დრო და სივრცე

guenon

(რენე გენონის „რაოდენობრიობის გაბატონება და ჟამთა ნიშნები“-სა და ანრი ბერგსონის „ცნობიერების უშუალო მონაცემები“-ს მიხედვით)

რენე გენონი თავის ფუნდამენტალურ ნაშრომებში „რაოდენობრიობის გაბატონება და ჟამთა ნიშნები“ და „თანამედროვე მსოფლიოს კრიზისი“ ტრადიციულ მოძღვრებათა თვალსაწიერიდან აშუქებს თანამედროვე დასავლური ცივილიზაციისრაობას,მის წარმომშობ მიზეზებს,მისი შემდგომი განვითარების მოსალოდნელ შედეგებს. რაოდენობრიობის გაბატონება ახასიათებს თანამედროვე ეპოქის პირველ ნაწილს, როცა მატერიალიზაციის პირობებში ადამიანი უგულვებელყოფს თვისობრივს და ყველაფერი „რაოდენობრივამდე“ დაჰყავს. „ჟამთა ნიშნები“ ამ ეპოქის მეორე ნაწილს ეხება,როცა თანამედროვე მსოფლიო რღვევას იწყებს,ამ დროს სულიერი დაკარგულია თვალსაწიერიდან და მის ნაცვლად ყალბი სულიერების გავრცელება ხდება შესაძლებელი.ყალბი იმ არეში იკიდებს ფეხს,საიდანაც ნამდვილი მოკვეთილია. ასეთად რ. გენონი მიიჩნევს თანამედროვე მენტალობას,რომელმაც ნამდვილ ფასეულობებთან მიმავალი გზა დაკარგა და დაივიწყა ამ ფასეულობათა არსებობაც კი. თანამედროვე მსოფლიოს ასეთი მდგომარეობა ,კერძო თვალსაზრისით, ანომალიური, მაღალი თვალთახედვით კი სავსებით კანონზომიერი და გარდაუვალიც კია, რადგან იგი მანიფესტაციის წარმმართველი კანონებითაა განპირობებული[1]. ამ კანონების ცოდნას კოსმიურ ციკლთა ტრადიციული მოძღვრებები ინახავს. გენონი უზოგადესს მონახაზებს იძლევა. გამოვყოფთ სამ პუნქტს: 1) ყოველი ციკლის პოტენციაში შესაძლებლობათა განუსაზღვრელი სიმრავლეა.ისინი ერთმანეთისგან თვისობრივი ნიშნით განსხვავდებიან და იერარქიულად არიან განლაგებულნი. ციკლის მსვლელობისას უკლებლივ ყველა შესაძლებლობა უნდა განხორციელდეს, რომ ციკლი ამოიწუროს და მიღებული პოზიტიური შედეგები არსებობის ახალ საფეხურზე ერთიანად ავიდეს და დასაბამი მისცეს ახალ ციკლს.    2)    ყოველი მანიფესტაცია სვლას იწყებს უმაღლესი წერტილიდან-არსობრივი საწყისიდან და განვითარებისას სულ უფრო შორდება მას და მიექანება ყველაზე დაბალი წერტილისაკენ. 3)   არსობრივი საწყისიდან დაშორებისას სამყარო თნდათანობით მატერიალიზაციას ანუ გამკვრივებას განიცდის.

თავდაპირველად , განვიხილოთ რენე გენონისეული მატერია და მატერიალიზმი და შევეცადოთ მოკლე თეზისების სახით ჩამოვაყალიბოთ მისი დამოკიდებულება ამ საკითხთან,რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში.

გენონი იტყვის, რომ ის, რასაც მატერიის იდეა მეტ-ნაკლები ბუნდოვანებით გამოხატავს, წარმოადგენს ზღვარს, რომელიც ფაქტობრივად მიუღწეველია, ვიდრე დაღმასვლის პროცესი გრძელდება. მიუღწეველია იმიტომ, რომ მატერია განიხილება, როგორც პირწმინდად რაოდენობრივი და ინერტული. ხოლო სამყარო, რომელშიც ნამდვილად ინერტული საგანი გაჩნდება , მყისვე შეწყვეტს არსებობას. ასე რომ,ეს იდეა ერთობ ილუზორულია,რადგან მანიფესტირებული არსებობის იერარქიაში არც ერთი რეალობას არ შეესაბამება,რაგინდ დაბალ საფეხურზე იდგეს იგი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მატერიალიზაცია“ არსებობს,როგორც მიდრეკილება, მაგრამ „მატერიალურობა“ განუხორციელებელი მდგომარეობაა. ამის გამოა,რომ თანამედროვე მეცნიერების მიერ თეორიულად ჩამოყალიბებული მექანიკის კანონები ზედმიწევნით ვერ ესადაგება ექსპერიმენტის პირობებს  და ეს ასეა,მიუხედავად იმისა,რომ ამ ფაზაში მათთვის მოუხელთებელი ელემენტების მოქმედება მინუმუმადეა დაყვანილი. ამრიგად, ეს მეცნიერება არ არის ზუსტი და ამ ფაზაში იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით,შეიძლება გამოდგეს მხოლოდ უშუალო პრაქტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

