სინათლის ქალაქი ანუ როგორც ხდება ხოლმე

530535_582803291775768_1846007535_nთენდება. ადრეული მზის სხივები უხერხულად იშმუშნება ჩემს თმებზე. თვალებს მძიმედ ვახელ და არ ვინძრევი. ცოტა ხანი გარინდული ვაკვირდები როგორ ეთამაშება მზე ჩემს ამოჩემებულ თმებს და ამ ჩემეული გართობის მერე უკვე მზად ვარ წამოსახტომად. როგორც ხდება ხოლმე. საწოლ ქვეშ ჩავარდნილ მობილურს მძიმედ ვწვდები, თვალმოჭუტული შორიდან ვუყურებ და ვცდილობ დაბინდული თვალებით გავარჩიო რა დროა. თბილისის დროით შვიდი საათია. როგორც ხდება ხოლმე. დაწოლის წინ ჩემ თავთან ვდებ არაფორმალურ შეთანხმებას, რა დროს უნდა გავიღვიძო და მეც ზუსტად იმ დროს ვიღვიძებ მაღვიძარებისა და ყოველგვარი მძიმე და ფსიქიკადამანგრეველი ტექნიკის დახმარების გარეშე. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.

პირველი, რაც მევალება, არის იმ გადაწყვეტილების მიღება, თუ რა უნდა ჩავიცვა. ტანსაცმლის კარადის კარებს ხმაურით ვაღებ , რომ თვალი გადავავლო ჩემ ღარიბ გარდერობს. როცა ვრწმუნდები , რომ ამ ღამითაც არაფერი ახალი არ დაუტოვებია კეთილ ფერიას   ჩემი ტანსაცმლის  კარადაში, იმედგაცრუებული გაბრაზებით  ვაჯახუნებ კარადის კარს და ამით ჩემი ჯერ „იმქვეყნადმყოფი“ ანუ მძინარე ნათიას (ჩემი მეგობრის) დამსახურებული რისხვაც მატყდება თავს. როგორც ხდება ხოლმე.

ჰმმმმ……დიდი ვერაფერი არჩევანი. მაგრამ უნდა გავხდე ამ მწირი არჩევანის პირობებშიც რამეს,თუ გინდა თბილისში ვინმემ შემოგხედოს,უფრო სწორედ ზედ მაინც დაგხედოს.

ბოლოს ჩემ თავს ვუმტკიცებ, რომ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და პირველი რასაც ვნახავ , იმას ვიცვამ სწრაფად და ფეხების ბაკაბუკით. ჯანდაბა.სააბაზანოში დაკარგული კიდევ ხუთი წუთი.ესეც ბევრია ალბათ ჩემთვის.დაახლოებით ათ წუთში მე უკვე მზად ვარ თბილისის დასაპყრობად. მოტივაცია? ჰუჰ…

ჩემი მობილურის წკრიალის ხმა მესმის. ვაუუჰ…მესიჯი?…გაკვირვებული ცინიზმით გაჯერებული გამომეტყველებით ვკითხულობ მესიჯის. მარად ჩემი ერთგული მეგობარი Beeline-ი მერამდენედ მატყობინებს და გულმხურვალედ მთავაზობს 5 ლარიან აქციაში ჩართვას და შემდეგ იმესიჯეთ მთელი თვის განმავლობაში უფასოდ!!!….გმადლობთ, არ ღირს, ხმამაღლა ვეუბენები ჩემს ყვითელ ქსელს და სამქულიანი!..მობილური პირდაპირ ჩანთის ფსკერზე განისვენებს. როგორც ხდება ხოლმე.

ფუნთუშის პატარა ნატეხს მოვიქცევ ხელებში და ბინიდან გავდივარ. ჩვენს ქუჩებში კატებს რა დალევს. პირველივე  შემხვედრ კატას ვუახლოვდები,ისიც კუდის კლაკვნით მიახლოვდება და თითქოს-და მორჩილი თვალებით ელოდება ჩემგან დაჩვეულ შემწეობას. ხელებიდან ვაჭმევ. მოვა დრო და ისეთ ბუნაგს მოგიწყობთ, მაგასთან ქუჩა რა მოსატანი იქნება. ვოცნებობ და გზას ვაგრძელებ. თბილისელი დიასახლისების ცნობისმოყვარე მზერა ზურგს მიწვავს. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.

