ულისე. ჯოისი.

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მესამე დავალება.

Image

ჯოისი ლიტერატურაში შემოვიდა თავდაჯერებული, საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობებისადმი ღრმა რწმენით განმსჭვალული და ძალიან მალე შემოქმედებითი პრინციპების, მწერლური პოზიციის, მრწამსის ჩამოყალიბებასთან ერთად უკვე მისი პიროვნების ფენომენიც საბოლოოდ გამოიკვეთა. როგორც თავად ჯოისი ამბობდა, მან თავიდანვე მიზნად დაისახა, თავისი ქვეყნის „ზნეობრივი ისტორია“ დაეწერა და მსოფლიოსთვის ეჩვენებინა დუბლინი: „დამბლადაცემული“. მაგრამ საგანგებოდ ანტი-ჯოისურად უნდა იყო განწყობილი, რომ ამ პარაბოლაში ირლანდიელი პატრიოტის გულისტკივილი ვერ ამოიკითხო. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ის არასდროს არ იხევს უკან:

„მაშ უნდა იყოს მოძრაობა , შესაძლებლის, როგორც შესაძლებლის ნამდვილობა“.

თვალები რომც დახუჭო, მაინც მიდიხარ, მიტოპავ , გადიხარ, მიუხედავად იმისა, რომ ამით სინამდვილე არ იცვლება.

შესაძლოა, მეოცე საუკუნის არც ერთ სხვა მწერალს არ მიუცია პოლემიკის იმდენი საბაბი, რამდენიც ჯოისმა თავისი „ულისეთი“. ამიტომ, ძალიან რთულია, მის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობის კონდენსირებული სახით წარმოდგენა კონკრეტული დებულების სახით.

ულისეს სამი ეპიზოდი სამ არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი ნაწილი მოიცავს სამ ეპიზოდს, მეორე-თორმეტს. მესამე კი-სამს. თითოეული თავი შესატყვისად სიმბოლურად იწყება მთავარ მოქმედ პირთა სახელების პირველი ასოებით: ს-სტივენი, მ -მოლი ბლუმი და პ – პოლდი.

და მაინც რას წარმოადგენს ეს წიგნი, რომელმაც ასეთი დავიდარაბა გამოიწვია? ეს არის ლეოპოლდ ბლუმის ერთდღიანი მოგზაურობა ადამიანის დაწვრილმანებული, დაფლეთილი სულიერი სამყაროს ქაოტურ გზებზე. სენდიმაუნტის სანაპიროზე ფიქრებში წასული სტივენის მსგავსად , ბლუმი თვიდაკვირვების თავისებურ ექსტაზშია ჩავარდნილი, რაც ოსტატურადაა თავმოყრილი ნარცისულ მოტივში. თუმცა, ეს „წვრილფეხა“ ბლუმი თანაარსებობს ადამიანურ სითბოსთან, ბუნდოვან სურვილთან – ახლოს იყოს სხვა ადამიანთან, იპოვოს სულიერი შვილი  (სტივენის სახით), უპატრონოს, მოუაროს, გაათბოს იგი და რაღაცნაირი ასპარეზი მოუძებნოს ღრმად ჩამარხულ ჰუმანიზმს. უფრო მეტიც, სტივენის სულიერი მარტოობის თანდათანი გამოაშკარავებით ჯოისი მას მარტოსულ, ყველასაგან განდგომილ ბლუმს უნათესავებს და ამდენად თავის ორივე გმირს თითქოს, საკუთარ ავტობიოგრაფიულ ფონს უნაწილებს:

 „მეც ასე ვიყავი , ეს დაშვებული მხრები , ეს მოუქნელობა. ჩემი ბავშვობა წახრილა ჩემს გვერდით მეტისმეტად შორსაა, ხელს ვერ შეავლებ ერთხელ მაინც, თუნდაც ოდნავ. ჩემს შორისაა, მისი კი ჩვენი თვალებივით საიდუმლოებით მოცული. საიდუმლოებანი, დადუმებულნი, გაქვავებულნი, ჩვენი საიდუმლოებანი: ტირანები, რომლებსაც სწადიათ, რომ ვინმემ დაამხოს ისინი“.

საინტერესოა მეცხრე ეპიზოდის ძირითადი თემა – კამათი შექსპირის შესახებ – რომელიც ერთი შეხედვით სრულიად ამოვარდნილია საერთო ტონალობიდან. მაგრამ სწორედ აქ ირკვევა სტივენის თეორიის ესთეტიკური საფუძველი, რომ „ ადამიანისათვის, რომელსაც ეს უცნაური რამ, გენიოსობა სჭირს , საკუთარი სახეა ყოველივეს საზომი,, მატერიალურისა თუ ზენობრივის“. ყველა ეპიზოდი  ერთი უზარმაზარი შინაგანი მონოლოგია, რომელიც გაშლილ პლანში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გმირის ინტიმურ-ბიოგრაფიული, თითქმის არაცნობიერ მეხსიერებაში განდევნილი და ტაბუდადებული მომენტების ჩვენების ოსტატური გზა. პირველ ეპიზოდში დახატულია გმირის გაუცხოვება ოჯახურ ურთიერთობებში, ხოლო მეორეში მისი სიცოცხლეს მოკლებული, მოდუნებული, არარეალური, მხოლოდ მიწერ-მოწერით გაბმული „სასიყვარულო კავშირი“. შემდეგ ეპიზოდში ნაჩვენებია ბლუმის სრული უთვისტომობა. უფრო სწორედ, დუბლინის მიერ მისი სრული იგნორირება. ბლუმს დუბლინს იქითა არ გააჩნია არსებობის ფორმა. ის ამ ქალაქის ნაწილია, ტიპიური მოქალაქე და ამავე დროს მას ანგარიშს არავინ არ უწევს , არავინ არ მიიჩნევს სრულფასოვან მოქალაქედ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება , რომ მისი სახელიც კი არავინ არ იცის ცოლის გარდა.