Guenon-author-pg-image-5მისი თქმით, ასევე მიახლოებითი შეფასების გამოა,რომ შეგრძნებადი სამყარო „ჩაკეტილი სისტემის“ სახეს იღებს,ერთი მხრივ, ფიზიკოსთა თვალში, და მეორე მხრივ, იმ მოვლენათა მდინარებაში, რომლებიც „ყოველდღიურ ცხოვრებას“ შეადგენს. „მატერიალიზაციის“ ნაცვლად, გენონი რეალობის უფრო ზუსტად და „რეალურად“  ამსახველ ტერმინს „გამკვრივებას“ იყენებს. მართლაც, მკვრივი სხეულები თავიანთი სიმკვრივით და შეუღწევადობით ყველაზე კარგად წარმოსახავენ „მატერიალურობას“.  ამ დროს , ის პარალელს ავლებს ანრი ბერგსონთან,როცა იგი „მკვრივს“ წარმოადგენს საკუთრივ „ჭკუის“ (რაციონალური აზროვნების) სფეროდ.ის თვლის,რომ ბერგსონი ნებით თუ უნებლიეთ, ეყრდნობა კონკრეტულად იმას, რასაც თავის გარშემო ხედავს, ე.ი. ჭკუის მეცნიერულ გამოყენებას.

რაც შეეხება,საკუთრივ ბერგსონის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი: ის გამოყოფს ცოდნის ორ სახეს,რომლებიც ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან: რაციონალური და ინტუიტიური. რაციონალური ცოდნა ერთი საგნის სხვა საგნებთან შედარებით და მათგან საერთო თვისებების გამოყოფის გზით მიიღწევა; მაშასადამე ესაა ანალიზი,რომელიც გვაძლევს განყენებულ ზოგად ცნებებს. ყოველი ამნაირი ცნება საგნის თვისებას გამოხატავს,მაგრამ გაუპიროვნებელი სახით,ისე რომ თვისებას აღარ უნარჩუნებს მის ინდივიდუალურ კონტურებს: „ის ყოველთვის მეტ-ნაკლებად ამახინჯებს ამ თვისებას და მეტისმეტად ფართო მოცულობას ანიჭებს მას“[1]. ამნაირ ცნებებს ვერ მივიჩნევთ ცოცხალი სინამდვილის გამოხატულებად,ისინი მხოლოდ მეტ-ნაკლებად ზუსტ სიმბოლოებად შეიძლება თუ შეიძლება ჩაითვალონ. მართლაც, ცოცხალი სინამდვილე ყოველთვის რაღაც განუყოფლად მთლიანია. აზროვნებას არ შეუძლია ზოგადი ცნებების მეშვეობით მოახდინოს რეალობის რეპროდუცირება.

ბერგსონი იტყვის, რომ ის, რითაც მოქმედებს ინტელქტი, პრაქტიკული მნიშვნელობისაა. უეჭველია,ასეთ პირობებში შეუსაბამობა იქნებოდა,ინტელექტის მუშაობისგან სინამდვილის შემეცნება მოგვეთხოვა. სინამდვილე თავისთავად სრულიად არ აინტერესებს ინტელექტს.