ერთ-ერთ სადარბაზოსთან კაცი ჩამომჯდარა და ხელში პატარა ფრინველს აკავებს. ვუახლოვდები, ვჩერდები და ვეკითხები რა ფრინველია. „მიმინოა,შვილო“-კეთილი, მშვიდი სახით მიყურებს, ცალი ხელით ფრინველს აკავებს და ცალი ხელით უმ ხორცს უწიწკინის. „რა სჭირს?“-ვეკითხები ურცხავად და არც ვაპირებ გზის გაგრძელებას. „აქვე ვიპოვე…პატარაა ჯერ, ცალი ფრთა აქვს დაზიანებული, მაგრამ გამოკეთდება.“-დამაჯერებელი ხმით ამბობს და ბებრულ,კეთილ ღიმილს მჩუქნის ისევ. „შეიძლება ხელით შევეხო?“-ცოცხალი თავით არ ვეშვები მიმინოს, რომელსაც ალბათ ახლა თავისი გასაჭირიც ყოფნის. „კი, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ფრთხილად..ხომ ხედავ როგორი ნისკარტი აქვს,შეიძლება ჩაგასოს…“-მეუბნება მოხუცი და ჩემსკენ იწვდენს თვალებაკვესებულ მიმინოს, რომელიც ასეთ ადამიანურ ზრუნვას არაა მიჩვეული. ხელებში ვიმწყვდევ და თვალში თვალს ვუყრი. აბა, პირველი რომელი დაახამხამებს. ეეჰ… თავის მფარველს ვუბრუნებ თავმოყვარეობაშელახული და ცხოველთა და ფრინველთა დაცვის ორგანიზაციის და ყველა იმ ადამიანის სახელით, რომლებსაც ეს არსებები უყვართ, მხურვალე მადლობას ვწირავ.

არ მეჩქარება. ლექცია ექვსზე მაქვს, იქამდე ბანკში უნდა შევიარო,შემდეგ ბიბლიოთეკაში,მერე ალბათ კაფეში და ბოლოს ალბათ მივაღწევ 407 აუდიტორიამდე. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.

ბანკთან ჩემზე უკეთ ჩაცმული ახალგაზრდა მათხოვარი მხვდება ცალ ხელში იმერული ხაჭაპურით და მეორე გამოწვდილი ხელით. მადააღმძვრალი, პირის წკლაპუნით შევდივარ ბანკში  (რომ გამოვალ უნდა ვიყიდო) და ოპერატორს ვუახლოვდები. მცნობს და ერთფეროვან ,გაშეშებულ სახეზე ღიმილი ეპარება. „გმადლოოოოობთ……“- მხურვალე მადლობას ვწირავ პროკრედიტ ბანკს თავისი „ხელგაშლილობისთვის“ და აწ უკვე ამაყი ნიშნისმოგებით ჩავუვლი „მათხოვარს“. „გგონია მე ვერ მივირთმევ ხაჭაპურს?…“-მეცინება ჩემს თავზე, მათხოვარზე, პროკრედიტ ბანკის უდაბნოსსახიან თანამშრომელზე (ვინ იცის რამხელა გზა გაიარა, რომ ოპერატორობამდე მიეღწია) და ჩემს გზას ვაგრძელებ.

ბიბლიოთეკაში შევდივარ, თანამშრომელს ვესალმები, რომელიც სიცხისგან შეწუხებული სახით მეკითხება გვარს და აჩქარებული მიეშურება „ჩემი“ წიგნების მოსატანად. „რამდენი გქონიათ გამოტანილი,ცოტა უნდა დააბრუნოთ,არ გეცოდებით?…“-საწყალი სახით მიღიმის და მეც ორის გარდა ყველას ვუბრუნებ.“გამომძალველები…“-ვფიქრობ გუნებაში და სავსე ბიბლიოთეკაში ერთ მოკრძალებულ ადგილს ვეძებ ჩემთვის. როგორც იქნა ვიპოვე თითქოს და ჩემთვის შენახული ერთადერთი თვაისუფალი ადგილი და ვინმე ჩემს მიერ იქსად წოდებული ბიჭის გვერდით ვკალათდები. ვითომ კითხულობს.

