჩაეხუტები, მაგრამ ზუსტად ხუთ წუთში საშინელ სიცარიელეს გრძნობ და საკუთარი თავი გეზიზღება. მოკლედ, გაბრიყვებული და გაცუცურაკებული რჩები.

„–რატომ არ გინდა, ის პარიზი მაჩვენო, რომელზეც შენ წერ?“– ეკითხება ჰენრის თავისი ცოლი. მაგრამ როგორ გინდა ცოლს, რომელსაც ასე უფრთხილდები შორიდან, ის პარიზი აჩვენო, რომელსაც მხოლოდ მილერისა და სელინის მსგავსი გიჟები აღმოაჩენენ ხოლმე. როგორ უნდა აჩვენო ის პარიზი, რომელიც მხოლოდ მონატრების ფონზე არსებობს მარტოობის წყალობით და ისიც მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვაში.

ის პარიზი რომ იგრძნო,როგორიც მათ წარმოსახვაში არსებობს, ის გასაღები უნდა მოიგდო ხელთ, რომელიც მხოლოდ მისნაირ შეშლილებს აქვთ. ის პარიზი უნდა იგრძნო, მისით უნდა იცხოვრო, მისი გამომეტებული ყოველდღიური სატანჯველით უნდა დაიტანჯო. ის პარიზი შენში იზრდება და კიბოსავით იკიდებს ფეხს. და მანამდე გაიზრდება, სანამ ბოლომდე არ გამოგხრავს. შემდეგ კი თავადვე მიხვდები, ადრე თუ გვიან გიჟები რას აღმოაჩენენ ხოლმე პარიზში – რომ ტანჯულთათვის არ არსებობს ერთ თარგზე გამოჭრილი, მზარმზარეული ჯოჯოხეთი.

მათი თავშესაფარი პარიზის ქუჩები იყო. ქუჩების ხიბლს ვერასდროს იგრძნობ, თავშესაფრად თუ არ აქციე, თუ ის საცოდავი ჩალის ღერი არ გახდი, რომელსაც ქარი ამ ქუჩებში აღმა–დაღმა დააფრიალებს.

ჰენრიც მარტვილობს თავისებურად,მაგრამ გიჟი მაინც არ არის. „ის უბრალოდ სიტყვების ლოთია. არც ვენები აქვს, არც სხვა სისხლძარღვები, არც გული და არც თირკმლები. ერთი პორტატული განჯინაა, უთვალავი უჯრით, რომელშიც სხვადასხვა ფერის მელნით დაწერილი იარლიყები ყრია.“ მას მხოლოდ ის ეფიქრება, რომ მგრძნობიარე არსებაა და გულში დანასავით ესობა იმ წყლების გრძნეულება, რომელებიც სენის სახით, პირდაპირ მის თავლწინ, დავიწყებულ სამყაროს ირეკლავენ. ეს ყველაფერი ახრჩობს, გრძნობა ყელში ებჯინება. გარშემო კი არავინაა, ვისაც თუნდაც ფრაგმენტულად გაუზიარებს საკუთარ განცდებს.

სწორედ ამიტომ დგამს ალბათ, სარკის წინ საბეჭდ მანქანას, რომ წერისას საკუთარ გამოსახულებას მაინც უყუროს. ეს წიგნიც ხომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის შეთხზული უზარმაზარი მონოლოგია. მხოლოდ ჰენრისთვის და სარკეში გამოსახული ჰენრისთვის მოყოლილი თავგადასავალი.

„როცა გარშემო სრული სიჩუმე გამეფდება და ყველაფერს დუმილი მოიცავს, მაშინ დადგება ჭეშმარიტი მუსიკის დიადი გამრჯვების ჟამი. როცა დრო ყოველივეს უკანვე შეისრუტავს საკუთარ საშოში, ქაოსი აღდგება და სწორედ ქაოსი იქნება რეალობის იდეალური პარტიტურა.“

ვის არ იპოვი ამ ქაოსში, მოლდორფს ჩიყვისგან გადმოკარკლული თვალებით, ირენს, რომელიც სულ უნდა ტენო და ტენო საჭმლით; ტილიან ბორისს; ტანიას, რომელსაც რუსეთში განუზრახავს ხელმეორედ დაბადება და ცხოვრების თავიდან დაწყება;  ვან ნორდენს, რომელსაც საკუთარი სიბინძურისგან განთავისუფლება მოსწადინებია, ამ სიბინძურეში უფრო ღრმად ჩაფლობით; ფრანგი ქალებისგან გაგიჟებულ ფილმორს, რომელსაც მათგან თავის დაღწევა ამერიკაში გაქცევით უწევს; ხისფეხებიან და ფეხსაცმელგაცვეთილ მეძავებს; არასრულწლოვან შეცდენილ ქალწულებს… ეს ერთი დიდი, უსინათლო, ბნელი, ღამეული სამყაროა, სადაც ყველაფერი უკვე განწირულია და არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს. იქ სადაც ადამიანები ერთმანეთს თვალს თვალში არ უყრიან.

book_50dddba2d5ef5„და დგება ღამე, როცა ყველაფერი მთავრდება; როცა უკვე იმდენ ყბაში ჩავცვივდით, რომ ფეხზე ძლივს ვდგავართ, და ხორცი ძვალზე ისე გვკიდია, თითქოს მთელი კაცობრიობის კბილებმა საგულდაგულოდ გამოგვღეჭა“. ლუი–ფილიპის ამ საზარელი სიტყვების გარდა რა უნდა მოეყვანა თავის წიგნში მილერს, რომ თავიდანვე გავეფრთხილებინეთ, თუ რა ჯოჯოხეთში ამოვყავით თავი.