ბერგსონის ეს მოსაზრება ემთხვევა გენონის მოსაზრებას და მის განზოგადებას, როცა ის ამბობს, რომ მეცნიერება არ არის ზუსტი და ამ ფაზაში იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, შეიძლება გამოდგეს მხოლოდ უშუალო პრაქტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ადამიანს არსებობისთვის ბრძოლაში გამარჯვება ესაჭიროებოდა. აქ მას დახმარება ინტელექტმა გაუწია: იგი სინამდვილის მხოლოდ იმ მხარეებს ითვალისწინებდა,რომელნიც მის ზეგავლენას ემორჩილებოდნენ, და ამასაც მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ასეთი ზეგავლენისთვის იყო საჭირო. არ უნდა თქმა, მთელი სინამდვილის ყოველმხრივი სახის გათვალისწინება საარსებო ბრძოლაში სრულიად უსარგებლო იყო , და , მაშასადამე, ზედმეტიც, ინტელექტი ამგვარად იმთავითვე პრაქტიკის,მოქმედების მსახურის როლში გამოვიდა და თავისი ძალები ამ როლის შესრულებაში განავითარა. „ინტელექტის არსებითი ფუნქცია არის ის, რომ მან ისეთი გზა გამონახოს , რომელიც მას ყოველგვარ გარემოებაში საუკეთესო გამოსავალს მიანიჭებს“. მაგრამ იქ სადაც სინამდვილის უწყვეტი მთლიანობაა, იქ ინტელექტი ვერაფერს ხედავს,იქ იგი სრულიად ბრმაა ანდა, საუკეთესო შემთხვევაში აქაც გამოცალკევებულსა და გამოყოფილს ეძებს.

ამის და მიხედვით ნათელია, რომ იგი მარტო იქ ხედავს და ამჩნევს, სადაც მტკიცე და უსიცოცხლო სხეულები არსებობენ, სადაც ისინი ერთი-მეორის გარეშე დგანან და არ მოძრაობენ, ე.ი. სადაც სივრცეა, და სადაც შესაძლებლობაა დაუსრულებადი დაშლისა და შეერთებისა, ე.ი. სადაც კვლავ სივრცეა,იმიტომ, რომ სწორედ ერთგვაროვანი, დაუბოლოებადი სივრცე უნდა ჩაითვალოს იმ ნიადაგად, რომელიც ასეთი განუსაზღვრელია დაშლა-შეერთების შესაძლებლობას იძლევა.

მიუხედავად ამისა, გენონი არც თუ ისე მცირე ადგილს უთმობს თანამედროვე ინტუიციონიზმის და მისი წარმომადგენლის ანრი ბერგსონის განხილვას და კრიტიკას. ის თვლის, რომ ბერგსონი რაციონალიზმსა და მის შედეგებს სწორად, თუმცა ბუნდოვანი და არაზუსტი ტერმინებით აკრიტიკებს. მისთვის როგორც რაციონალისტისთვის სრულიად უცნობია ინტელექტუალური ინტუიცია.მის ნაცვლად იგი გრძნობადი და „ვიტალური“ რანგის ეგრეთწოდებულ ინტუიციას მიმართავს, რომლის უკიდურესად ბუნდოვან ცნებაში გრძნობად ინტუიციას ინსტიქტისა და გრძნობის ყველაზე ბნელი ძალები ერწყმის.

სწორედ ამიტომ, გენონი თვლის, რომ ინტუიციონიზმი, განსაკუთრებით თავის, ასე ვთქვათ, „ბოლო სტადიაში“ „ნეოსპირიტუალიზმს“ ემსგავსება.

creative-evolution-ebook-10-1ხაზგასმით უნდა ავღნიშნოთ,რომ ვისაც ბერგსონის მატერიის კონცეფციაზე საფუძვლიანი მსჯელობა სურს, მუდამ თვალში მისი მსოფლმხედველობის ევოლუციონისტური იერი უნდა იქონიოს. მაშინ სრულიად ნათელი შეიქმნება,რომ არც მატერიას და არც სულს,როგორც განცალკევებულს,თავიანთი არსებითი თვისებით დამთავრებულს რეალობას არ უნდა შევხედოთ. თუ ამ პრინციპებს ერთმანეთს ვუპირდაპირებთ,მხოლოდ როგორც ევოლუციის მიმართულების სხვადასხვა მიდრეკილებას და არა მის პროცესში განსაკუთრებულ სხვადასხვა საგანს და მოვლენას,თუ მატერიას თავისი არსებითი თვისებით ჰომოგენური სივრცის ცნების წრეში მოვათავსებთ,ეს მხოლოდ იმ აზრით,რომ აქ ლაპარაკია არა სრული გაიგივების,არამედ მარტოოდენ იმ მიმართულების ნიშნებისთვის,რომლისკენაც მატერიალობის განვითარება იხრება. ამგვარად, ჰომოგენური სივრცე უნდა დაუბოლოებლად მიმზიდველ და არასდროს სრულიად მისაღწევ უკიდურეს საზღვრად დავსახოთ. მატერია და ჰომოგენური სივრცე არასდროს ერთმანეთს არ ფარავენ და მატერიის ზემოთ ნახსენები თვისებანი მხოლოდღა დაახლოებითობისა და ეგებისობის ნისლში იკარგებიან: „მართალია მატერია ჰომოგენური სივრცისკენ ისწრაფვის,მაგრამ მას საბოლოოდ ვერასდროს ვერ აღწევს“. ბერგსონი იტყვის,რომ გარკვეულობასა და მკაფიო საგნობრიობას მატერიას მხოლოდ ინტელექტი ანიჭებს,როდესაც მას თავის ჰომოგენური სივრცის ქსელს გადააფარებს.