ვინმე იქსი სასულიერო აკადემიის სტუდენტია და  ბიბლიის სხვადასხვა გამოცემებით გარშემორტყმული, მალულად გამუდმებით გოგოებისკენ აცეცებს თვალებს. არც ვიყურებ მისკენ,ისე ვხედავ (ვგრძნობ) მის მზერას და მეცინება, თან ჩემი უდიერობისგან აჩაჩულ კაბას ძირს ვექაჩები. “ცოდვაში არ ჩავაგდო ბიჭი…“-მეღიმება, სულ ერთი წუთიც და მე უკვე წიგნში ვარ შეკუნტული. ბიბლიოთეკის ზუზუნი ჩემზე არ მოქმედებს, აქ ხომ უამრავი „ინტელექტდახარბებული სნობი“ დადის, რომლებიც ძირითადად ჩვენს წელთაღრიცხვამდე წაკითხული წიგნით აწონებენენ ერთმანეთს თავს. თავი მიბრუვდება და ირგვლივ ვიხედები. ვინმე იქსის ბიბლიები ეულად აწყვია გაცრეცილ, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის დროინდელ მაგიდაზე და მორჩილად ელოდება თავის „შემმეცნებელს“, რომელსაც ვიღაც ქერათმიანი გოგონა მიუმწყვდევია კატალოგებთან და „გასხივოსნებული“ სახით უმტკიცებს თავის „ჭეშმარიტებას“. როგორც ხდება ხოლმე. ისევ მეცინება (რას გადავეკიდე). ეეჰ, თბილისი…

მაგვიანდება. სასწრაფოდ ვაბრუნებ თითქმისჩამთავრებულ წიგნებს და ყვითელ ავტობუსს ველოდები, რომელმაც ვაკის პარკთან, ჩემს სასწავლებელთან უნდა მიმიყვანოს. დროულად უნდა მივუსწრო ლექციას, რადგან ჩემი ერთი ლექცია ჩემი ზეპირი გამოანგარიშებით სამოც ლარზე მეტი ჯდება (რას მიშვრება ბიზნესის ბაკალავრის „ერთიწლისმერეცჯერვერმიღებული“ დიპლომი…). როგორც იქნა, მოდის „ ჩემი“ 61 და როცა სხვების მიწოლას და კარებთან ჩაკვეხვას ვამთავრებ, ვცდილობ მეც მოვნახო ჩემი ერთი ფეხისთვის მაინც დასადგომი ადგილი. ცოტაც და….უჰ, მრავალჭირნახული კარები წივილით იკეტება და მეორე ეტაპის გადალახვა უკვე იმაში მდგომარეობს, თუ საიდან მოვიპოვოთ ამდენმა ადამიანმა ამ ყვითელ „ჟეშტის ყუთში“ საკმარისი „ჯანგბადი ჩვენი არსებობისა“.

როგორც იქნა, ვაღწევ ჩემს უნივერსიტეტამდე, ვწესრიგდები, ჩემი სხეულის ნაწილებს ვალაგებ საკუთარ ადგილზე და მივეშურებ ჩემს 407-ი  აუდიტორიისკენ. შევდივარ, გამარჯობას ჩავიბურტყუნებ გადაღლილ ბავშვებთან, რომლების ღმერთმა იცის ამ დრომდე რას აკეთებდნენ და ისევ საკუთარი „ჯერ ვერ ნაპოვნი“ ადგილის ძებნას ვიწყებ. (დილიდანვე ხომ უკვე საკუთარი ადგილს ვეძებ ყველგან. იმ ქალაქში, რომელიც „ჩემია“).

ვიპოვე. ფანჯარასთან ერთი ადგილი თავისუფალია. მეც უხერხულად ვჯდები მერხთან და  ვცდილობ ფეხები სათითაოდ  მოვათავსო იმ პატარა სივრცეში, რომელიც ჩემი „მასშტაბების“ სტუდენტისთვის ნამდვილად არ არის გათვლილი. ლექტორი აგვიანებს. როგორც ხდება ხოლმე.

15 წუთში უფლება გვაქვს აუდიტორია დავტოვოთ. ბავშვები წასასვლელად ემზადებიან. ცოტათი უხარიათ კიდეც. თორნიკეს ვეკითხები, წაიკითხა თუ არა მაკიაველის „მთავარი“ ბოლომდე. „არა,შენ?“-მეკითხება და რაღაცნაირი ფერის თვალებით მიყურებს. „ცოტა დამრჩა“-ვეუბნები და ლექტორიც შემოდის.

