საწერ მაგიდასთან მჯდომი მკვლელის ტოტალური ორგაზმი

წიგნის მაღაზია  “სანტა ესპერანსას”  პროექტი “ანოტაცია”.  მეოთხე დავალება.

Thepianoteacher4

ელფრიდე იელინეკი არის ქალი, რომელიც თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის – ერიკა კოხუტის მსგავსად, ქარიშხალივით შემოიჭრა თავისი დაუოკებელი აგრესიით, არა მხოლოდ დედამისთან თავის გაცრეცილ, ნაცრისფერ ბუნაგში, არამედ მთელი მსოფლიოს გემოვნებიანი ლიტერატორების გონებაში და იქ დღემდე ინარჩუნებს ნიჰილისტურად განწყობილი ნიჭიერი , ნევროტიკი ქალი მწერალისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულ, საპატიო ადგილს.

სწორედ ამისთვის, მისი 1983 წელს დაწერილი რომანი „პიანისტი ქალი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გახდა ცნობილთა შორის და 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, ავსტრიელ მწერალ ელფრიდე იელინეკს ნობელის პრემია გადაეცა, თავად „უწყინარ და გულჩათხრობილ“ ავსტრიელთა გასაკვირადაც კი, რომელთაც მას შემდეგი ჩინებული სიტყვები მიუსადაგეს : „საკუთარი ბედის დამბინძურებელი“. ხოლო თავად ელფი თვლიდა, რომ “ნობელის პრემია არის ყვავილი ავსტრიის ლაცკანზე”.

ადამიანი მისი წარმოშობის დღიდან უპირისპირდებოდა მისთვის უცხო სინამდვილეს. ამ სინამდვილესთან ურთიერთობის მოგვარების ერთ-ერთი ფორმა არის წერო შეუფარავად ამ სინამდვილეზე. ელფრიდე იელინეკიც მონოტონურად, ხშირად მდაბიო, მაგრამ ყოველთვის ძალიან მუსიკალური ენით აღწერს ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც ნეგატიურია, მახინჯი და სასტიკი. იელინეკისთვის მწერლობა სულიერი კულტურის,ხელოვნების ის სპეციფიკური ფორმაა, რომელიც სინამდვილეს მხატვრულ სახეებში ასახავს. ნაწარმოებში ვხედავთ მწერლის, როგორც ხელოვანის დამოკიდებულებას ობიექტთან, ობიექტის განწყობილებას და ბედსაც.

აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ წიგნი , ისევე როგორც ხელოვნების ყოველი ნაწარმოები, დაყოფილია ორ ნაწილად, ე.წ. ორ შრედ. პირველის ელემენტებია გრძნობად არსებული ფორმები, ფერები, ბგერები, რითაც ვხედავთ, შევიგრძნობთ და ვისმენთ. მეორის – სულიერი ცხოვრების ელემენტები და ფაქტები, რომელთაც გრძნობადი ხატი არა აქვთ. აღნიშნულ ნაწილთა ურთიერთმიმართება თავისებურია. გრძნობადი ფენა არის საფუძველი, საიდანაც არაგრძნობადი ფენები აღმოცენდებიან.

ამ ნაწარმოების შინაარსი არასოდეს არის ნეიტრალური. იგი არის ან ტრაგიკული, ან კომიკური, ან ერთდროულად ტრაგიკულიც და კომიკურიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – მშვენიერი!

იელინეკის სიტყვებით თუ ვიტყვით, წერა მისი „თავშესაფარი , ნავსაყუდელი, ერთგვარი ორგაზმისმაგვარი ტრანსია“, რომელმაც განთავისუფლებით კი ვერ გაანთავისუფლა, მაგრამ საკუთარი მწარე გამოცდილების საფუძველზე შეაქმნევინა ისეთი ნიშანდობლივი პერსონაჟი, როგორიცაა ერიკა – პიანისტი ქალი.

„ერიკა- მინდვრის ყვავილი“ – ამ ყვავილის მიხედვით ქვია ქალს ეს სახელი. დედამისს გოგონას დაბადებამდე მშვიდი და ნაზი ზმანებები ჰქონდა, როდესაც შემდეგ თავისი ორგანიზმიდან გამოსული თიხის გუნდას მაგავსი სხეული ნახა, იგი იმწამსვე ენერგიულად შეუდგა მის „ზელვას“ და დამუშავებას, რათა შეენარჩუნებინა სისუფთავე და სინატიფე. დედა მუდამ ასე ამბობს :

„აქ უნდა მოვაშოროთ ეს , ზედმეტია, და ასევე იქაც. ყოველი ბავშვი ინსტიქტურად ეტანება ჭუჭყსა და სიბინძურეს, თუ კი მას იქაურობას არ მოაშორებ“.

დედამ თავიდანვე შეარჩია ერიკასთვის რაღაცა ფორმით გზა ხელოვნების სფეროში, რათა შეუპოვარი შრომით მიღებული სინატიფე-დახვეწილობიდან ფული გამოედნო მაშინ, როცა საშუალო ნიჭის ადამიანები, აღფრთოვანებული ხელოვანი ქალის ნიჭით, მის გარშემო იტრიალებდნენ და მას ტაშს დაუკრავდნენ. ახლა უკვე ერიკას აქვს საჭირო პეწი და და მომზადება, ახლა მან თავისი მუსიკის ვაგონი რელსებზე უნდა შეაყენოს და დაუყოვნებლივ შეუდგეს ხელოვნების შესწავლას.