ბერგსონს სივრცე სუბსტანციურ რეალობად მიაჩნია. „უნდა ვთქვათ-ამბობს იგი,- რომ ჩვენ რეალობის ორი სხვადასხვა სახე ვიცით. ერთი სხვადასხვაგვაროვანი, რომელიც გრძნობად რომელობათა რეალობას შეიცავს, და მეორე-ერთგვაროვანი, რომელიც სივრცეს წარმოადგენს“. მისთვის სივრცე ერთგვაროვანი რეალობაა. ამის გარდა , იგი დაუბოლოებადი,დაუსრულებლად განჭრადი და განწვალებადია.

ის იტყვის, რომ ინტელექტი, როგორც იარაღი წარმოებისა, კონკრეტული სინამდვილის გადაღმა ერთგვაროვან, ცარიელს, დაუბოლოებადსა და დაუსრულებლივ განწვალებად არეს ქმნის, არეს, რომელიც მხოლოდ გამოხატულებაა ნივთიერებაზე ჩვენი ზემოქმედების შესაძლებლობისა. ასეთ არეს უწოდებს ის სივრცეს.

მაშასადამე, სივრცე ბერგსონისთვის, არ არის კონკრეტული სინამდვილე; იგი არც შემეცნების პირობაა, როგორც ეს კანტს ჰქონდა წარმოდგენილი. იგი „განწვალებისა და განმტკიცების პრინციპია, რომელიც შემეცნების კი არა, მოქმედებისთვის არის შეჭრილი სინამდვილეში“.. და იგი იმიტომ არის ასეთი, ე.ი. მას ამიტომ აქვს თავისი განსაზღვრული თვისებები: ერთგვარობა, სიცარიელე, დაუბოლოებადობა და დაუსრულებლივი განწვალებადობა.

თუ ბერგსონის მიხედვით, სივრცე ჩვენი ინტელექტის ასპექტია, ცხადია, იგი სინამდვილის ყოველ სფეროში იჭრება,რაწამს ეს უკანასკნელი ჩვენი იტელექტის საგნად,ჩვენი პრაქტიკული ინტერესების ზეგავლენის არედ ხდება. ადამიანის სულიერი ცხოვრების სამკვიდრო ამ მხრივ შეუძლებელია გამონაკლისს შეადგენს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინტელექტი ამ თავის ასპექტს კარგავს, როცა იგი სულიერ ცხოვრებას ეხება: საბაბი აქაც არის,მაგრამ უფრო მკრთალი და ნაკლებ აქტუალური. სამაგიეროდ მას განფენილობაზე უფრო ხანიერება ან დროულობა ახასიათებს. ამის მიუხედავად,ბერგსონის მსჯელობას თუ მივყვებით, ერთფეროვანი სივრცის კვალი აქაც უნდა ვეძებოთ. მაგრამ შეუძლებელია იგი სულიერი მოვლენების განსაკუთრებული თვისების, დროულობის ზეგავლენის დაღით არ იყოს აღბეჭდილი. ამგვარად, იმთავითვე მოსალოდნელია, რომ ინტელექტისათვის ჩვენი სულიერი ცხოვრებაც ერთფეროვანი სივრცის ფარგლებში უნდა იშლებოდეს, რომელიც კონკრეტულ სულიერ მოვლენათა ხანიერების გამო უთუოდ სახეშეცვლილი უნდა იყოს.