ეს ჰენრი მილერის სამყაროა. ეს მისი პარიზია, სადაც ქალაქის პულსაციას ისე მძაფრად გრძნობ, გეგონება ჯერ კიდევ თბილი სხეულიდან ამოკვეთილი გულიაო. სადაც სასტუმროს ფანჯრები ლპება და გარშემო ისეთი მძაფრი სიმყრალის სუნია, თითქოს ქიმიკატებს წვავენო. სადაც ქუჩის ლამპიონები წყალში იხჩობიან , ადამიანებს სუნთქვა ეკვრით და სადაც ხიდები სახლებითაა მოფენილი , სიყვარულის სასაკლაოებით.

ის თავისუფალი კაცია და ეს თავისუფლება ჰაერივით სჭირდება. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სჭირდება. განმარტოება სჭირდება, რომ კარგად დაუფიქრდეს საკუთარ მანკიერებასა და სასოწარკვეთილებას. ეს ის კაცია, რომელიც სისუსტისა თუ აუცილებლობის გამო დროდადრო ორთქლს გამოუშვებს, რათა თავის გავარვარებული სული და ვნებები სიტყვიერად დაიცხროს.

„მარტო ყოფნა სულაც არ არის ძნელი, თუკი ღატაკი და ხელმოცარული ხარ. ხელოვანი ყოველთვის მარტოა, თუ ნამდვილი ხელოვანია. ამიტომ ხელოვანს მარტოობა კი არა, მარტოსულობა სჭირდება.“

რატომ არ გვადარდებს და რატომ არ გვიქმნის დიკომფორტს ჩვენს წარმოდგენებსა და რეალურ ცხოვრებას შორის არსებული უფსკრული?

მილერი პარიზის ქუჩებში დაძრწის, საკუთარ თავს მატისზე ელაპარაკება და ამ დროს გვგონია, რომ საკუთარი შემოქმედების ამბავს გვიყვება.

zk

Luxe, Calme, et Volupte’
Musée National d’Art Moderne, Centre Georges Pompidou, Paris
1904-05.

„მატისი მხიარული ბრძენია, მროკავი წინასწარმეტყველი, რომელიც ფუნჯის ერთი მოსმით ანადგურებსიმ სამარცხვინო ბოძს, რომელზეც ადამიანის სხეულია გაკრული მისივე ცოდვილი არსის გამო. მატისი ის მხატვარია, რომელმაც იცის როგორ დაშალოს ადამიანის სხეული შემადგენელ ნაწილებად. იმის გამბედაობაც ჰყოფნის, რომ ხაზთა ჰარმონია გულის ძგერასა და სისხლის ჩქროლვას მსხევრპლად შესწიროს. არ ეშინია, საკუთარი გულისნადების გამომზეურებისა და და მისი ნათელი სხივის ფერთა კლავიატურაზე დატანის. ცხოვრებისეული ქაოსისა და ცინიზმის მიღმა უხილვა კადრებს ხედავს და თავის აღმოცენას სივრცის მეტაფიზიკური პიგმენტებით გადმოგვცემს. არც ფორმულებს ეძებს, არც იდეების ჯვარცმას ცდილობს. საერთოდ არაფერი ენაღვლება საკუთარი შემოქმედების გარდა. სულ რომ დაიქცეს ქვეყნიერება, ერთი ადამიანი მაინც დარჩება მისი საწყისისა და და საფუძვლის ერთგული.“

ჩასვით მატისის ნაცვლად ჰენრი მილერი და მიიღებთ ამბავს იმისა, თუ როგორ შეიქმნა „კირჩხიბის ტროპიკი“ – მონოლოგი , ერთგვარი პროტესტი მომაკვდავი დასავლური სამაყაროსადმი, რომელიც გამოსვლისთანავე აიკრძალა და აშშ-ში მხოლოდ 1961 წელს გამოვიდა. მთავარი ბრალდება, რა თქმა უნდა, პორნოგრაფიულობა იყო. მაგრამ კარგი მკითხველი მაშინვე მიხვდება, რომ ამის უკან, უკვე სისხლში გასული სამოთხის მონატრებაა, ირაციონალურის მონატრება. მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანმა თავის სამშობლოში 2 ათწლეულზე მეტ ხანს დააგვიანა, მან მაინც ბევრი რამ შეცვალა და  დიდი გავლენა იქონია.

“ახლაც კი, როცა ქვეყანა დაქცევის პირასაა მისული, მატისის პარიზი კვლავ დაუსრულებელი ორგაზმის კონვულსიებში განაგრძობს ცხოვრებას. ჰაერში დაგუბებული სპერმის სუნი ტრიალებს და ხეებს მწვანე საფარი წოლისგან მოთელილ თმას მიუგავთ. ბორბალი ქვევით მიქრის, გამალებით ტრიალებს მორყეულ ღერძზე. არც მუხრუჭი აქვს, არც საკისარი და არც საბურავები. გზადაგზა შემადგენელ ნაწილებად იშლება, მაგრამ მაინც მოძრაობს, მაინც მიგორავს…”

zq

LE BONHEUR DE VIVRE (THE JOY OF LIFE)

175 x 241 cm

Barnes Foundation, Merion, PA
1905-1906.

Advertisements

One response to “ჰენრი მილერის კირჩხიბის ტროპიკი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s