ყველა ეპიზოდში თავისებურად, გარკვეული კუთხით და სპეციფიკურ ასპექტში იჩენს თავს პრინციპული მიმართება ცხოვრებისეული და ხელოვნებისეული მოვლენებისადმი, ფაქტებისა და წარმოსახვითი სამყაროსადმი , მათი ურთიერთდამოკიდებულებისადმი. ის თითქოს საგანგებოდ ზრუნავს იმისთვის, რომ მის რომანში ასახული რეალური ცხოვრების სურათი ზედმიწევნით ზუსტი იყოს. ცნობილია, რა გულმოდგინებით შეისწავლიდა მწერალი დუბლინისა და გიბრალტარის რუკებს, როგორ საგანგებოდ აზუსტებდა თავისი პერსონაჟების მიერ განვლილ მანძილს, ქრონომეტრით ზომავდა კიბეების ჩასასვლელ დროს და ა.შ. სწორედ ამიტომ, არ უჭირს პერსონაჟთა სუბიექტური ემოციების და რეფლექსიების წარმოსახვითი, ერთი შეხედვით ირაციონალურ უსასრულობაში განფენილი მხატვრული ტილო ადამიანის კონკრეტული ფიზიკური არსებობის გამომხატველი  სახეებით დაასახლოს:

„რატომ უსასრულო არაა უშორეს ვარსკვლავამდე? ამ სინათლის იქით ბნელში არიან, ბნელი იგი ნათელსა შინა, კასიოპეას დელტა. სამყაროები. ეს მე ვზივარ აქ ავგურის იფნის კვერთხით, ნათხოვარი ქალამნებით, დღისით მკვდრისფერ ზღვასთან, შეუმჩნეველი, იისფერ ღამეში იდუმალ ვარსკვლავეთის ქვეშ მოხეტიალე“.

მხატვრული კომენტარების ორგანული ნაწილებით, რომელთაც მწერალი ურთავს თავისი გმირების ნაფიქრალსა და განცდილს, ერთი შეხედვით , გაფანტულ და შემთხვევით ასოციაციებს, ნაწარმოების ძირითად სათქმელს უკავშირებს და უქვემდებარებს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ალუზიების და ენიგმების შენარჩუნებას თარგმანში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, როცა ბლუმი იხსენებს – „ენერგიული შესავალი აკორდები შეწყდა  ქინძისთავის დაცემას გაიგონებდა კაცი“ – ჯოისი ამით ხაზს უსვამს ბლუმის საგანგებო ყურადღებას ყველაფრისადმი , რაც ცოლს შეეხება.

სწორედ ამით აიხსნება ალბათ ის ფაქტი, რომ ჯეიმს ჯოისის „ულისეს“  რამდენიმე თავის ნიკო ყაისაშვილისეული თარგმანი ქართულად , პირველად , საკმაოდ გვიან – 1983 წელს გამოიცა, ხოლო მისი სრული ვერსია 2012 წელს  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“  გამოსცა.

შეიძლება ითქვას, რომ ჯოისის სიტყვები იმ მძიმე ქვიშას ჰგავს, რომელიც მოქცევამ და ქარმა გამორიყა ირლანდიის ნაპირებთან…

Advertisements

4 responses to “ულისე. ჯოისი.

  1. როგორი ანალიტიკური რევიუა – ემჩნევა მკითხველის ნაფიქრი და წაკითხულის დეტალური გააზრება. მომეწონა ძალიან. ინტერესით ჩავიკითხე ბოლომდე.
    მესამე კვირის გამარჯვებულის ტიტულსაც გილოცავ 🙂

    • ძალიან დიდი მადლობა….^_^
      ვეცადე ყოველ შემთხვევაში, იმის ფონზე რომ ამას როცა ვწერდი ყველა სახის მომაკვდინებელი ვირუსი ერთად მიტევდა ))).
      ისეთ რთულ ნაწარმოებზე , როგორიც ულისეა, თვით კომპეტენტურ ადამიანებსაც უჭირთ საუბარი, ამიტომ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც მართლა იმსახურებს ულისე….

      • კომპეტენტური და პროფესიონალთა ტერმინოლოგიით გადატვირთული შეფასებებიც წავიკითხე… გულწრფელად გეუბნები, ეს რევიუ მოყვარულის შეფასებაზე ბევრად მეტია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s