თანამედროვე მეცნიერებაც ფიქრობს, რომ სწორედ ეს ერთფეროვანი დრო უნდა იყოს ის სახეშეცვლილი სივრცე, რომელიც ჩვენი წარმოების მოთხოვნილებებს სულიერი ცხოვრების ფარგლებში გადაუტანია. მაგრამ მართლაც აქვს თუ არა ერთგვაროვან დროს რაიმე საერთო სივრცესთან?

ჩვენ ვიცით, რომ სივრცე ერთგვაროვანი არეა. მაგრამ დროსაც ასეთ ერთგვაროვნობად თვლიან. ამგვარად, ჩვენს წინაშე ორი ჰომოგენობა დგება: ჰომოგენური სივრცე და ჰომოგენური დრო.  მაშინ რითიღა განსხვავდება ერთი ჰომოგენობა მეორესაგან? და ამის საპასუხოდ მოვიყვანთ ციტატასა ბერგსონის შრომიდან „ამის მიუხედავად, ჩვეულებრივ დროს უბოლოებად თვლიან, რომელიც სივრცისგან განსხვავდება, მაგრამ რომელიც სივრცესავით ჰომოგენურია!“.

9781605205717_p0_v1_s260x420ორი ჰომოგენობა, ამგვარად ორი nonsens-ია. მაშასადამე, ცხადია, ნამდვილად მარტო ერთი ჰომოგენობა უნდა არსებობდეს, და მეორე მისგან უნდა გამომდინარეობდეს. მაშ, რომელი უნდა ავიღოთ ძირითადად,დრო თუ სივრცე?

ამაზე ბერგსონი პასუხობს, რომ ყოველი წყება განსხვავებული ელემენტების ერთდროულობას გულისხმობს. მაგრამ სადაც ერთდროულობა არის, იქ შეუძლებელია თანმიმდევრობაც არსებობდეს, ვინაიდან ის თანმიმდევრობა რაღა თანმიმდევრობაა, რომელიც ერთდროულია. ხოლო ის, რაც ჩვენ „მრავალის, ერთდროულისა და იგივეობითი შეგრძნებებისას განსხვავების შესაძლებლობას გვაძლევს, სწორედ სივრცეა“.

ამგვარად, ბერგსონის მსჯელობიდან ირკვევა, რომ ჰომოგენური დროის იდეა თვითონ გამომდინარეობს სივრცის იდეიდან. მაშასადამე, ბერგსონის განმარტება, რომლის მიხედვითაც სივრცე ჰომოგენური არეა, სრული უფლებით შეგვიძლია შევაბრუნოთ და ვთქვათ, რომ ყოველი ჰომოგენური არე, და, მაშასადამე, დროც, სივრცეა.

ამჯერად კი, დავუბრუნდეთ რენე გენონს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს „ნეოსპირიტუალისტთა“ ბოდვად მიიჩნევს, თავადაც , ძირითადად, იმავე აზრს ავითარებს, მაგრამ ამ ყველაფერს ანუ სივრცის მიერ დროის შთანთქვის (სივრცედ გარდაქმნილ დროის) საკითხს , განსხვავებული ასპექტებით, ძირითადად ბიბლიური სიმბოლიზმის დახმარებით წარმოაჩენს.

ბიბლიურ სიმბოლიზმში კაენი მიწათმოქმედია, აბელი მწყემსი. ისინი განასახიერებენ ორი ტიპის ხალხს, რომლებიც არსებობდნენ ახლანდელი კაცობრიობის დასაბამიდან ან, ყოველ შემთხვევაში, იმ დროიდან მოყოლებული, როცა მოხდა პირველი დიფერენციაცია. ესენია მკვიდრი ხალხები, მიწათმოქმედების მიმდევარნი და მომთაბარენი, რომლებიც მწყემსობას მისდევენ. მკვიდრი ხალხის შემოქმედება კი დროჟამისეულია: ისინი სივრცის ერთ,მკაცრად შემოსაზღვრულ არეს მიჯაჭვულნი, თავიანთ მოღვაწეობას განავითარებენ დროჟამულ უწყვეტობაში, რომელიც განუსაზღვრელად  ეჩვენებათ. სამაგიეროდ მომთაბარე და მწყემსი ხალხი ხანიერს არაფერს აშენებს და არ შრომობს მომავლისათვის, რაც მათი თვალსაწიერის მიღმა რჩება. მათ თვალწინ შეუზღუდველი სივრცეა, რომელიც სულ ახალ და ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ამგვარად, ვაწყდებით იმ კოსმიურ საწყისთა (პრინციპთა) ურთიერთშესაბამისობას, რომელსაც შეესატყვისება, ოღონდ სხვა რანგში, კაენისა და აბელის სიმბოლიკა. ეს არის დროჟამით წარმოდგენილი შეკუმშვის საწყისი, და სივრცით  წარმოდგენილი განფენის საწყისი. სიმართლე რომ ვთქვათ, ორივე საწყისი ერთდროულად ვლინდება დროში და სივრცეში ისევე, როგორც ყველაფერში. ცხადია, რომ დროჟამულ მდინარებაში პირველის ქმედება უპირატესობას, ხოლო სივრცულ  განფენილობაში – მეორეში. დრო კი, თუ შეიძლება ითქვას, ცვეთს სივრცეს და თავის თავს ადასტურებს, როგორც შთანმთქმელს. ასევე დროჟამის მსვლელობისას  მკვიდრნი თანდათან შთანთქავენ მომთბარეთ. გენონი სწორედ ამას თვლის კაენის მიერ აბელის მკვლელობის სოციალურ-ისტორიული ასპექტი.