ასეთი გოგონა არ არის გაჩენილი ძნელი საშინაო საქმეებისთვის. იგი დაბადებული დახვეწილი კლასიკური ცეკვების, სიმღერისა და და მუსიკისათვის. მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ქალი – აი, იდეალი, რაზეც დედა ოცნებობს. ბავშვმა რომ ამ ინტრიგებით სავსე ქვეყანაში გზა გაიკვლიოს, დედა ყოველ მოსახვევთან გზის მაჩვენებელს არჭობს მიწაში და ერიკას ცუდი დღე ელის, თუ მეცადინეობას გულს ვერ დაუდებს.

დედა მას ქვემოდან აწვება, რადგან ის ორივე ფეხით მიწას შეედუღაბა და მალე ერიკა უკვე აღარ დგას მშობლიურ დედობრივ მიწაზე, არამდედ სხვა ვინმეს ზურგზე, რომელიც მან ინტრიგების საშუალებით თავიდან მოიცილა. მერყევი დასაყრდენია ! ერიკა თითის წვერებით დგას დედის მხრებზე, გაწაფული თითებით ეჭიდება ზემოთ მწვერვალს, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ისე ჩანს, როგორც კლდის გამონაშვერი. იგი ძაბავს კუნთებს და იწევს მაღლა და მაღლა. ახლა მისი ცხვირი უკვე ზემოთ ჩანს, კლდის პირს ზემოთ, მაგრამ იგი მხოლოდ ახალ კლდეს ხედავს, კიდევ უფრო შვეული რომ არის, ვიდრე წინა.

წლები გადის და ერიკა უკვე სჯობნის დედას სხვა ადამიანებისადმი ქედმაღლურ დამოკიდებულებაში.

„ რა გვესაქმება ჩვენ, დედა , ამ დილეტანტებთან, მათი აზრები მოუხეშავი და ტლანქია, მათი აღქმა და შეგრძნებები მოუმწიფებელი. ჩემს პროფესიაში კი მე მხოლოდ სპეციალისტები მჭირდება.“

ხელოვნებას ქმნის ადამიანი, რომელიც საზოგადოების პროდუქტია, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელოვნება ქმნის ერიკა კოხუტს, როგორც სექსუალურად დაუკმაყოფილებელ, აგრესიულ, ძველმოდურ, ქედმაღალ ქალს, რომელსაც ხელოვნებამ წაართვა ყოველივე პიროვნული და დაუქვემდებარა კონკრეტულ ადამიანებს. მას ასწავლეს, რომ უმჯობესია ხელოვნების მწვერვალი, ვიდრე სექსის დაბლობი.

„ხელოვანმა უნდა მოთოკოს თავი, ლაგამი ამოსდოს ვნებებს. თუ ამის ძალა არ შესწევს , მაშინ ის ყოვლად ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა , რომელიც სხვებისგან არ გამოირჩევა. ეს კი ასე არ უნდა იყოს, თორემ მაშინ ის ღვთაებრივი არ გამოდის!“

მერე რა, რომ ხელოვან ადამიანთა ბიოგრაფიები ძალიან ხშირადაა აჭრელებული სექსუალური ლტოლვის მოხსენიებით, და მათი პროტაგონისტების ხრიკებითა და ოინებით. წარმოიქმნება შთაბეჭდილება, თითქოსდა სექსუალობის კომპოსტის ნიადაგზე აღმოცენდება სუფთა და კეთილშობილური ჟღერადობის კიტრის კვალი.

“ბეთჰოვენის ტკივილი, მოცარტის ტკივილი, შუმანის ტკივილი, ბრუკნერის ტკივილი, ვაგნერის ტკივილი. ეს ტკივილები მისი ერთადერთი ქონებაა.”

ერიკა კონსერვატორიიდან შინ აჩქარებული ნაბიჯებით მიეშურება. ორივე რჩეული მისი ცხოვრებისა მკვნეტარასავით მაგრად არიან ჩაბღაუჭებულნი მას. ეს კიბოს მარწუხები: დედამისი და მოსწავლე კლემერი. ორივე ერთად ვერ ეყოლება , მაგრამ ვერც მარტო ერთი, რადგან მაშინვე საშინლად მოაკლდება მეორე.

მისი ფიზიკური სხეული დაკავშირებულია მის მოსწავლესთან, ხოლო მისი პიროვნება და არსება დედასთან, ამიტომ ერთ-ერთის გარეშე ის ვერ იქნება სრულქმნილი. ასეთი ცალმხრივი განვითარების ადამიანს დიდი სურვილი გააჩნია რომელიმე სფეროში, მაგრამ მას არ შეუძლია ამ სურვილების დაკმაყოფილება და არც უარის თქმა ამ სურვილებზე. მთელი ცხოვრება ასეთი ადამიანისთვის იქცევა უდიდეს მწუხარებად და ტრაგედიად.

სწორედ ამგვარი უნაყოფო, ნახევრადდაკმაყოფილებული სურვილებით არსებობის გამომხატველია ერიკას გატაცება სტრიპტიზ-ბარებში სიარულით,მოსიყვარულე წყვილების თვალთვალით, მაზოხისტური მიდრეკილებებით.

მხოლოდ ეს  სურვილები ხდიან შესაძლებელს, რომ ის რეალურად არსებობდეს და სწორედ ეს რეალობა ხდის შესაძლებელს, რომ იყოს ის საზღვარი, სადაც მთავრდება ყოველგვარი გადაუბიჯებელი სურვილი.

გოეთეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ელფრიდე იელინეკი ამ ნაწარმოებით „ეშმაკს ხატავს კედელზე, რათა თავიდან მოიშოროს ბოროტი სულები, თვითონ რომ გამოიწვია და გამოიძახა“.

305531_405651202801491_1847811641_n

Advertisements

4 responses to “საწერ მაგიდასთან მჯდომი მკვლელის ტოტალური ორგაზმი

    • თვით ელფრიდეა კარგი და გადასარევი :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s