ყველანი მისკენ ვტრიალდებით. ახალგაზრდა ბიჭია, როგორც ხდება ხოლმე ჩვენს სასწავლებელში. მგონი, ჩვენს ჯგუფში ყველას მოსწონს მის ლექციებზე დასწრება.

მოკლედ, მაკიაველის „მთავარი“……“მოსე, კიროსი, რომულუსი, თეზევსი-მათი ღვაწლის განხილვა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ საკუთარ სვებედნიერებას არაფერი უწყალობებია მათთვის, გარემოთა გარკვეული დამთხვევის გარდა, რაც სხვა არა იყო რა, თუ არა ერთგვარ მასალა, რომელსაც თვითონვე მიანიჭეს ისეთი ფორმა, როგორიც სურდათ. გარემოებათა ამგვარი დამთხვევის გარეშე უთუოდ დაიშრიტებოდა მათი სულის სიმხნევე  და შემართება, ხოლო სულიერი შემართების გარეშე ფუჭი იქნებოდა გარემოებათა ყოველგვარი დამთხვევა. მსგავსმა შემთხვევითობებმა განაპირობა ყველა ამ კაცის ბედნიერება, ხოლო უჩვეულო სიქველის საშუალება მისცა  მათ, რითაც განადიდეს თავიანთი სამშობლო და ბედნიერებას აზიარეს იგი. ვინც ზემოხსენებულთა მსგავსად, სიქველის  წყალობით ხდებიან მთავარნი, გაჭირვებით ეუფლებიან სამთავროებს , მაგრამ ადვილად ინარჩუნებენ მათ. ხოლო სიძნელეები, რომელთა გადალახვასაც სამთავროს დაპყრობის შემდეგ უხდებათ, იმ ახალი წესრიგის  თუ წეს-წყობილების შედეგია, რომელიც უთუოდ უნდა დააფუძნონ, რათა ძალაუფლება დაიმკვიდრონ და უზრუნველყონ თავიანთი უშიშროება.

ამნაირ ადამიანებს დიდი სიძნელის გადალახვა უხდებათ, მაგრამ ყველა საფრთხე მხოლოდ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ემუქრება მათ, რაც საკუთარი სიქველით უნდა აიცილონ თავიდან. მაგრამ როგორც კი კი სიძნელეს გადალახავენ და ხალხის ნდობას მოიხვეჭენ, როგორც კი მუსრს გაავლებენ ყველას, ვისაც, თავისი მდგომარეობით შეიძლებოდა მათადმი შური აღძვროდა, ისინი ძლევამოსილნი, უზრუნველნი, ბედნიერნი და საყოველთაო პატივისცემით გარემოსილნი ხდებიან….“

აქედან კარგად ჩანს თბილისი. ყრუდ ჩამესმის ლევანის ხმა და თვალები ქალაქისკენ და მასზე დამხობილი, ჩამავალი მზისგან გაწითლებული ცისკენ გამირბის. თვალს ვერ ვაშორებ. როდის მერე გახდა თბილისი ასეთი ლამაზი?… იქნებ სულ იყო და ჩვენ ვერ ვხედავთ. დღესაც ხომ  ერთი ჩვეულებრივი „დღეა“, ყველაფერი ისე მოხდა, „როგორც ხდება ხოლმე“.

მოულოდნელად ვაცნობიერებ (ვგრძნობ), რა ძვირფასები არიან ჩემთვის ქუჩებში მოწანწალე კატები, ამ დილით ნანახი კეთილსახიანი ბებერი, რომელიც ფრთამოტეხილ მიმინოს აკავებს, ჩემზე უკეთ ჩაცმული მათხოვარი და  პროკრედიტ ბანკის უდაბნოსსახიანი ოპერატორიც კი. ყველაფერი უჩვეულოდ ლამაზია, როგორც „არ ხდება ხოლმე“…

ლექტორისკენ ვტრიალდები და ისე ვუსმენ , როგორც არ ხდება ხოლმე. ლევანი ღიმილმორეული კმაყოფილი  მიყურებს…

0_908c1_ba99ca13_XL

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s