ის, ვინც დროჟამისთვის  მუშაობს, მყარად არის სივრცეში; ხოლო ვინც სივრცეში ხეტიალობს, განუწყვეტლივ  დროჟამთან ერთად. და აი, სად ჩანს „საპირისპირო მნიშვნელობის“ ანატომია: ის, ვინც ცხოვრობს ცვალებადი და დამანგრეველი ელემენტის-დროჟამის  მიხედვით, ფიქსირებულია და მუდმივი ელემენტის-სივრცის მიხედვით ცხოვრობს, იფანტება და განუწყვეტლივ იცვლება. ასეც უნდა იყოს, რათა შესაძლებელი გახდეს ორივე თანაარსებობა იმ შეფარდებითი წონასწორობის წყალობით მაინც, რომელიც მყარდება ორ უკიდურესად დაპირისპირებულ ტენდენციას შორის.

ზემოთ მოყვანილი გენონის მსჯელობიდან, ვფიქრობთ, რომ დრო შეკუმშვის ძალის მოქმედებით ცვეთს სივრცეს. შეკუმშვის ძალა უპირისპირდება სივრცულ განფენილობას და იმისკენ ისწრაფვის, რომ სულ უფრო და უფრო შეავიწროოს იგი.

ბერგსონის და მათი მოსაზრების საპირისპიროდ, ვინც დროს მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისისთ განიხილავს, იგი სრულიად არ არის ერთგვაროვანი. იგი მანიფესტაციის ამა თუ იმ ციკლის პირობების ზეგავლენით ყოველ მომენტში განსხვავებულია და ციკლის დასაწყისიდან მის ბოლომდე მუდამ მიმდინარეობს აჩქარება.

ამის მიხედვით,გენონი დასაშვებად თვლის, იმას რომ დრო არა მარტო სივრცეს , არამდე თავის თავსაც კუმსავს სულ უფრო მეტად.

henribergsonთავის უკიდურეს ზღვარზე დროის შეკუმშვა დასრულდება საბოლოოდ მისი დაყვანით ერთ წამამდე, და მაშინ ხანგრძლივობა შეწყვეტს არსებობას, რადგან ცხადია, რომ წამში წარმოუდგენელია რაიმე სახის მიმდევრობა. ამგვარად, „მშთამთქმელი დრო თავის თავს შთანთქავს“, ისე რომ სამყაროს დასასრულს, ციკლური მანიფესტაციის ზღვარზე დრო აღარ იქნება. როგორც კი შეწყდება თანმიმდევრობა, ანუ სიმბოლური ენით რომ ვთქვათ, როგორც კი „ბორბალი შეწყვეტს ბრუნვას“, ყოველივე არსებული სრულ თანადროულობაში მოექცევა. თანმიმდევრობა გადაიქცევა ერთდროულობად, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ დრო სივრცედ გარდაიქმნა. ამგვარად, უკანასკნელ ჟამს მოხდება „შემობრუნება“, დროის საწინააღმდეგოდ და სივრცის სასარგებლოდ: იმ წამს, როცა დრო თითქოს საბოლოოდ უნდა შთანთქოს სივრცე, პირიქით, სწორედ სივრცე ჩაყლაპავს დრო-ჟამს. ბიბლიური სიმბოლიზმის კოსმოგონიურ მნიშვნელობის გათვალისწინებით გენონი მიიჩნევს, რომ ეს აბელის საბოლოო შურისგებაა კაენზე.

არ შევუდგებით რ. გენონის მიერ მოწოდებული მოძღვრებების ვრცელ განხილვას.ეს იყო ის მთავარი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ბერგსონისეულ დრო და სივრცესთან და რომელის ჩამოვაყალიბებას შევეცადეთ თეზისების სახით. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თავად გენონი ბერგსონსზე საუბრისას, მას ბუნდოვნებას, არასიზუსტეს აბრალებდა და ხაზგასასმელად თვლის მათ „ევოლუციონისტურ“ ხასიათს. მისი აზრით, ეს თეორიები ყოველგვარ რეალობას „ქმნადობაში“ ათავსებდნენ, ეს კი ყოველგვარი უცვალებელი საწყისისა და , შესაბამისად, მეტაფიზიკის ფორმალურ უარყოფას გულისხმობდა. ამით განსაზღვრავდა ამ თეორიების ძნელად მოსახელთებელ და ცვალებად სახეს, რომელიც მატერიალისტური და რაციონალისტური გამკვრივების ფონზე საბოლოო „ქაოსში“ ყველაფრის გათქვეფის ერთგვარ წინასახეს იძლეოდა. ის ბერგსონისეული ინტუიციონიზმის განხილვას და ამ „ახალი ფილოსოფიის“ ღირებულების კრიტიკას  დიდ დროს უთმობს.

თუმცა, საგულისხმოა და მოკლედ ავხსენით კიდეც, რომ მათ მოძღვრებებს შორის ბევრი საერთო  შეიძლება ვიპოვოთ. განსაკუთრებით, როცა მათი განხილვა ეხება რაციონალიზმს, მატერიალიზმს, დროსა და სივრცეს. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ორ უდიდეს მოძღვარს, ერთი პრობლემა აწუხებს, მაგრამ რაც აღსანიშნავია, ისინი განსახვავებული ასპექტების გათვალისწინებით  მიდიან საერთო დასკვნამდე.

[1] მანიფესტირებული სამყაროს სვლა თავისი სუბსტანციური პოლუსისაკენ „შემობრუნებით“ მთავრდება და იგი მყისიერი გარდაქცევით თავის არსობრივ პოლუსს უბრუნდება.ამ მყისიერების გამო „დაღმასვლას“ არ შეიძლება მოჰყვეს გარეგანი ხასიათის რაიმე აღმასვლა,როგორც ეს ციკლური მოძრაობის მცდარ კონცეფციებშია წარმოდგენილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

Ø  რენე  გენონი,  „კაენი  და  აბელი“,  თბილისი,  1998.

Ø  ანრი  ბერგსონი,  „ცნობიერების  უშუალო  მონაცემები“,  თბილისი,  1993.

Ø  დიმიტრი  უზნაძე,  „ფილოსოფიური  შრომები:  ანრი  ბერგსონი“,  თბილისი,  1986.

Ø  მირჩა  ელიადე,  „მითის  ასპაქტები“,  თბილისი,  2009.

Ø  ნიკოლოზ  ლოსკი,  „ბერგსონის  ინტუიტიური  ფილოსოფია“,  თბილის,  1993.

Advertisements

9 responses to “დრო და სივრცე

  1. მახსოვს ბერგსონის “ცნობიერების უშუალო მონაცემები” რომ წავიკითხე მაშინ მან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.. ეხლა არც კი მახსოვს კარგად, სადღაც რვეულში კი მექნება ამოწერილი ციტატები, მაგრამ სწორედ ეხლა ვნახე ეს ვიდეო და მგონი შენთვის საინტერესო იქნება თუ რათქმაუნდა ნანახი არ გაქვს https://www.youtube.com/watch?v=uNIFwpMOxR0&feature=c4-overview&list=UUmPYUltDTJxJH2kZHQPCG_A

  2. სახეშეცვლილი სივრცე და დრო, რომლებიც ერთმანეთს კუმშავენ, რომელიც კაენია და აბელია, საინტერესო ანალოგიაა.

    • სულ სხვს სამყაროს ხედავს ეს ადამიანი. გენონი.

  3. Pingback: როგორ ავაშენოთ ადამიანი რუდოლფ შტაინერის მიხედვით | la maga rayuela·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s